როგორც კი მარტყოფში შევედით, ტკბილი სუნი მეცა. ალბათ მზის, მწიფე ხეხილის და შუამავალი ნამის გამო. გზაზე ჭაობების დანახვამ გამახარა, ძალიან მომწონს მათი თვალიერება. ჩემთვის ის ბოღმის სიმბოლოა, რაზეც შეიძლება ლამაზი ნაყოფი გაიზარდოს. ტყის განაპირა სახლში დავბარგდით, პირდაპირ აივნიდან იწყებოდნენ ხეები. პურის საყიდლად ანუ უახლოეს სოფლამდე მისასვლელად სამი კილომეტრის გავლა მომიწია. უკან კი გზა ამერია, ცრუ ბილიკმა შემიტყუა, მთასთან გაჩერდა და თეძომდე ბალახებში ცოცვა მომიწია. სახლს ბუხრიდან ამოსული კვამლით მივაგენი. კი არ ვარ ბუხრების მომხრე, მაგრამ მომეწონა. სუფრა თანდათან გაიშალა, ღვინო მალე გაგვითავდა. ჭაჭასთვის მისაყოლებელი წვენი აღარ გვქონდა, სამეზობლოდ მიტოვებულ სახლში ალუბლის დასაკრეფად გადავედი. სიბნელეს რომ თავი დავანებოთ, ჭექა-ქუხილი იყო. ძალიან მომწონდა რომ მეშინოდა. გემრიელი წვენი გამოვიდა, როგორც მეორე დღეს ხეებიდან პირდაპირ ქვაბში დამზადებული წითელი ტყემალი. მეორე დღეს ტყეში შევედით, ყვავილები დავკრიფეთ და ხეებს ვეცეკვეთ. განსაკუთრებით მომეწონა ხეების გვირაბი. მინდოდა დამუხტვა გამომეხატა და ლირიკული აბზაცი გამომივიდა.
თბილისში რომ დავბრუნდი, პირველი რაც გავაკეთე, ორი წლის ძმის შვილი მოვინახულე, ნიკოლა. მიბაძვის ასაკი აქვს და კანფეტი რომ მომართვა, შეეცადა ჩემთვის შეფუთვისგან გაეხსნა. მე კიდევ მადლობის თქმა დამავიწყდა. აბა რა უნდა მითხრაო, მადლობაო. დავფიქრდი, რა იშვიათად ვიმადლი ზოგადად. ამბიცია მაქვს, რომ მეკუთვნოდა. ერთი გოგო გავიცანი მარტყოფში. ორსულად იყო, მაგრამ არ ამხელდა, სიტყვებით ლავირებდა. მაგრამ მე რას გამომაპარებდა, იმდენ ორსულთან მაქვს სისტემატურად მჭიდრო კავშირი, რომ ლამის აქეთ ცრუ ორსულობა დავიმართო. უი, ჩემი ძველი თანამშრომლის ძაღლს ჰქონდა ცრუ ორსულობა. იმდენ დროს ატარებენ ძაღლები ადამიანთა სამყაროში, რომ განწყობა უვითარდებათ. ნადირობისას საცხოველეთსაც ერჩიან ადამიანთა გამო, თავისიანებს ებრძვიან განვითარების ამბიციით. ჭაობის იდეაც ამიტომ მომწონს, სადაც გარდაცვალება დაბადებას ნიშნავს, რომ ბოღმიან წყალსაც აქვს დედობრივი ინსტინქტი, როგორც მე ვეძახი, გარდასახვის.
როგორც კი მარტყოფიდან გამოვედით, წვიმდა. სადღაც კილომეტრი სიმშრალე იყო, მერე კი ისევ წვიმდა. მინდოდა გადამეხვია გზა, რომ სახლში მალე მივსულიყავი. მეორე დღის პრობლემა მაქვს. იშვიათია, თუ სადმე წავედი და მეორე დღეს იქიდან გამოქცევა არ მომინდეს. თუ მეორე დღე გადარჩა, მესამე დღეს ეს აუცილებლად ხდება. რა ძალიანაც არ უნდა მიყვარდნენ ჩემი მეგობრები, უმეგობროდ ყოფნა მენატრება. ჩემში ეს დისტანციის სურვილი ხშირად მიქმნის პრობლემას, რადგან არ მყავს ისეთი მოლაშქრე მეგობარი, ერთ დღიანი გასვლები რომ უყვარდეს. საქმე ისაა, რომ მოძრაობა მიყვარს, ორი დღით ერთ სივრცეში გაჩერება ჩემთვის მდინარისთვის ჭაობში ჩადინება იქნება. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს ამ ხანგრძლივი გასვლების მოყვარულ მეგობრებს ძალიან ვუყვარვარ. რადგან არასდროს წამომყოლიან იმ ადგილებში სადაც მე მინდა, არ მახსოვს ტური დამეგეგმოს და მოსწონებოდეთ. ასე რომ ყველაფერი სამართლიანია, სინდისი არ მქენჯნის. უბრალოდ მწყინს, რომ სიარულში ვერ ვეწყობით და მაკვირვებს, რომ სტაბილურ ადამიანებს ვიყვარებ. დავწერე ის, რაზეც ფსიქო-თერაპევტს გავესაუბრებოდი პირველ სეანსზე, მათი რომ მჯეროდეს.
ანა ბლუმ zalian momwons Seni blog )