ცხოვრება ეს შუალედებში სახლის მოწყობაა, – ერთ ინტერვიუში განაცხადა 1991 ოკლენდის ცეცხლის შტორმში დაზარალებულმა უილ რაიტმა, რომელმაც დაზიანებული სახლის აღდგენას მრავალი წელი მოანდომა, ხოლო ცხოვრების შემდგომი პერიოდში სახლი გააპიქსელა და დეაგრესიულ თამაშს “სიმსს” დაუდო საფუძველი.
“სიმსის” თამაშისთვის მთავარია დროისა და სივრცის ადეკვატურად გადანაწილება, სწავლობ ნერგების მოვლას, კულინარიულ ხრიკებს, იკეთებ ასტრონომისა თუ მწერლის კარიერას, იძიებ სამეზობლოში ბელა გოთის იდუმალ გაუჩინარებას, შეიძლება ჩაერთო “უკან მომავალშის”, “დოქტორ ჰუს”, “სტარ ვორსის” თუ “ტრანსფორმერების” ენერგიულ ცხოვრებაში, თუ ასტრონომი ხარ, იმოგზაურო კოსმოსში, თუ მეოჯახე ხარ, შეგიძლია წინაპრების საიდუმლოები გაიცხადო, შეგიძლია გახდე კომედიანტი, აუდიტორია სიცილით მოკლა და თან გაზარდო. მაგრამ სახლი აუცილებლად უნდა გქონდეს მოვლილი, იხდიდე გადასახადებს, გადიოდე საპირფარეშოში.
თამაში განსაზღვრულია როგორც ურთიერთობა დიზაინერსა და მოთამაშეს შორის. დიზაინერი პეიზაჟში დებს პრობლემას, ხოლო მოთამაშე ავლენს მას და დიზაინერად გვევლინება. მოკლედ, თუ გეიმინგი ფარული სურვილების ასრულებაში გვეხმარება, “სიმსში” სახლიც გვაქვს და სამსახურიც. იგი აგრესიული სტრატეგიული თამაშებისგან განსხვავებით, სიმყუდროვის მარცვალს გვიზრდის. ჩემს სახლში ჯერ კიდევ ამოულაგებელი ყუთებია, შეფუთული ავეჯი, მაგრამ “სიმსის” ოთახი მოვლილი მაქვს, ლამაზი.