წონის მატება მეტროთი მგზავრობით ვიგრძენი, – როცა ვაგონის დაძვრისას აღარ შევფრიალდი, არამედ ფეხებმა სხეულის დაჭერა მოახერხა თანაც საკიდურზე ხელებჩაუკიდებლად, მივხვდი, რომ ფრიად დამოუკიდებელი ქალი ვარ. დააკვირდით, მჯდომარე მგზავრები საკუთარ აიდი ფოტოებს გვანან, თუმცა დაჭიმული გამომეტყველების მიღმა მოხეტიალე მზერის მართვა რთულია. მე კი ახლა საკუთარ კუნთებს ვუყურებ და თუ ტკივილმა მონატრება იცის, ვარჯიშის ნაბახუსევი მენატრება, – გამოღვიძებულზე კუნთების ტკივილი და სამსახურში გაჩაჩხული წასვლა. კაი ხანია ჩვეულ მოძრაობას არ გადამიჭარბებია: ნახევარ საათიანი დილის ვარჯიშები, კვირაში 40 კმ ჰაერზე სეირნობა, კუნთების მასაჟი, აი, ფილმებში რომ მინახავს გულზე დენის გადატარება, ისეთი. მოკლედ, სტრესის დროს შოკოლადის ჭამას ცეკვა და ესთეტური პროცედურები მირჩევნია.
შეყვარებული ვარ ცეკვაზე: აი, რომ იტყვიან, მთავარია ადამიანს იუმორის გრძნობა ჰქონდესო, ამის ნაცვლად ვამბობ, რომ მთავარია ცეკვა-კუნტრუში ქუჩაშიც შეეძლოს. არ მიყვარს არავითარი სიცილი, თუმცა ხანდახან მეც მეცინება, მაგალითად, სერიალში ნათქვამზე: “წოლილხარ ტატუიან ტიპთან? თითქოს მუზეუმს ჟიმავ”. მაგრამ როგორც კი რეალური ცხოვრება ერთვება, თითქოს ასპ სინდრომი მაქვს, ხუმრობას სინამდვილისგან ვეღარ ვანსხვავებ. ხანდახან კი ისე ვცეკვავ, სიგარეტის კვამლი ცხოველებად მელანდება, თითქოს რამე ფსიქოდელიური მიმეღოს. ცეკვის მერე სახლში მოვდივარ, აბაზანას ქაფით ვავსებ და დამძიმებული სხეულით სიმსუბუქეში ვწვები. თითქოს საკუთარი სხეული ვხდები, სარკეში შიშვლად შერცხვენილი. და ვფიქრობ: რა უნდოდა ამ სხეულს ჩემთვის ეთქვა, როცა მასში ვიბადებოდი?!