“ყველა ცარიელი ბოთლი სავსეა მოგონებებით”.
ფოტო აღებულია ღვინის სახლიდან.
მე დაშორება მიყვარს, როგორც ურთიერთობის იდენტიფიკატორი და პარტნიორის გასაზღვრის საშუალება. რადგან თუ ამ პარტნიორთან ცხოვრებას ვაპირებ, ნეგატივის კულმინაციის მომენტი უნდა გავიაროთ ერთმანეთის ამ კუთხით გაცნობით. პირადად მე ყველაზე დიდ შეცდომებს ამ მომენტში ვუშვებ და ვიღებ. ამიტომ მაინტერესებს სად მიდის სიყვარული დაშორების მერე, რამდენად ხარისხიანია დაშორებისას სიმწარე, კომპლექსები მოგვარებადი, ურთიერთობაში დაბანდებული ენერგია ადეკვატური. კიდევ სიყვარული პატარა საწოლზე დატევით უნდა გამოსცადო, რადგან ამ დროს მთელი არაცნობიერი პრობლემები იგრძნობა. ჯერ შენმა წრიალმა და კოშმარებმა უნდა შეგაწუხოს და ახლა სხვისი წრიალი და კოშმარები უნდა აიტანო. რაღაც ჰორორ ფილმის იდეა მაქვს, რამდენად მზად ხარ ამ ადამიანს ინსომნიაში შეეწყო?
ბამბუკის ტყეში არის ხის სახლი, წვიმისას სველი ხის სუნი რომ ასდის. შიგნით ერთი წყვილი ცხოვრობს, ვინც მიატოვა თბილისი. ფერმერები გახდნენ, ბავშვი ჩასახეს და სამი წლის მანძილზე არც კი უკამათიათ. ერთ უქმეებზე სხვა წყვილებს გაგვიმასპინძლდნენ. ორი გოგონა იყო ურთიერთობის საწყის ეტაპზე, არცერთი აღიარებდა დაქრაშულობას და თბილისში ორივეს კაცები ელოდებოდათ. მე ყოფილ კაცთან ერთად ვიყავი, განვითარების სხვადასხვა საფეხურზე რომ ვართ, – ის ექსტრავერტული პაემნებით არის დაკავებული, მე კიდევ მის მერე პაემანი სიზმარშიც არ მქონია. ასე შევიკარით სამი აბსოლუტურად განსხვავებულ ეტაპზე მდგარი წყვილები უკომფორტო სახლში.
წასვლამდე ერთმა ჭკვიანმა მეგობარმა მირჩია: “ბიჭისთვის თავის მოწონება თუ გინდა უნდა წაიქცე რომ დაგიჭიროს”. ვუპასუხე: “ერთ სახლში რომ ვიცხოვრებთ ეგ არაა საკმარისი?” მერე განვიხილეთ რომ ურთიერთობაში არსებული კომპრომისი ბასიანზე გადის, ვერაფრით ეგუება იმ აზრს, რომ ერთხელაც შეიძლება შეყვარებულს იქ გაყვეს. ბევრი ვისმინე თუ ცოტა ვისმინე ჯერ იყო და წყვილებმა მატარებელზე დავაგვიანეთ, ავტოსტოპში შეჯიბრებისას ბე პუნქტში ბოლო მივედი და ჩემს მეწყვილეს მასპინძლების კატები ეარშიყებოდნენ. ესეც ნებდნებოდა მათ და კბენის უფლებას აძლევდა. არ მიყვარს კატები. მათთან კონკურენციას ვგრძნობ. თუმცა პატივს ვცემ ინტერნეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ერთ საწოლში ვიწექით მე, ის და კატა. და არა მხოლოდ კაცთან, კატასთან შეწყობაც მიწევდა. უძილობის მერე ციხისძირთან ტოლკინის სამყაროში მოვხვდით, საიდანაც ბებერ ხეებს ფეხები აედგათ. კლდოვან მდინარეებთან ბანანიანი ღვინო გავსინჯეთ ბუხართან შეყუჟულებმა. ორივე წყვილი ჩემზე ბედნიერი იყო, პლუს ჩემი ყოფილი – კატასთან.
მე დაშორება მიყვარს, რადგან ძალიან რთულია მასთან ურთიერთობა ვინც თავს შენზე მეტად გრძნობს. ადამიანები ხომ მაშინ შორდებიან ერთმანეთს, როცა ფიქრობენ რომ მეტს იმსახურებენ. ვუყურებდი იმ ფილმებს, რაც მას მოსწონდა, ვიყენებდი მის ფავორიტ ოპერატიულ სისტემას თავის მოსაწონებლად. მჩვევია პიროვნების ნაცვლად პიროვნების ინტერესების სიყვარული. დაშორების თვეების განმავლობაში რაღაც ღუზად მექცა, ჩემში რომანტიკა რომ გააჩერა. ვერ ვიტყვი რომ სიყვარულის გამო, უფრო იდეალური დაშორების ძიებაში. ჩვეულებრივი მწერლის კომპლექსი, ვისაც თავისი რომანისთვის საინტერესო დასასრული უნდა, არა და მხოლოდ დასაწყისში მოხდა კულმინაცია. და იცით ჩემი რომანი როგორ დასრულდა? წავიქეცი. ოღონდ არასპეციალურად. ამჯერად კოჭლი ვარ, გადაქლეტილი მუხლებით და ხელისგულებით, სახეზე შრამები მადევს, ისე მრცხვენია ყოფილ კაცს ხელსაც ვერ ვკიდებ, ალბათ აღარასდროს მოვეწონები და ჩემს ჭკვიან მეგობარს მივმართავ: ანუკი, თუ შენ ამ პოსტს კითხულობ, ბასიანზე მუშაობას გისურვებ.
წავიკითხე.ბასიანზე მუშაობა ზედმეტი დასჯაა, შენსავით კარგი კოორდინაციის დარღვევებში მეორე არ ვიცი. კოსმოსმა უკვე მიპასუხა. გამოუპრანჭავმა ვნახე ბიჭი, რომელიც მე უფრო მომწონს, ვიდრე მას მოვწონვარ. დღეს ალბათ გათანაბრების უკანასკნელი შანსი დავკარგე.
უფ, შენ ერთი ნახე გამოუპრანჭავად. მე კიდევ ამ სახით ცხოვრება მომიწევს. დარწმუნებული ხარ რომ ბასიანზე მუშაობა ზედმეტი დასჯაა?
იმდენ სოციოლოგიურ ჟარგონებს იყენებ საუბარში, ლეიბლს და პერკუსიულობასაც დაიმახსოვრებ.
სოციოლოგიური ჟარგონები სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ აღწეროს საზოგადოება, სოციუმი, ადამიანები, მათ შორის ინტერაქციის ფორმები. მუსიკა იმისთვის შეიქმნა, რომ ადამიანებს უსიტყვოდ გაეგოთ სხვისი ამბავი, ნარატივის გაზიარება მომხდარიყო ემოციების გამოწვევით. ჰოდა არ ვიცი ბასიანზე ვინ უკრავს ისეთი საშინელი, რომ თუ ხალხს მისი სტილის პერკუსიულობას, წარქმნილი ტალღის სიგრძეს და ციფრული ბგერების ათრთოლების ხარისხს არ აუხსნიან ივენთის აღწერაში,მაშინ ვერავინ ისიამოვნებს და ვერაფერს გაიგებს.
აქამდე, უშრამოდ ხო რას ამბობ, ოთხჯერ გათხოვდი 😄😄😄
ანონსისთვისაა საჭირო. ვინმეს თუ ურბანული საუნდი აინტერესებს, შემთხვევით ატმოსფერულში არ მოხვდეს. ბასიანი შედარებით ნაკლებად სნობურია ხიდზეზე.