სანამ მუცელი დაეტყობოდა, სასაცილო ორსულობა იცოდა ჩემმა რძალმა, ბავშვი რომ მუცლიდან ურტყამდა, ეღიტინებოდა და იცინოდა. გამვლელები უყურებენ, როგორ იდგა ამხელა ქალი თავისთვის, ქუჩაში მარტო და კისკისებდა. ბავშვიც სულ სიცილში დაიბადა. აი, შვილს რატომ უნდა დავხვდე ჭინთვასა და ჭმუნვაშიო და საკეისროთი იმშობიარა ღიღინსა და კისკისში. სილაღე იყო პირველი რაც ნიკოლამ სამყაროში შემოსვლისას მოისმინა. იმის მერე ხშირად იღვიძებს ბედნიერი.
ერთ დილასაც ნიკოლას ვეკითხები, როგორ გეძინა მეთქი, რაზეც არ დაიბნა, გვერდულად გადაიწია, ხელები მწყობრად დაიწყო ლოყაზე და მიპასუხა: “აი, ასე”. ტრადიციულ “კარგად” ან “ცუდად” პასუხებს შეჩვეული გოგო ვარ, ამიტომ მისმა ბავშვურმა საქციელმა გამიტაცა. ისეთი პატარაა, ჯერ იარლიყებისგან შეურყვნელია. მინდება ზედსართავი სახელების სტერეოტიპები მოვარიდო მისი გულწრფელობა რომ არ დავსვარო. ისეთი პატარაა, პირველად საზამთრო რომ დაინახა, ხმამაღლა გაიკვირვა: “ალუჩა! დიდი ალუჩა!” ისეთი პატარაა, ჯერ ტყუილის თქმა არ იცის.
ნიკოლამ პირველად ჩემთან მოიტყუა. როცა დაზიანებულ ხელზე ვაკოცეთ, დაუზიანებელი მკლავიც მოგვიშვირა, აქაც მტკივაო. დავაკვირდი და პირველად სხვა ბავშვებიც სიყვარულის მისაღებად იტყუებიან. ტყუილი ანუ რეალობაში ფანტაზიის ნებაყოფლობითი მოხმობა ცნობიერების სამყაროში შებიჯების საბაზისო სიმპტომია. როდესაც ბავშვს შეუძლია სიზმარი მოყვეს, როგორც წარმოსახვა, აქედან მისი ცნობიერების დასაწყისია. ირონიულია, რომ ხასიათის გამოვლინების პირველი ტრიუკი ზრდასრულებისთვის ცოდვიანი თვისებაა. ირონიულია, რომ ჩვენი პირველი ტყუილები სიყვარულის მისაღებად ითქვა. ირონიულია, რომ ხასიათს ეს სიყვარულის ინსტინქტები გვიქმნის. მენიშნა.
მენიშნა ისიც, თუ რატომ ვჭამთ ადამიანები წარუმატებლობისა და სტრესის დროს. მაგალითად, ნიკოლას სადილობისას ხშირად უმეორებენ, რომ უნდა ჭამოს თუ უნდა ძლიერი გაიზარდოს, ექიმი არ დასჭირდეს, მეზობელს გოლი გაუტანოს, მამამისს ხელი გადაუწიოს. და როდესაც დიდი ბიჭი იქნება, ვაკანსიაზე რეზიუმეს გააგზავნის, ბავშვობაში ჩაბეჭდილი აპლიკაცია ამოუტივტივდება როგორც გაძლიერების უნივერსალურ ხრიკი.
კიდევ რა შემიძლია ნიკოლაზე თვალთვალიდან გიამბოთ… (ხმამაღალი) მუსიკის ეშინოდა. მგონი ეს აჭარანეთის დამსახურებაა, დეჰუმანურად ხმამაღალია მათი რეკლამები პრელუდიაში. მთელი წელია გასართობ ცენტრებში ვერ წავიყვანეთ ბავშვი, ჩარჩენილი აქვს უეცრად ამოვარდნილი ხმაღალი ხმა. როდესაც ბავშვი მარტო სახლში ჩამაბარეს, მოდი მეთქი, ნიკოლა, ვიცეკვოთ. ჯერ უმუსიკოდ დავიწყეთ ცეკვა. მერე მინიმალური საუნდი ჩავრთე მისი თამაშიდან. და როდესაც ხმის აწევის ღილაკს ვაჭერდი დინამიკზე, თან რამე აკრძალულს ვაკეთებდით. მაგალითად, ცეკვის დროს თან ჭერისკენ ვისროდით ჩვენს წინდებს ან ვხოხავდით იატაკზე. იმ დღიდან ნიკოლას ხმამაღალი მუსიკა შეუყვარდა. მე კიდევ ახალ გამოწვევაზე ვფიქრობ: ნეტა, შიშის დასართგუნად აკრძალულის მიღების ხიბლი ზრდასრულებშიც უმწიკვლოდ მოქმედებს?
ნიკოლა ახალი თაობაა, თაობა, რომელიც თანდათანობით იშორებს ინსტინქტებს და მეტად დასწავლული ხდება. ბავშვებთან კონტაქტი კი მასწავლის ჩემი ადამიანური თვისებების დინამიკას ისტორიულ პლანში. ხოლო ის, ვინც ამბობს, რომ ბავშვები არ უყვარს, მგონია, რომ საკუთარი წარსულის ეშინია. რძალი კი გამომიტყდა, რომ შინაგანი ღუტუნები მოენატრა.