დრონი, თევზი და ოპერაცია “საშა”

როგორც წესი, სანამ დრონს ვინმე შეიძენდეს, გუგლის ისტორია და ამაზონის ლისთი სავსე აქვს დრონის აქსესუარების გვერდებით. ასეც მოვიქეცი, სათამაშო ჯერ კიდევ შეძენამდე ორბო ქილად გავიხადე და ჩემი შემოსავლისთვის ცოტათი ძვირად შემომეყიდა. სახლში მიტანამდე აქეთ დავფრინავდი და დრონი პულტით აქეთ მმართავდა. გადავურეკე მეგობრებს და ველად გასაჭრელ გეგმებს ვაწყობდით. თბილისის ზღვა ხომ გადავიფრინე და სახლის ეზოში რომ შემოვედი, სტუმრად ძმიშვილი დამხვდა – ნიკოლა გვერდითა კორპუსიდან გადმოსული. მადლობაო, ეს რა კარგი საჩუქარი მომიტანეო, – ეგონა მისთვის ვიყიდე. შემომესივნენ მთელი ეზოს ბავშვები, მე კიდევ ვიდექი და ღიმილით ვფიქრობდი რასაც წინა წელს ვფიქრობდი: წელს მაინც ვისწავლო უარის თქმა.

****

მარიამმა და ეთერმა გადაწყვიტეს ჩემთვის სურპრიზი მოეწყოთ, გვიან რუსთაველზე დამიბარეს და თევზი მაჩუქეს.
აი, ნამდვილი თევზი, სააკვარიუმო, წყლიან პარკში დაცურავდა და ამბობდნენ, ჭაობისფერიაო, რომ გაგიცანით, თავს აკვარიუმის თევზს ადარებდიო. არც შემიხედავს ისე მოვუძახე განახლებული ლურჯი ფერის ურნაში და უკანმოუხედავად წავედი. ზემოდან დააყრიდნენ ნაგავს, მაგრამ მარიამი თავისი აკანკალებული ხელებით მაინც ამოიყვანდა ნარჩენებიდან და ვინმე გამვლელ ბავშვს აჩუქებდა. მარიამი ვერ მიხვდებოდა, რომ ეტკინა იმაზე ნაკლებად, ვიდრე რამდენიმე კვირაში თევზის მფლობელს ეტკინებოდა:
თევზს ბავშვი სახლად აკვარიუმს აჩუქებდა, ავეჯად კენჭებს ჩაუყრიდა, გაწირავდა მარტოობისთვის იმდენად შეიყვარებდა, საკვებს მოიკლებდა მის გამო, მაგრამ ერთ დილასაც მკვდარს იპოვნიდა. ბოროტებაა ჩუქნიდე მალე მომაკვდავებს. ძალიან ბოროტია მარიამი.

****

წიგნის ბიჭუნა შევარქვი საშას. ჰარიპოტერობაზე ვნახე პირველად და ეგრევე მივხვდი რომ ეს კრემისფერ სამოსიანი კაცი ამდენ თინეიჯერ ჯადოქრებში სწორედ ის წიგნის ბიჭუნა იქნებოდა ვის გამოც სანტა ესპერანსაში მოვხვდი. ეს ამბავი ცოტა ადრე დაიწყო:
თამარა რომ გავიცანი, “სანტა ესპერანსას” მენეჯერი ბიჭი მოსწონდა. მოსწონდა რა, შესვენებაზე დედა ენის ბაღს რომ შემოივლიდა ეს გოგო, სავარაუდოდ მტრედებისთვის ნამცეცების დასაყრელად, სანტაშიც შეივლიდა ვითომ წიგნების და რვეულების სათვარიელებლად. ოღონდ მაშინ არ იცოდა ამ კაცის სახელი და მე წიგნის ბიჭუნა შევარქვი.
აი, როგორ უნდა გაიცნოს ინტროვერტმა გოგომ ინტროვერტი ბიჭი დახლს აქედან, მითუმეტეს, თუ ეს ბიჭუნა 40+ კაცია და ყმაწვილობის მერე შეყვარებული აღარ ყოფილა?! არა, რამდენჯერმე მათი გზა გადაიკვეთა. მაგალითად, ღვინის ნაირსახეობებზე წიგნი გაქვთო, – ამან იკითხა და იმან, – საქართველო თითქოს ღვინის ქვეყანაა, მაგრამ წიგნი ამაზე არ არისო.
ორი წელი გასტანა ამგვარმა რომანტიკამ და ერთხელაც ჩვენმა მეგობარმა დაიწყო იმავე მაღაზიაში მუშაობა კონსულტანტად. დიახ, ჩვენი კაცი შემთხვევით შევუშვით ინფორმაციის გამოსატანად. დიახ, უკვე შეგვიძლია სანტაში მხოლოდ წიგნების საყიდლად არ შევიდეთ ხელფასამდე დარჩენილ ბოლო კვირაში. არა, ეს სვლა არ ყოფილა საკმარისი და საქმეში მესამე, უფრო აქტიური გოგო ჩაერთო: მან ჯერ ჩვენი მეგობარი კონსულტანტი გაიცნო, რომ მას საშა წარედგინა, რომ მერე საშა თამროსთვის გაეცნო.
იყო რაღაც მომენტიც, დენიელ კიზის წიგნების ეკრანიზაციებზე ვსაუბრობდით, ელჯერნონზე ფილმები არ მოგვწონდა, და საშამ – მილიგანზეც აპირებენ კინოს გადაღებასო. მაინცდამაინც მაშინ ჰქონდა შემოუხვეული თამარას ნაქსოვი კაშნე სიწვრილისგან რომ იპრუწებოდა. ეს ცალკე იდგა ჩუმად და ის კიდევ – ცალკე.
იმ კვირაში მე და თამარა აღმაშენებელზე ვაპირებთ სადილს, ბარემ სანტაშიც შევივლით და ვიკითხავთ, იქნებ გამოუშვეს წიგნი ღვინოზე. გეხვეწებით, ვინმემ გამოუშვით წიგნი ღვინოზე.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s