კოლექცია როგორც იმედი

a6639_sideways

ჩემი ღვინისადმი სიყვარული არა კახეთში ან რაჭაში, არამედ აჭარაში სოლო გასეირნებით დაიწყო. ბათუმში, სადღაც ბავარიული პაბის  შესახვევში ხულოელ გლეხს ჰქონდა მაღაზია გახსნილი, ჩვეულებრივი სურსათი, – პური, სიგარეტი, კევი, მაკარონი, – თან საკუთარ დაწურულ ღვინოებს ყიდდა ჩამოსხმით. თითოეულს თავისი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ გამოვარჩიე ერთი, ვენას სისხლისფერი, შავში გადასული მუქი წითელი ღვინო, რომლის ყურძენსაც თითქოს კანი სათითაოდ გააცალესო, თხელ კანიანი იყო, სულიერი ანუ უსხეულო, ზამთარში დარიჩინით მოსახარში.

შევყევით საუბარს, შემოვიცნაურე მისი დინოზავრული ოჯახი და არც კი ვიცი მეორე დღეს აჭარისწყლებისკენ როგორ გამიყოლეს ან მე როგორ გავყევი ეს უფულო და უზურგჩანთო გოგო 90კმ-ით მაღლა, მუსლიმურ დასახლებაში. იქაური მუსლიმები ქრისტიანებს იმდენად არ ერჩიან, რამდენადაც ვაზებს. შესაბამისად, ეს გახდა მიზეზი აჭარული ღვინის გაიშვიათების ანუ გაძვირფასების. თანაც იმდენად სულიერია ანუ უსხეულო, დიდხანს არ ინახება, შორ მანძილზე გადატანა ასუსტებს. ანუ ისეთი ღვინოა, რომ იტყვი, ამ ღვინოს თავისი ასაკი აქვსო. მხოლოდ ახალგაზრდებს აქვთ ნება დალიონო. პლუს მხოლოდ აჭარაში.

დროთა განმავლობაში გემოვნება შემეცვალა, ჯერ ტკბილი წითლიდან მშრალ წითელზე გადავედი, ბოლოს კი მშრალი ვარდისფერი და თეთრი შევიჩვიე. ღვინოც და სხვა საკოლექციო სასმელებიც დავიგროვე, ჯერ ჩემი ძმა მაძლევდა ტრადიციისამებრ ქორწილებში მოპარულ ღვინოებს. მანამდე ლამის ჩემი დაბადებიდან მაჩუქეს ვისკი Cardu. ღირშესანიშნავ დღეს გახსენიო. გამიჩუქებია კიდეც, მაგრამ მაგნიტივით მაინც ჩემთან დაბრუნდებულა. იმის მერე მნიშვნელოვან დღეებზე სულ მინდა გავხსნა, მაგრამ თავს ვიკავებ, მეთქი ამაზე მნიშვნელოვანიც უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში. ასე მგონია, Cardu-ს რა მოვლენაზეც გავხსნი, იმის მერე იმ დღეზე მნიშვნელოვანი ამბავი აღარ შემემთხვევა, ამიტომ თავს ვიკავებ.

ერთი ფილმი ვნახე ღვინის კოლექციონერზე, დაღვინებულ ასაკში მყოფ ორ მამაკაცზე, შუა ხნის კრიზისი რომ აქვთ, ერთს მოახლოებული ქორწინების გამო, მეორე კი განქორწინების გადალახვას ცდილობს. ჰო და ეს ერთი პერსონაჟი ფილმის ბოლოს საკოლექციო ღვინოს ჩვეულებრივ, რიგით საღამოს გახსნის სწრაფ სასადილოში. ალბათ მეც მასე მომივა იმ ვისკზე. როცა აღარაფერ მნიშვნელოვანს აღარ დაველოდები და უბრალოდ აწმყოთი ტკბობას დავიწყებ. აი, როგორც წუხელ, თამარი მესტუმრა, აბაზანა ცხელი წყლით და ქაფით გავავსეთ, პირდაპირ კაბიანები ჩავწექით. ბათუმში ბოლო სოლო მგზავრობისას ნაყიდი ღვინო მოვიდგით. ეს ვითომ რომ პროდიჯის ლაივზე ვიყავი და ბრბოსგან ცხვირის დალეწვის სცენაც კი არ მახსოვს არა თუ კონცერტი. ჰო და გუშინ მივხვდი, რომ ღვინო გადამიყვარდა. წავალ ჯინოში, ჩავწვები ღვინის აბაზანაში და დავემშვიდობები.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s