ამოჭრილი მიწა

“ჩვენ ტიანშანზე ვაპირებთ ასვლას. ოღონდ ჯერ იალბუზზე,” – თამარამ შემახარბა.
წერეთელზე მაქსის აივნიდან ნათელ ამინდში მყინვარწვერის დანახვა შეიძლება. მითხრა, ვლადიკავკაზში რომ ვცხოვრობდი, იმ სახლიდანაც ჩანდა მყინვარწვერი, ოღონდ მეორე მხრიდანო. მაქსის ოთახი მოხატულია ვარსკვლავებით, ერთ კედელზე მწვერვალების ფოტოებია მიკრული, მეორე კედელზე კი – საქართველოს რუკა, ამოჭრილი აფხაზეთით და ოსეთით. საწოლის თავზე ბუდას ქანდაკებაა დამტვერილი. თამარამ ამიხსნა, მტვერი ბუდას გზას გამოხატავსო.
ჩემი ავარიის სერიების მერე ვმეგობრობ თამარასთან. გადასარევი მზრუნველობა იცოდა: გატეხილი ძვლებით მაიძულებდა ფეხით მესეირნა და პეროვზე მაცეკვა კიდეც. თავში სისხლჩაქცევები მქონდა და წოლითი რეჟიმი რომ დამინიშნეს, ჩემთვის შავი ღვინო მოქონდა, დარიჩინთან ერთად მიხარშავდა. ყავარჯნებითაც რომ წამიყვანა თავის მეგობრებთან, იქაც დამალევინა. აი, ბოლოს ქალაქიდან რომ გამიყვანა, სიგარეტი მომაწევინა. ამჯერად კი აიკვიატა, რომ ლუდი შემაყვაროს. მაინტერესებს ძალით თუ შემიძლია ლუდი შევიყვარო.
რა თქმა უნდა, მეც ვზრუნავ თამარაზე: გერმანიაში რომ მიდიოდა, დედამისი შევაშინე, რომ ფრენა საშიშია, ევროპაში ტერაქტების ბუმია, თანაც ცაგარელი სასწორებს მგზავრობას არ ურჩევს. როცა გამიმხილა, რომ რომანტიკულ ურთიერთობაში კონკურენტი ჰყავდა, ნამდვილი მეგობარი რომ გააკეთებდა, ის გოგო გავიცანი და ვაშურებდი, რომ მასზე მეტად მომწონს. “აუ, კაიი,” – იღიმებოდა და “შენგან არაფერი გამიკვირდება”-ს ამბობდა.
დიახ, მე შეიძლება მივიდე იმ რესტორანში, რომელსაც ხმაურის გამო უჩივის და ვითხოვო, რომ მუსიკას აუწიონ. ან იმ სალონში გავიკეთო თმა, რომელიც უჩივის. მას შეუძლია პაემანი ჩამიშალოს, რადგან როცა საპირფარეშოში ვიქნები, ბიჭუნას გაუმხილოს: ამან გლინტვეინის მომზადება არ იცის, შენ რომ გიმზადებდა, რეცეპტს მე მეკითხებოდაო. ჰმმ. აი, მაინცდამაინც იმ ბიჭთან ემართებოდა რაღაც უნებურად, თითქოს სიმართლის ელექსირი დალიაო.
ვისაც გავაცანი თამარა, ყველას ძალიან მოსწონს. თილისმასავით დამყავს, მე რომ დამორცხვება მემართება, სტუმრებს მოწყენის საშუალებას არ აძლევს. დადებითს ასხივებს და აბალანსებს თავისი დუალისტური ზრდილობით. საკუთარ თავზე ვიცი რა ეფექტი აქვს. ქეთიმაც მასე გამაცნო: ეს ჩემი მეგობარია ბავშვობიდანო, აბა შენ თუ მოგეწონებაო, ვისაც გავაცანი, ყველა თამარაზე გიჟდებაო.
ქეთი ძალიან მიყვარს ახლაც, მაგრამ თამარა წამართვიო და აღარ მემეგობრება. მეშინოდა, რომ ამიტომ თამარაც მიმატოვებდა, მაგრამ წლის თავზე მეგობრობას ემოცია მოვაშორე და დავსტაბილურდი.
ქეთი მწყობრიდან გამოყვანის ოსტატია, მაგრამ მაქსის სიმშვიდე ვერ დაარღვია. ვიღაც მედიტაციური ბერის გარშემო მოლივლივე სიოს ჰგავს, მოთმინების ელექსირს. ქეთისი გაკვირვებია, ზოგს რა პრობლემები აქვს, “სვეჩებზე” დარდობს, როცა საეკლესიო კრებაზეც არ მივდივართო. ამ ივნისში წვიმები რომ გამეორდა, ქეთის ვერაზე გაჩერებულ მანქანაში წყალი შეუვიდა და მანქანა გაუფუჭდა. აი, რომ უთხრა, პროსტიტუცია დაიწყე და მომხმარებელი შემოგაკვდა, არც კი დაინტერესდება, სიგარეტის მოწევას ისე გააგრძელებს.
სამივეს დუნე ცხოვრება მოსწონთ, აი, აქვე, დაშბაშის ხეობაში თუ ავლენ, აუცილებლად დიდ ჩანთებს წაიღებენ, მოსასვენებელ კარავს გაშლიან, ღამეს გაათევენ და მეორე დღისით ჩამოვლენ უკან. მე კიდევ მეხუმრებიან, თეთნულდზე თუ წამოხვალ, ყოველდღიურ ჩანთას წამოიღებ და იმ დღესვე უკან დაბრუნდებიო. გაჩერებები მღლის მე, მგზავრობა მიყვარს, ასე მგონია რამდენიმე ნაწილად უნდა დავიშალო, რადგან ყოველი დღე დედლაინია.
ლაშქრობისას მე და თამარა ვსაუბრობთ ძალიან ბევრს და მაქსი ჩუმადაა. ათასში ერთხელ საინტერესო თემას მოგვაწვდის. მაგალითად, სამხედრო ჩექმების შესახებ, რომელსაც ქუსლი უკან აქვს და ნაკვალევს უკუღმა ტოვებს. ან როგორ ვარჯიშობდნენ ძველად მიზანში სროლაზე, – საუბარს ტუჩებზე კითხულობდნენ. როგორ გავიგოთ ტყეში საით უნდა წავიდეთ გზაზე რომ მოვხვდეთ, – სადაც დაყრილი ნაგვის რაოდენობა იმატებს. რა შეიძლება შეგხვდეს ყველაზე საშიში ტყეში, – რომ მიდიხარ და ხედავ საკუთარი თავი რომ შეგხვდება.
მე წამოვწექი მაქსის ლოგინზე, მტვრიანი ბუდას ქვეშ, მუსიკას ვუსმენთ და სანთლები ანთია. განვიხილავთ რობის და ირაკლის კონცერტებს. ირთვება თოიძე და 90-იანების ნაცრისფერობით ვსევდიანდებით. აკვარიუმის ინგლისურ ენოვანი სიმღერებით ვაგრძელებთ და გრებენშიკოვის რუსული აქცენტის “ტ”-ებზე ვხალისობთ.
მაქსი და თამარა მოსაწევად აივანზე გადიან. მე ვფიქრობ: მშვენიერი წყვილი იქნებოდა ერთმანეთი რომ შეუყვარდეთ. ერთმანეთთანაა დაკავშირებული მათი ბავშვობის თავგადასავლები, 90-იანების გიტარიანი წვეულებები, ერთ ჯგუფშიც უკრავდნენ, ლაშქრობებშიც ერთად დადიან. მომწონს მათი დაკვირვება შორიდან, მე კიდევ ლუდის შეყვარებას ვცდილობ.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s