მიწის ბოყინი გობუსტანში და დაცემენტებული ყვავილების ამბავი

6756756

ბაქოს სამხრეთ-დასავლეთით, კასპიის ზღვის ზოლზე მდებარეობს გობუსტანი, ერთ დროს ნაყოფიერი, ამჟამად წყლის ვულკანებით სავსე ადგილი, ხრიოკი გზიდან რამდენიმე ჰექტარზე გადაჭიმული ნაპრალებით. აქაურ რომანტიკოსებს სჯერათ, რომ ვიკინგებთან აზერების ნათესაობა გობუსტანში ამოტვიფრული რუნებით მტკიცდება. აქაური მიწის ბოყინი ნახევარი საუკუნის ხელაა. ხეები დედამიწის ღებინებამ შთანთქა. მინერალები კუჭის წვენებივით ამოიღო და ბალახი გაახმო. საინტერესოა გადმობრუნებული მიწა, როგორც აქლეტილი კანი სხეულზე. თითქოს გეუბნება რომ ექსტრავერტია.

როცა სამუშაო საათების მერე სამსახურში დარჩენა დავიწყე, მივხვდი, რომ ძალიან მოსაწყენი გოგო ვარ. ამიტომ ბარგი ჩავალაგე და გობუსტანში წავედი. თუ მინდა დავივიწყო, უნდა გავიხსენო. თუ მარტოობის მეშინია, მარტო უნდა დავრჩე მეთქი უცხო მხარეში. როცა სადმე მივდივარ, თანმდევს აზრი, რომ გასაღები ან საფულე დამრჩა. ამჯერად კი პირიქით მოხდა. მატარებელში ჩაჯდომისას გამახსენდა, რომ შემთხვევით გავიყოლე ნივთი სამსახურიდან, სექსოლოგიური დისფუნქციის კლინიკიდან, რომელიც საქართველოში ლეგალურია და აზერისთვის – კონტრაბანდული. ისეთი არაფერი, რაღაც სახეობის პერსინგ(ებ)ზე ვამბობ. შემეშინდა, რომ საზღვარზე დამიჭერდნენ, დამარეპორტებდნენ, სექსუალურ თემატიკას ძალიან რთულად აღიქვამენ მუსლიმები. თუმცა შავ ბაზარზე მონოპოლისტები არიან ამ სფეროში, სწორედ ეგენი აკონტროლებენ კანონს და საზღვრებს კონკურენციის შიშით. ვიცი ეს, მეორე წელია ამ თემაზე ვმუშაობ. შემოვიდა ქალი, რომელმაც უნდა გამიჩხრიკოს სხეული, ტანსაცმელი, ოთახი და ჩანთა. მეთქი, აი, დამერხა. რამე საეჭვო ხომ არ გაქვსო? არა მეთქი და წავიდა. რა?

მეგობრის სიტყვები გამახსენდა, აეროპორტში დაიწყო მუშაობა ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილებაში, ფრონტ ხაზზე. მეთქი რა სტრატეგიით იგებთ ტერორისტულ მისიას? ვეკითხებით ამაზეო. რა? ცოტა ხანში კუპეში შემომისახლეს ერთი აზერი ბიჭი, – ნახე, ვერავინ შეამჩნევსო, – სამკაულებიანი ჯიბეები გადმოიბრუნა. ოქროს შემფასებელი ყოფილა, ოქრო-ბრილიანტებით სავსე ჯიბეებით გაუბაჟებლად დაიარება თურმე. თურმე ეგ ამარაგებდა ბავშვთა სამყაროს. მთელი გზა მიყვებოდა ბავშვთა სამყაროს ისტორიას აზერების მხრიდან. საზღვარი შეუმოწმებლად გადავლახეთ. ცოტათი მეწყინა. იმ დღეს ვაგზალის სავაჭრო ცენტრის გახსნას იზეიმებდნენ.

რა ლამაზია ბაქომდე მისასვლელი გზა მატარებლით. დათოვლილი სალი კლდეების აქეთ ტბა არის ნისლიანი. მატარებელი მიდის და ნისლს არღვევს. გარღვეულ ნისლში მოჩანს აისი. კანტი-კუნტად განლაგებულ სახლებში ვიჭყიტები. ხელს, ძირითადად, ბავშვები მიქნევენ. თბილისიდან ბაქომდე მისასვლელ გზაზე ცვლილებებს ამჩნევ. ჯერ თუ გლეხს შეშა აქვს ზურგზე მოკიდებული, მერე კალისტრებიანი გლეხები გხვდებიან. შედის თუ არა მატარებელი ბაქოში ნისლს ცათამბრჯენები დაჰყურებს. მოდი, ამწეკრანების ქალაქს დავარქმევ. ყოველ კორპუსს თითო ამწეკრანი რომ აქვს, მეზობელგამოშვებით კი რემონტი მიმდინარეობს, ვულკანებისგან გადარჩენილი ყვავილები რომ დააცემენტონ. მატარებლიდან ჩამოსვლის მერე საეჭვო ტიპები ფულის დასტებით მოდიან შენკენ და ბანკთან შედარებით სახარბიელო კურსით გთხოვენ გადაცვალო ვალუტა. თუ დაუკვირვებლობა შეგატყვეს, იტყუებიან აღებული კუპიურების რაოდენობას. ბანკების 99% პრეზიდენტს ეკუთვნის. ამის მიუხედავად, მთავრობა სახელმწიფოსთვის არანაირ აღმშენობლობით საქმიანობაში არაა ჩართული.  მთელი ეს რეკონსტრუქცია კერძო ბიზნესმენების დამსახურებაა. ამიტომ უყვართ სააკაშვილი ალიევთან შედარებით, მარტო ეს პრეზიდენტი გყოლიათ, ვიზეც იტყვით, რომ რამე აგიშენათო.

ბაქოსთან ახლოს გობუსტანამდე სანამ მიხვალ, მდიდრების დასახლებაა უნდა გაიარო. მე არ ვიცი რა ხდება შიგნით აწოწილი კედლების გამო, წყალი ღარიბი აზერის თვალმაც რომ არ დალიოს. გაბადახი ქარხნების ქალაქიცაა. გემთმშენებლობის, აქ ტიტანიკისნაირ ვეებერთელა გემებს ვაშენებთო. ნავთობის გადამუშავების, აქედან ჩამოაქვთ თბილისში და თბილისიდან სტამბულშიო. ცემენტის ქარხანა, აქედან მარაგდება კავკასიაო, მხოლოდ ქიმიური ქარხანა არ გვაქვსო. სასადილოს პირდაპირ ნავთობის სასწავლებელია, სოკარი კურირებსო. პირველად ვნახე პრესტიჟული ადგილი შავ სამუშაოსთან. აი, ახლა რუსთავის ქარხანასთან ან ჭიათურის მარგანეცებთან რომ აიშენონ ოლიგარქებმა კერები. მესმის, სამსახურთან ახლოს იქნებიან, მაგრამ ჯანმრთელობა? ჯანდაცვა კიდევ სხვა თემაა. წავიქეცი და ხელი ოდნავ ამექლიტა. აფთიაქს მივმართე, პირველადი დახმარებისთვის რამე მომეცით მეთქი, წყალბადი ვიგულისხმე და ტკივილგამაყუჩებელი გამომიწერეს.

სასადილოზე გამახსენდა, ტოლმას აქ გუფთას ეძახიან. არავითარი კომბოსტო და ვაზი. იღებენ ცხვრის ფარშს და ერთ ცალ მოხარშულ კარტოფილს მწვანილიან წვენში. აქ ცხვრებს ცხენებივით კუდები აქვთ. აქ ჰინჯალს ხაჭაპურივით ხინკალს ეძახიან. აქ ქაბაბზე ერთი ყარაბახი აქვთ სომხებთან. აქ თეთრი ბროწეული მოდის და ვაშლისოდენა ალუჩა. აქაურები შავ ხიზილალას ვერ ნახულობენ, რადგან ბიზნესმენები ეგრევე ექსპორტზე უშვებენ. აქაურები შავ ხიზილალას საქართველოდან ყიდულობენ, რადგან ჩვენთან უფრო იაფია. რა? აქ ჩაიხანაში შესვლისას არავინ გეკითხება როგორი ჩაი გინდა, ყველას წითელში გადასული შავი უნდა. აქ ბევრ სიგარეტს ეწევიან, მაგრამ ჩაის უფრო მეტს სვამენ. აი, მძღოლები აჩერებენ მანქანებს სალოცავი რიტუალივით იმისთვის, რომ ჩაი დალიონ. ან იღვიძებენ იმისთვის, რომ ჩაი დალიონ და ისე შეიბრუნონ ძილი. მეც ყოველ ჯერზე ვთანხმდები შემოთავაზებულ ჩაის. რადგან ტრადიციების დაყოლით მგონია, რომ უფრო ვიგებ ამ მხარეს. გამოვიგონე ცრუ ბიოგრაფია ჩემთვის, ინდივიდი უნდა დავკარგო. დავინახე ქუჩაში როგორ ჩხუბობდნენ ბიჭები. უცხო საუბარში ერთმა ახსენა “ცაი” ანუ ჩაი და დაიშალნენ. ჩაი დალიეს და ჩხუბი განაგრძეს.

მანერული ვარ. ოჰ, ეს საზოგადოებაში არსებული წესები. ვითმენდი, რომ მატარებლის თანამეოთახეს ნაცნობი გამყოლები აღმოაჩნდა, რომლებიც ჩვენს ოთახში შემოვიდნენ და ჩემგან ზურგმოქცევით ხმამაღლა საუბრობენ უცხო ენაზე, ისე, რომ არ აინტერესებთ თუ ვიძინებ. ვითმენ, რომ ტურისტს ძალიან ბევრ შინაურ კითხვას მისვამენ უტაქტოდ. ვითმენ, რომ ქალები და კაცები ხელების მიუფარებლად მახველებენ, მაცემინებენ. ჩემდა გასაკვირად ისიც მოვითმინე, ჩემი დატოვებული წვნიანი უცხო კაცმა რომ შეჭამა, რადგან თავისი ულუფის ქვაბში ჩაბრუნება ეთხოვა პატარა მიმტანისთვის. ფულის დაზოგვის მიზნით, პლუს ჩემთვის თითქოს კარგი შთაბეჭდილების დასატოვებლად. პატარა მიმტანმა შეხედა ჩაკბეჭილი გუფთის ბურთულას და მიუგო: “უპრობლემოდ”. მორალი: შევხედე რა მიმტანის კარიესიან კბილებს, ვიფიქრე, “კეთილი ბიჭია”, ან “ბაქოში საკუთარი საკვებით იარეთ”.

896785674

როგორც ტურისტების მეინსტრიმმა, გობუსტანი მუზეუმის დათვალიერებით დავიწყე. ვულკანების ადგილმდებარეობების 3დე რუკა შევისწავლე და გაცოცხლებული პეტროგლიფების ისტორიას ვუყურე. ვნახე პოსტაზერთა საცხოვრისები კლდეებში, მათი მოყოლილი მეზოლითური ხანის დროინდელი ამბები რუნებით, ძროხამ რომ ვირის შვილი შეიფარა გასაზრდელად ან კასპიის ზღვაზე მფრინავი თეფშური ხომალდები რომ ააშენეს. ვნახე როგორ თევზაობდნენ და ნადირობდნენ აშელური ტიპები, გამოშიგნული ქვები მუსიკალური დასარტყამი ინსტრუმენტისთვის, დახაზული ხორუმული ცეკვების ინსტრუქციები ცეცხლის ირგვლივ თუ ცეცხლზე. ვნახე გორასამარხები. თურმე ზოროასტრიზმის პერიოდში აქ ანარქისტები ცხოვრობდნენ, მერე სუნიტური შირვანშაჰების მმართველობას შიიტები ემალებოდნენ. შემორჩენილია არაბული და ლათინური წარწერებიც. ზოგადად, აზერეთში აღმოჩენილია პირველი ევრაზიელის ნაშთები. ვნახე უძველესი ლოდები, საკუთარ თავებს რომ ჭამენ სიძველისგან. უტრანსპორტოდ გავიარე სწორი ზედაპირის ვულკანები, რამდენიმე კილომეტრზე გაჭიმულები. უცნაური შეგრძნება იყო, მიწა ფეხქვეშ რომ მითრთოდა. თავი კომპიუტერულ თამაშებში მეგონა, ჩემს პერსონაჟებს მიწა ეცვითება და უნდა მეხტუნა. მერე ავცოცდი 5 მეტრიან ვულკანზე და რევმატიზმის საწინააღმდეგო ტალახი შევაგროვე. მაგრამ ხელები ისე გამეყინა უხეო ველზე, რევმატიზმი დამემართა. არ ვიდარდე, წამალი მქონდა.

ბაქოში დაღლილი დავბრუნდი, ამიტომ ფეხით მხოლოდ ნახევარი ბულვარი გავიარე, გემების ქარხნიდან ძველ ქალაქამდე. მერე ავტობუსი და ავტოსტოპი გამოვიყენე. სამართალდამცავებს ვთხოვე და აკრძალულ სანაპიროზე შევაშვებინე თავი. გოგოებს უარს ვერ ეუბნებიან, მითუმეტეს, უცხოელებს. ბულვარში საკანალიზაციო ჭები არც ერთი ვარგოდა. რამდენსაც ფეხი დავაბიჯე (ძველი ჩვევა), იმდენი შეირყა. გამიკვირდა ცათამბრჯენების ქალაქში კანალიზაციის მოუწესრიგებლობა. პლუს თავი მარიოს პერსონაჟი მეგონა. აქ ზებრა გადასასვლელები არ აქვთ. ვინმეს თუ კითხავ, ეს ავტობუსი ამა და ამ ადგილზე თუ გაივლის, კილომეტრის მოშორებით რომც გაიაროს, მაინც გთანხმდებიან. ნავთობმა მდინარეები წალეკა. ბალახებს ცემენტი გადაეკრა. ბულვარზე ნორმალურად გამწვანებულ პარკს ვერ ნახავ. ბავშვები ტალახზე ცეცხლის დანთებით ერთობიან. აქ დანთებული ცეცხლი არ ქრება. ბუნებრივია მათი ცეცხლთაყვანისცემა. ცეცხლო, ცეცხლო, ცოდვები დამიწვი. ცეცხლო, ცეცხლო, ვნება მომეცი.

მატარებელს მივასწარი და სანამ დაიძვრებოდა, იქამდე ჩამეძინა. თანამგზავრი შემოვიდა კუპეში, აზერი ყმაწვილი, სტუდენტი თბილისში ბაქოდან. მისმა ფხაკუნმა გამაღვიძა. ბაქოს კორუფციის გამო გამოექცა და ახლა იქ სასამართლოს გამო დაბრუნდა. საუკეთესო მეგობრის მკვლელობას აბრალებენ. იმიტომ, რომ საქართველოში “გაირყვნა”, წაიბილწა ქრისტიანეთში, – ბრალმდებელის სიტყვებით. კიდევ იმიტომ, რომ ელექტროშოკი ჩაიტანა ბაქოში, ჩვენგან განსხვავებით, აზერში რომ აკრძალულია. კიდევ იმიტომ, რომ მეგობარი ბოლოს მან ნახა. ჰმმ, იქნებ მართლა მან მოკლა?! მე კიდევ ჩამოვუთვალე ჩემი სამსახურები, მორგიც ვახსენე და შეეშინდა. ჩემი შეეშინდა. რა რადიკალურია სექსოლოგია და კრემაციაო. ჩემოდნიდან საძილე აბები ამოიღო, ჩვენთან აკრძალული, აზერში ლეგალური ფსიქოტროპულებით, თან ირანში დამზადებული სასაცილო ნივთიერებებით, ირანელებს ისედაც უყვართ ნებისმიერ წამალში ნარკოტიკულის გარევა. გამახსენდა, რომ აქ ნებისმიერ პრობლემაზე გამაყუჩებელს გთავაზობენ. ჩემს მოწყობილებებზეც ვუამბე. ნუ გეშინია, ვერავინ შენიშნავსო. არ ვიცი რამდენად მომატყუა, მაგრამ მომიყვა როგორ უსაფრდებოდნენ აეროპორტებში ნარკოტიკების მედიატორებს. იმდენად ეშინიათ დეტექტორთან აღმოჩენილებს, პაკეტებს ეგრევე ძირს ყრიან და მერე მე, იმ გამქრალ მეგობართან ერთად ვფხიკავდითო.

და, აი, საზღვართან შემოვიდნენ მსუნაგი ძაღლები დაძრწოდნენ მატარებლის დერეფანში. ხოლო მარტოობა როცა მომაწვა, მოსაზღვრე ცუგას ველაპარაკე. აშკარად ნარკომანი ძაღლი არ იყო. მორალი: ჩვენ და აზერები ისეთი კარის მეზობლები ვართ, ერთმანეთზე ოჯახებში რომ ვჭორაობთ, მაგრამ კარებები გულუბრყვილოდ ღია გვაქვს. თბილისში რომ ჩამოვედი, სახლამდე მეგობართან შევიარე, ჩაის დაგალევინებო. ჩაიზე ამბავი გამახსენდა, კასპიის ზღვის ზოლზე რომ მდებარეობს გობუსტანი..

One response to “მიწის ბოყინი გობუსტანში და დაცემენტებული ყვავილების ამბავი

  1. გამოხმაურება: გადაყვარება | Merz AnnA Blume

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s