როგორ გავხდით რეინჯერები?!

3

გეოგრაფიულ რუკაზე ალბათ ყველას შეგვიმჩნევია მტირალას პარკისგან დაჩრდილული კინტრიშის ნაკრძალი, თუმცა ფიზიკურად ცოტას თუ მოგვინახულებია. მოლაშქრეს ან ზღვის სანაპირო ზოლი აინტერესებს ან მაღალმთიანი ხულოსებრი რეგიონები. მდინარე კინტრიშის ხეობაში გაშენებული სველი სოფლები ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მეტიც, ისტორიულად ქობულეთი ამ რეგიონში მდებარეობდა, ხოლო ამჟამინდელი ქობულეთი ჭირიანობით იყო მიტოვებული.

ადგილობრივების თქმით, გურიიდან ამ აჭარაში გადმოსასვლელი გზა უფრო მარტივია, ვიდრე აჭარიდან გურიაში გადასვლის მსურველებს ხვდებათ. ამ რეგიონში მოლაშქრეები, ძირითადად, რუკის არქონის გამო იკარგებიან/იღუპებიან, რადგან სათანადო გზამკვლევები არ იშოვნება, თუმცა თვითონ გზა არ უნდა იყოს რთულად სავალი. გურიის გზაზე ბონუსად ნახევრად ალპური ზონის ტბა შეგხვდებათ, წარმოიდგინეთ, ტბაზე ხართ და ზღვის სანაპირო ზოლს ათვალიერებთ ხედებად. ნაკრძალის ბაზაზე ბზის კორომსაც შეხვდებოდით აქამდე თუ მოილაშქრეთ, თუმცა ამჯერად ბზები დაიწვა. რჩება თამარის დაკიდული ხიდები და თამარის უთხოვარი ხეები. ყველა მეფის აღმშენებლობით მარაგს თამარს მივაწერთ და ყველა ბებერ ხეს მის შვილობილად ვაცხადებთ.

მაგრამ ყველაზე საინტერესო დროის ის აცდენაა, რომლითაც ამ სველი სოფლების მოსახლეობა ცხოვრობს. საათის გრინვიჩულ სისტემას საბჭოთა გადმონაშთად აღიქვამენ, რომლებმაც სასაათო სისტემა შრომაზე მოარგეს. სოფელში საათი არ არის, დროს ჯოხის ჩრდილით საზღვრავენ, რაც ორი საათის განსხვავებას გვაძლევს.

6

“მე დათო მქვია”, – გამოგვეცნაურა 25 კმ-ს ფეხით გავლის მერე პირველივე შემხვედრი მძღოლი, ვისაც ქალაქში დასაბრუნებლად სატვირთოში ჩავუსხედით. მემუარებში მომისხენიეთო და წაგიყვანთო. ბლოგზე დავწერ მეთქი სტატიას და ამიტომ მითხრა, მე დათო მქვიაო. 25კმ-ის მერე ეს მძღოლიც იმიტომ შეგვხვდა, რომ მდინარე კინტრიშზე მშენებლობა მიდის. ასე რომ მოურიდებლად შეგიძლიათ აქედანაც ჩახვიდეთ აქაურ აჭარაში კაკლისა და წაბლის საკრეფად, რომ დღეში ერთი მანქანის ფულად ჩააბაროთ.

აი, იმდენად მივიწყებული ადგილია, რომ ქობულეთიდანაც კი გიჭირთ ტრანსპორტის შოვნა და თუ მაინც ვერ გააგებინეთ მძღოლს კინტრიშის ნაკრძალზე, ჭახათის ნაკრძალად მოიხსენიეთ. ავტოსტოპს რაც შეეხება, გირჩევნიათ ქობულეთის სოფლებში ცერა თითი არ გაიშვიროთ და უბრალოდ ხელი ჩამოუკრათ, – აქაურ მძღოლებს უბრალოდ იმის შეგრძნება ექნებათ, რომ აქებ, კარგიაო, ეუბნები და გაჩერებას ვერ წარმოიდგენენ, დიდი-დიდი მათაც შეგაქონ.

ზოგადად, ავტოსტოპური გამოცდილება რეგიონების მიხედვით ფრიად საინტერესო სათხრობია: მხოლოდ გურიაში თუ გაგიჩერებს ორკაციანი მანქანა ოთხ ავტოსტოპერს. თუ ქუთაისში აჩერებთ, მძღოლები გეკითხებიან, თქვენც ის ფილმი ნახეთ უფასო მგზავრობაზეო. ქობულეთი-თბილისის გზაზე ისეთი პროგრამისტებიც შეიძლება შეგხვდნენ, არაელექტრონულ, სუფრულ მუსიკას რომ უსმენენ.

აი, ხაშური ცალკე აბზაცი უნდა იყოს. ამ გზაზე ავტოსტოპის იმედზე არ დადგეთ, თავმოყვარე მძღოლები სხვის გამო ხაშურში მანქანას არ შეაჩერებენ. ან თუ სიგარეტის მოწევა არ უნდა და ასანთი გაუთავდა. გამოგიყენებს, აგანთებინებს და ჭირის დღესავით გაგეცლება. ისეთი ცუდი დღე გვქონდა ხაშურში ნაზუქიც კი ვერ ვიშოვნეთ. მერე თამუნამ, არც ისე ცუდი ქალაქია ხაშური, ბორჯომის მთები ჩანსო, მაქსმა კი დიდი ხანი არ გაახარა, მასე ელიავაც კაი უბანია, მყინვარწვერი ჩანსო.

და თუ თბილისის გზაზე მძღოლი მაინცდამაინც შენი ყოფილი შეყვარებულის სახლთან დაგტოვებს, მადლობა გადაუხადე, რადგან შენი ბედი ყოფილა, ოღონდ არა ეს შენი ყოფილი ბიჭუნა, არამედ არმიწერის ნებისყოფის გამომუშავებაში გამოწვრთნა. ზოგადად, მძღოლებს მადლობა უნდა გადავუხადო, როგორც თამარი მასწავლის ხოლმე, მაგრამ სულ მავიწყდება. ერთხელ ისე დავძაბე გონება, მადლობა არ დამრჩეს მეთქი და გამომივიდა, მაგრამ, როგორც მითხრეს, გამარჯობის თქმა დამრჩა.

დისტრიბუციის ან ფოსტის მანქანით ავტოსტოპით მგზავრობა ჩემთვის არა, მაგრამ ბევრისთვის სახალისო იქნება, გზაში ნახევარ ქვეყანას გაეცნობა. ჩემთვის სახალისო იყო უფრო მიკრობუსის ტიპის მანქანით მგზავრობა, სადაც ტრადიციული დასაჯდომების ნაცვლად სახლის სკამები იყო ჩამწკრივებული. მაგრამ ყველაზე საინტერესო რეინჯერებთან მგზავრობა გახდა. ჩაუჯექით ხოლმე რეინჯერებს, თავებს გმირებად იგრძნობთ.

2

ჯერ ხომ ქობულეთის ბაზარში თუთუნის და ბოსტნეულის ყიდვაში სიმბარათი დავკარგე, თან სამსახურის, თან ვინც იპოვნა, სექსოლოგებთან ვმუშაობ და რამდენ კონფიდენციალურ ინფორმაციას ნახავდა, ამაზე ვდარდობ. თამარას ხომ ხაშური ურჩევნია ქობულეთს და უსასრულო გრძელ, სწორ და მზიან ქუჩებში დაღლილობისგან პანიკის შეტევა ჰქონდა. მაქსი კი ერთ ქობულეთურ ავტო სამრეცხაოს აკვირდებოდა, სექსუალურად ჩაცმული გოგონა რომ რეცხავდა, ეტყობა, სარეკლამოდ და კულისებში ჩანს, რომ ქობულეთელ ღიპიან მამრს არეცხინებენ.

თამარას მგონი მზის დარტყმა აქვს, მე წიკი მაქვს რომ ტელეფონი მირეკავს, იქაც კი, სადაც ტელეფონი არ იჭერს, მითუმეტეს, თუ სიმი ტელეფონში არ დევს. შეზოფრენიის ეს სიმპტომი გავრცელებული მდგომარეობაა და როგორც სუბიექტური დაკვირვებისგან მივხვდი, 3 დღეა საჭირო, რომ ზარის ხმა ამოგივარდეს ჩვევიდან. განსაკუთრებით თუ ჭახათს გასცდებით.

ადგილობრივებმა რესტორნის ტერიტორიაზე შეგვიფარეს, გაგვიშალეს სუფრა, ნიგოზივით მშრალი ხაჭაპურები დააცხეს, ნიგვზიანი კიტრი-პამიდვრის სალათა მოიტანეს. აი, საქართველოში მოგზაურობისას ფული არ გეხარჯება. მაქსის მეგობარს ჰქონდა იდეა, ვითომ რუსი ჟურნალისტები არიან და რეპორტაჟს აკეთებენ ქართულ სტუმართ-მასპინძლობაზე, სამეგრელოში რომ იტყოდნენ ჯადოსნურ სიტყვებს, აი კახეთში ისე გადაგყვნენო.

მაგრამ აჭარლებს ისედაც არ “შეეშლებოდათ”, ძალიან ლამაზ ადგილას დაგვაბინავეს მდინარის პირას, ჰამაკების რიგში. იმ ღამეს დავუშვით რომანტიკული შეცდომა და კარავი გავშალეთ პირდაპირ მდინარის ზემოთ, ანუ მდინარის ზემოთ ხუთიოდე მეტრში იყო ფიცრები გაშვერილი და ზემოდან დავადგით კარავი. თან მე თბილი საძილე ტომარა არ მქონდა მთის მდინარიდან გამოწვეული ქარი სხეულს მიკანკალებდა. სამაგიეროდ მეორე დღეს ზრდილობის გამო გადავკარი თაფლის არაყი და ეს იყო ყველაზე ლამაზი და გემრიელი სასმელი ჩემს ცხოვრებაში, სიამოვნებით გავაგრძელე გზა.

8

ორიოდე კილომეტრი გვქონდა დარჩენილი კინტრიშამდე. მე ცოტა უკან ჩამოვრჩი, თამარას ტელეფონით საქმეებს ვაგვარებდი, რომ ქობულეთის ბოსტნეული დამრჩა შუა გზაზე. მე ხომ ყველაფერს ყოველთვის ვკარგავ. უკვე ვკრეფდი დაყრილ ბოსტნეულს, რომ წამომეწივნენ რეინჯერები. ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდა ამ რეინჯერს. აი, აჭარლების ტიპური სახე, ზღვისფერი თვალები და ბორცვებივით ლოყები. წამო, არ გაინტერესებთ ჩვენი სამუშაო პროცესის ნაწილი გახდეთო? ჩავუჯექი მანქანაში, დავეწიე მეგობრებს და ისინიც შემოვისვი.

წარმოვიდგენდი ბრაკონიერებს როგორ დავიჭერდით, წრეს შემოვარტყავდით, სასამხილე ფოტოებს გადავუღებდით, ჩვეულებრივს და სასამხილე ფოტოებს სელფით, მაისურებზე დიდი, ლათინური R გვეწერებოდა, ვითომ სუფთა და დაუთოვებული მაისურები გვეცვა და არა ჩანთებში ცხრაგზის დაჭმუჭნული, ჟურნალისტები ეთერს დაგვითმობდნენ და ა.შ. არა და ამ უკაცრიელ სოფლებში, სადაც ცოცხალი სულის ჭაჭანება არ იყო, ოცნების საარჩევნო პლაკატი მაინც იყო გაკრული.

არა და ყველაზე საინტერესო ამ შემოვლაში ლობიო იყო, სარებზე გაწოლილი ცარიელი ღეროები. “ჰმმ, ჩვენი დირექტორის ლობიო დათვს შეუჭამია”, – თქვა ლამაზ თვალებიანმა რეინჯერმა, ოღონდ ჩემს წარმოსახვაში თითქოს დოქტორ ვოტსონს მიმართა, – “ვერ გაახარა კაცმა აქ ლობიო, მოდის დათვი და უჭამს”. ნახეთ, რა საინტერესოა, ჯერ ის, რომ შეგიძლიათ ლობიოს საკრეფად ჩახვიდეთ ამ სოფელში, მაინც დათვს დაბრალდება. და მეორეც, წარმოიდგინეთ, მურა დათვი შეპარული ბოსტანში.

5

ოც კილომეტრზე მეტი გვქონდა შემოვლილი და შეკრებილ საზოგადოებას წავასწარით რომანაძეების გვარის ქეიფისას. გაგვიმასპინძლდნენ ხაჭაპურებით, ცოლიკაურით, ბოლოკი და ყველით. ეს ლამაზთვალება რეინჯერი მგონი არ სვამდა, საჭესთან ჯდომა უწევდა და შემოვლითი სამუშაოები. დასვენების გარეშე მუშაობდა, ისტორიები გაიხსენა სხვა ტურისტების და მათი გაჭირვებების შესახებ. გვესაუბრებოდა, რომ ამ სოფლებში ქობულეთიდანაც იშვიათად ჩამოდიოდა ვინმე, აი, ხინოში მხოლოდ ერთი მოსახლე ცხოვრობს, მოინახულეთო. ახლახანს დაფინანსება მოუპოვებიათ და კოტეჯების დადგმას აპრებენ, საკარვე ზონა უკვე გააკეთეს, თუმცა კომფორტულ სარეინჯეროში ღამის გათენება მსურველს ახლაც შეუძლია ათ ლარად.

იქ ყოფნისას ფილმში მაინც გადაგვიღეს. უფრო ზუსტად, გვარის წარმომადგენლებზე იღებდნენ დრონით და მაღლა ავიხედეთ. როგორც თბილისელ სტუმრებს, სპეციალური სანახაობა მოგვიწყვეს, დაგვიკრეს, გვიცეკვეს, გვიმღერეს, თამარამ სცენა საპნის ბუშტებით გააფორმა. ერთადერთი მობინადრეს გაცნობა აინტერესებდა. მე დრონის შესახებ გამოკითხვას ვაწარმოებდი, ფოტოებს ვიღებდი, რომანაძეების გვარზე და, ზოგადად, სოფელზე ლეგენდებს ვიმახსოვრებდი, თურმე იქვე ტბაში კავკასიური ტრიტონი ბინადრობს, მიყვებოდნენ როგორ წაასწრეს.

9

შემოდგომის ქარიანი ღამე დადგა, ტანსაცმლიანი ვიწექი ტომარაში და ზემოდან სხვა ტანსაცმელები მქონდა გადაფარებული. მე და თამარა მთვარის გადაღებას ვცდილობდით, შორიდან მდინარის ხმა ჩაგვესმოდა. მაქსი მსხლის არაყის თანხლებით კარავში საამბობ ამბებს გვიყვებოდა. მაგალითად, რა გადახდა სააკაშვილს მყინვარზე ასვლისას და როგორ აგებდა დურაკაში იქაურ რეინჯერებთან. თამარამ ადრე ტელევიზიით მაინც ხდებოდაო წინსვლა. თან მაქსს ეკამათებოდა, რომ ლოთია. მარტო ასი გრამი არაყი დავლიეო, მაქსმა. და რაოდენობაში არაა საქმე, მთავარია, რომ მოგინდა დალევაო, თამარამ. სანახევროდ ვიხუმრე, რომ საბჭოთა კავშირი კოკა-კოლამ კი არა, ღვინომ დაშალა, როცა გორბაჩოვმა ანტიალკოჰოლური კამპანია წამოიწყო და ვაზი გააჩანაგა.

მეორე დღეს ერთადერთი მაცხოვრებელი მოვინახულეთ. მან კაკალივით გამაგრებულ, მაგრამ თაფლივით გემოიან ვაშლსა და მსხალზე დაგვპატიჟა. ირვლივ ფუტკრები დაფრინავდნენ, ფისოები კატას ეთამაშებოდნენ, კრავი ტაძართან იყო მიბმული. თამარამ: აქ მარტო ცხოვრობთო? და იმან: ღმერთმა დამიფაროს, ჩემთან უფალიაო. სწორედ მისგან გავიგეთ აქაურ სასაათო სისტემაზე და ჯოხით დროის ათვლა გვასწავლა. იყო რაღაც კაბალისტური მის რწმენაში, წმინდა სიტყვებს ერთმანეთთან ციფრებად აჯამებდა და იყო რაღაც დენ ბრაუნულიც მასში.

4

უკანა გზაზე, სანამ მანქანიან დათოს შევეყრებოდით, ჭარბი წყლიანობისგან ტალახიან გზებზე მოვფლატუნობდი, დილიდან გამოსულებს გზაში შემოგვისაღამოვდა. პატარა ხის ქოხთან ჩავდგით კარავი, მაქსმა გააჩაღა ცეცხლი, თამარმა მოხარშა გრეჩიხა.

და როცა მე გოგირდიან წყალს შევუშვირე ოფლიანი ტანი, მზე ისე ჩადიოდა, თითქოს ცა პატარა კვადრატად ამოჭრესო. სასიამოვნოა გაშიშვლება ბუნებაში ღამით, როცა იცი, რომ ვერავინ გხედავს ხეების გარდა და შორიდან ნაფოტების ტკაცუნი გესმის, ქარისგან წაბლების ჩამოცვენის ხმები და აქა-იქ ადევნებული ცუგა დაიწკმუტუნებს მოახლოებული ტურების შიშით. იმ დღეს ლობიოს ქურდის ნაკვალევსაც ვნახავთ. ამჯერადაც ვიკამათებთ თამარასთან ჯანსაღ პროდუქტებზე, ქობულეთში ჩასვლისას დაკარგულ სიმ ბარათს დავიბრუნებ, სამივეს ტელეფონი დაიჭერს და ოჯახის წევრებისგან შეშინებულ ზარებს მივიღებთ. მუნიციპალიტეტებიც დაგვაწევენ უკანონო მესიჯებს. თბილისში ჩამოსვლისას კი გავიხსენებთ სოფლებზე, რომლებიც რამდენიმე საათით აგვიანებენ. რეინჯერებზე, რომლებიც ტყეებში სეირნობენ ტურისტების გამოჩენის იმედად. ჩვენი წამოსვლის მერე ერთ კვირაში მოთოვს.

7

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s