სოფლის ბირჟა ტყემლებში

მეზობლის ქალი შემოვიდა ბაბოჩემთან ნემსის გასაკეთებლად. ისე დაცხა, ლოგინში ულიფოდ მძინავსო. ბაბოჩემმა შალის კაბის ქვეშიდან რეიტუზი ჩაუწია და გაიკვირვა: მერე ქმარმა რომ ხელი გადმოგიყოს, არ გრცხვენიაო. “ნეტაი შენა,”- უპასუხა. ამ ქალს მალე ძუძუს კიბო დაემართა და მოკვდა. “ბავშვობაში გიყვარდაო ვინმე?” – ადრე ტყემლის ხის ქვეშ ჰკითხა პაპაჩემმა. შენ მიყვარდი და ვერ გიტყდებოდიო.
მე ნამზეურ ლოგინში შევიფუთებოდი და ჭერიდან წრუწუნების ფხაკუნი მესმოდა. კედელი სიძველისგან საკუთარ თავს სჭამდა. ბიძაშვიილი გადმომიცოცდებოდა და თავის დადებით მაწუხებდა. სულ ომი გვქონდა ამაზე. “ბა, გახსოვს ბავშვობაში რომ ვერავისთან ვიძინებდი?” “იმიტომაც დარჩი ასე”.
მე და ბიძაშვილს დილაობით ხევიდან მოგვქონდა კოკებით წყალი. ხევი ახლად ნამშობიარევი ქალის საშოსავით გაპობილიყო და მარცხენა სანაპიროზე ომში დაღუპულთა მემორიალი იდგა. პაპაჩემი წითელი ტყემლების ძირში მოიპარებოდა და ჩუმად გვითვალთვალებდა, ეშინოდა, ხევიდან ბიჭებს არ ჩამოევლოთ და თვალი არ დაედგათ ჩვენთვის. მაგრამ ბიჭებს არ ჩამოუვლიათ.
პაპაჩვენის თაობა სამამულო ომში იბრძოდა, მამაჩემის თაობა აფხაზეთმა და სამაჩაბლომ მოინელა. ავღანეთში იბრძვიან ჩვენი სოფლის ბიჭები. სულ სამი ბიჭი იყო და სამივე. ეს ჩვენ გავწვრთენით წრეში ბურთის თამაშში. თქვენ ბოლო ბირჟა გქონდათ, იმის მერე ახალგაზრდობა აღარ არისო, – ბაბოჩემმა.
თუ ხევი არაა ადიდებული, ტყემლების ძირში ჰამაკი კიდია და უნაყოფო ფერდობებს უყურებს. ამ უნაყოფო ფერდობებზე ერთადერთი ხეა, ბუჩქისოდენა და უფოთლო. გამოიცანით რა დაარქვეს? დიახ, ნატვრის ხე. გასათხოვრები ბეჭდებსა და ფატებს კიდებენ, უნაყოფოები საწოვრებს აბამენ ფოთლებივით. სოფელში, სადაც წყალი არ არის, გზა არ არის, მოსავალი არ არის, მაინც სიყვარულს ნატრობენ.
ადრე ერთმა ქალმა მითხრა, ქალები, რომლებიც ლექსებს სიყვარულზე წერენ, სინამდვილეში ომზე ეჭვიანობენო. სიყვარული პოეზიაში ეს ომია ლაითმოტივად. ამ მეზობელი ქალის პანაშვიდზე ხევი ადიდდა და ხიდი წაიღო. ომიდან თუ დაბრუნდებიან, უხიდოდ მოუწევთ ხევის გადმოლახვა.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s