პატიების როლი გადაყვარებაში

“მე შენ ისე მიყვარხარ, როგორც ღორს უყვარს ბეკონად არ ყოფნა”, – ხალხური.

ადრე უფროსმა მთხოვა, მეილზე ხალხი მარტოობის გამკლავებისთვის ფსიქოლოგიურ დახმარებას ითხოვს, ბარემ ეგ საქმეც შენ ჩაიბარე, განსაკუთრებით ქალთა ხაზის, უთანაგრძე ან გადაამისამართეო. წერილები პროექტის ფარგლებში იყო გამოგზავნილი და მიღმა დარჩენილი მომხმარებლები უნდა გამეანალიზებინა. რაც უფრო სათხრობად საინტერესოა ჩემი გასაუბრებები სამსახურების საძიებლად, მით უფრო უინტერესოა პაემნები. აი, ცხოვრების მანძილზე ფრიკ პაემნების ორი შემთხვევა მახსენდება ათ წუთზე მეტ ხანს რომ არ გასტანა: როცა კაცმა სეირნობისას მასთან ერთად ცხვრის დაკვლა შემომთავაზა რომანტიკული ტონით; როცა კაცმა ბარში დაიწუწუნა, ლეპტოპის ტარება როგორ უნდა, მაგრამ ჩანთას მხარზე ვერ გადაიკიდებს, გოგო ხომ არაა, – დანარჩენი ადეკვატური პირველი შეხვედრები იყო. აი, ის არ გამომიცდია, რესტორანში რომ დაპატიჟებენ, სახლში მიცილებისას კი ზღურბლთან შემდგარი პირველი ამბორი და “ჩაიზე შემოხვალ?” – აი, სულ მინდა ეს აბსურდული მელოდრამა გავიმეორო. ან სარესტორნო პაემნისას შესვენება ამ ფრაზით ავიღო: “მე გავალ, ცხვირს გავიპუდრი”.

ანუ რადგან შორს ვარ ურთიერთობებში მრჩევლის ტიპაჟისგან, დავალება უსაზღვრო დროით გადავდე და თანდათან მიმავიწყდა. ზოგადად, სიზარმაცე არ მჩვევია, მეგობრებისთვის მუდმივად მაღაზიაში ჩაგზავნილის იმიჯიც მაქვს. აღნიშნული სამსახურიც კი არ გამიცდენია, მიუხედავად იმისა, რომ პირველ სამუშაო დღეს გამაფრთხილეს, შემეძლო ხშირად არ მეარა. ამიტომ წარმოიდგინეთ ჩემი რეაქცია, როცა ხელმძღვანელმა მთხოვა, შენი ოთახი მჭირდება, შეგიძლია ოფისში ორი საათით დაიგვიანოო. მე, რა თქმა უნდა, სახლიდან ჩვეულ საათზე გავედი, კაფეში ჩამოვჯექი და პოტენციური საქმეების სქროლვა დავიწყე. მეთქი მშვენიერი დროა მარტოსული ხალხის მეილების საკითხავად.

და, აი, მაშინ განმიმტკიცდა ჩემი თეორია პოსტურთიერთობის შესახებ: უმეტეს შემთხვევაში აპატიო საკუთარ თავს უკვე არის ნაბიჯი გადაიყვარო ყოფილი პარტნიორი, ვისაც დაშორების მერეც ეჯაჭვები. აპატიო საკუთარ თავს, რომ პირდაპირ თუ ირიბად წაყენებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილე ან სულაც გამოგრჩა საპრეტენზიო სიისთვის მიგექცია ყურადღება. ხშირად შემხვედრია წამოცდენილი თვითგვემა სანაცნობო წრეში, რომ შეცდომა იყო სქესობრივი ურთიერთობა ამა თუ იმ დროს ამა თუ იმ პირთან. სინდისის ქენჯნას კი ავადმყოფური მიჯაჭვა წარმოუშვია სექს ობიექტის მიმართ ანუ ნდომა სიყვარულის საფარველით შეიმოსა, მორალის ფარგლებში სუბიექტი ფიზიკურ ლტოლვას დიად საქმედ წარმოაჩენს, თავს იმართლებს. მათგან ზოგი იმდენად იკავებს სითბოს სიტყვიერ თუ ქმედით გამოვლინებას, თავად სიყვარულზე რომ არიან შეყვარებულნი, არიან “მიყვარხარ”-ის გამფეტიშებლები, ოჯახის წევრებისთვისაც რომ უჭირთ ამის თქმა. იტყვიან და დაშორების მერე თავს ვერ პატიობენ ფრაზა უმიზნოდ რომ გამოიყენეს.

რამდენიმე წლის წინ მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა მეგობრებთან ურთიერთობისას. შენო სტაბილური არ ხარო, მეგობრობა კი არა, კონტაქტები გინდაო, არანაირი ქალური შენ არ გაგაჩნიაო, – დავკომპლექსდი. ჩემზე ცვალებადებსაც კი გაუკრიტიკებიათ ჩემი ცვალებადობა. ქალურობის კომპლექსი ისედაც მქონდა/მაქვს, სულ მგონია, რომ საკუთარ სქესს ვერ აღვიქვამ, ვერ ვიყენებ, სარკე შემზიზღდა. მოკლედ, მაზოლებზე ფეხი მაჭირეს. რა მექნა და მეგობრების გამოგონება დავიწყე, აი, ცოცხალი ადამიანები ავიღე და მეთქი მე შენზე უნდა ვისწავლო მეგობრობა, აბა რა გამომივა. დღესაც ვმეგობრობ ამ ხალხთან. მართლა შევიყვარე. დავფიქრდი და ნებისმიერი საკვების სიყვარულიც კი, მაგალითად, ღვინო რომ მიყვარს, რატომ მიყვარს, გაცნობიერებული სიყვარულია, იმიჯის ნაწილია და სხვა. მერე შეიძლება ისე შთავაგონო თავს, რომ ცრემლები ვაღვარღვარო, წიპა “ჩემი საყვარელი ჭიქა გამიტყდააა”. ანუ ღირებულება ემოციებს მაძლევს და მერე რა, თუ ყოველ საყვარელ ნივთზე თუ ვინმეზე შემიძლია მონოლოგი ვწერო: რატომ, როგორ და რამდენი ხნით. ჰო და, ვაპატიე.

ერთი მეგობარი მყავს, ამჟამად ტიპური მარტოსული ბიჭი, მარტოხელობა რომ სახეზე ატყვია, თითო ღამეების დამსახურებული ოსტატი. სანამ სამსახურში წავიდოდა, ყავისთვის შემომიერთდა, მოვუყევი ჩემი ამბები და ვორკჰოლიკობის სიმპტომები. მერე იმან დაიწყო თავის გასაჭირზე როგორ გამოფიტა ადრე რომანტიკულმა ურთიერთობებმა, როგორ გასცემდა მთელ სითბოს და უკან არაფერი უბრუნდებოდა. მოკლედ, ტიპური “ოღონდ მაწუწუნე” შემთხვევა. ჩემი აზრით, აბსტრაქტული ურთიერთობები ძალიან ჰგავს სქესობრივ ურთიერთობებს. სადაც მამაკაცი გასცემს თავის თავს ქალში, ეს უკანასკნელი კი უერთებს თავს და უბრუნებს გადამუშავებელ პროდუქტად, ბავშვად. გაცემის დაბრუნება შეიძლება არ მოხდეს მამაკაცის იმპოტენციის გამო, თუ მას შემთხვევით თუ განგებ არ მიჰყავს გაცემის აქტი ბოლომდე ან ქალის ფრიგიდულობის გამო, თუ ის შემთხვევით ან განგებ იშორებს მამაკაცის ნაწილს. ნებისმიერ შემთხვევაში ტრაგიკულია უნაყოფო ურთიერთობა, მაგრამ არანაკლებ მტკივნეულია ნაყოფიერი ურთიერთობა. ამას მე მედეას სინდრომი დავარქვი: გადაყვარებისთვის ბავშვი უნდა მოკვდეს, ბავშვი, როგორც დამაკავშირებელი ნაყოფის ალეგორია.

5 responses to “პატიების როლი გადაყვარებაში

  1. ახლაც გული მწყდება ჩემი საყვარელი ფისოებიანი ჭიქა რომ უაზროდ გავტეხე :/

  2. ქალთან ფრთხილად უნდა იყოპაემანზე, ყოველთვის ერთ სამ ედითს ვუკეთებ რას ვიძახი, პასუხსაც ვაგვიანებ სოციალურ ქსელში, თავიდანვე გიჟად გაცნობა არაეფექტურია, მერე ეჩვევიან ხოლმე და რომანტიკულად ხედავენ ცხვრის დაკვლასაც, ათასი გაბანძებული სნობი უნახავს თბილისს, პაროვ სტელარიდან – შავო ადესამდე

  3. დაახლოებით ერთი კვირის წინ იყო, ეს პოსტი რომ წავიკითხე. დაკომენტარებას ვაპირებდი და აუგუსტოს კომენტარი შევნიშნე, იქამდე არც ვიცოდი, რომ ისიც აქაურობას კითხულობდა. დაკომენტარება გადავიფიქრე და ქალაქში რომ დავბრუნდები, აუგუსტოს მივწერ-მეთქი.

    დღეს ჩამოვედი და ვეღარ ვწერ.

    სადმე უნდა მეთქვა.

  4. სულ ცოტა, ქართულ ბლოგსფეროს კარგი მკითხველი დააკლდა.
    ბზობის კვირაში ბაბუა რომ გარდაეცვალა, ეკლესიაში წავედით. არ ვიცი როგორ დავიჯერო, გუშინ ხომ ცოცხალი იყოო.
    ჩვენი ბოლო საუბარიც სიკვდილზე იყო.
    მეც უნდა მეთქვა სადმე.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s