ლოდინის თაობა

ლოდინი არის აგროვო ისტორიები სიკვდილამდე, – ბუკოვსკი.

ყველა ორგანიზაციას აქვს მოსაცდელი ოთახი, – რონალდ ბარტი.

 წინა კვირას წიგნის ფესტივალის ფარგლებში გამახსენდა, თუ როგორ ვარჩევ ლიტერატურას. თემატიკას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია თვითონ ტექსტი მინიმალური დიალოგებით შედგებოდეს და გამომცემლობის რომელიმე სერიული გამოცემის ნაწილი არ იყოს. შეიძლება ითქვას, დიალოგების ფობია მაქვს, თუ არსებობს მსგავსი შიში ან უბრალოდ ფანტაზიის ნაკლებობა მაქვს და მონოლოგური თხრობა უფრო დამაჯერებლად მიმაჩნია. სერიული გამოცემები კი ეტყობა მომავალზე მაფიქრებს ამ უფანტაზიო მკითხველს გაუცნობიერებლად. მეთქი, აი, მომავალ წელს ახალი სერია უნდა გამოვიდეს. მერე მომდევნო 5 წელი წლის ამ დროს სერიების შენაძენს უნდა ვაკეთებდე. იქნებ აღარ მომინდეს, გავკოტრდე და ფული არ მქონდეს ან წიგნის შესანახი თარო ან აპოკალიფსი დაიწყოს. მგონი უფანტაზიო კი არა, ჭარბად ფანტაზიორი ვარ. მოკლედ, მომავალი ბურუსში იფარება და სერიული წიგნის შეძენას ვუფრთხი ისე, როგორც ბანკიდან კრედიტის აღებას ან უარესი, დიოდიმდე სახის კანის გაპარსვას.

  არა და სერიულობით გამოწვეული ლოდინი თუ ლოდინი გამოხატული სერიულობით პოსტმოდერნიზმის მთავარი ხიბლია. დაუმთავრებელი ნაწარმოებების ტენდენცია, როცა მკითხველს თავად შეუძლია თხრობა დაასრულოს, მე-19 საუკუნიდან იწყება, თუმცა, ჩემი აზრით, ჩანასახი იმ პირველ ამბავში უნდა ვეძიოთ, სადაც მთხრობელმა პერსონაჟები არ გაჟლიტა, რომელიმე დაენანა და ცოცხალი დატოვა. ჩვენ კი სერიულობის თაობა ვართ, სადაც ფილმებზე მეტად სერიალებს უყურებენ და ფილმებზე მეტად სერიალებს ქმნიან. ბლოგიც კი პოპულარულია, როცა განგრძობითი ამბავი ანონსდება. თითქოს ლოდინი არ გვიყვარს, მაგრამ ცხოვრებაში ხშირად ხელოვნურად ვიქმნით ლოდინს. სერიალები შეყვარებულების მესიჯობანას ჰგავს, როცა დარეკვაში ჩატეულ ხუთ წუთს გირჩევნია შეტყობინებები გზავნო მთელი საღამო. ან კოცნის პრელუდიას, როცა შეხებამდე მისასვლელ მანძილს წელავ. ესაა ლოდინის ესთეტიკა სერიალებშიც, კოლექტიური ლოდინის განცდა.

 მომლოდინე თუ განასახიერებს უსუსურობას, მალოდინებელი წარმოაჩენს თავის ძალაუფლებას, პრეროგატივას. ლოდინი ნიშნავს, რომ ვიღაც ჩვენ წინ არის რიგში ან ჩამოგვრჩება უკან, რადგან შეხვედრაზე დროულად არ მოვიდა. ანუ ლოდინი არათანხვედრაა, დეცენტრივიზმი, რაზეც არის აგებული მოდერნისტული კულტურა. ალოდინო სხვას, ნიშნავს გქონდეს პრივილეგია, ალოდინო თანაკურსელებს შენი გვიანი გამოჩენით ნიშნავს იყო ინდივიდი ბრბოში, რომელმაც ვერ მოიფიქრა სხვა ეფექტური საშუალება ყოფილიყო ინდივიდი. ალოდინო საყვარელს პაემანზე ნიშნავს აგრძნობინო მას თავი შეყვარებულად, რადგან დალოდებით ილინკება ღირებულება. აქ ჩანს მალოდინებელის კომპლექსი თავის ღირებულად გრძნობაში. ალოდინო ქვეშემრდომები თათბირზე ნიშნავს იგრძნო თავი მათზე უპირატესად. რაც ბუნებრივია, იმიტომ, რომ ცხოვრება ხანმოკლეა მხოლოდ მაშინ, როცა ახალშობილი კვდები სამშობიაროში, როგორც ჩემი სერიალის გმირი იტყოდა. თან რაც უფრო მოკლდება ცხოვრება, უფრო ველით. გვჭირდება ლოდინი, რომ ცხოვრება გადავაგოროთ. თავი რომ არ მოვიკლათ მხოლოდ ორი რამაა საკმარისი, გვქონდეს იმედი და ცნობისმოყვარეობა. და თუ ეს მიზანი ცხოვრების ბუნებრივად შეგვიმცირდება, ჰბო ან მსგავსი ორგანიზაციები თავს შემდეგ სეზონამდე გაგვატანინებენ.

 

 

6 responses to “ლოდინის თაობა

  1. მე პირიქით დიალოგები მიყვარს ძალიან. შეიძლება იმიტომ რომ ზარმაცი ვარ და უფრო მარტივად საკითხავი ლიტერატურა მიზიდავს. ვიქტორ ჰიუგოს ქონდა საბრალონში დაახლოებით 50 გვერდიანი მონასტრის აღწერა, არც ერთი დიალოგი, არაფერი. შევიშალე 🙂 შენ რომ უფანტაზიო ვერ იქნები, ამაზე არ დავწერ 🙂
    სერიულ გამოცემებს ვერ ვიტან. სერიალები მიყვარს, თუმცა ის სერიალები რომლების მინ. 1 სეზონი სრულად მაინცაა გამოსული. ლოდინს ვერ ვიტან. სერიალის ყურებას რომ დავიწყებ და ამოვწურავ უკვე გამოსულ სერიებს, ყურებას ვწყვეტ. ლოდინში ინტერესი მეკარგება და მორჩა. ყურების მთელი მუღამი იმაშია რომ ფილმზე მეტად გითრევს ხანგრძლივობიდან გამომდინარე და თან ფილმი 1,5 საათიანი გართობაა და შერჩევაზე უნდა იწვალო ყოველ ჯერზე, სერიალის შემთხვევაში საფიქრალი არ გაქვს 🙂 ნუ, პრინციპში ეგაა, ყველაზე მეტად ვერ ვიტან ლოდინს და საბოლოო ჯამში ინტერესს ბოლომდე ვკარგავ.

  2. ვაჰ, ლოდინი თუ ინტერესს გაკარგვინებდა, ეს შენზე ახალი ამბავია. უფრო ერთგული ტიპაჟი ხარ, ჩემი ხედვით.
    სერიალების ყურება ძალიან მიყვარს, მაგრამ სერიული გამოცემებისგან განვასხვავებ მატერიალურობით. წიგნი, როგორც ნივთი გროვდება.
    პ.ს. შენს დაბადების დღეს ველოდები პოსტიდან პოსტში.

  3. დიალოგები ერთადერთია, რასაც მნიშვნელობა აქვსო, მიგელ დე უნამუნო წერდა ბურუსში. შეიძლება მაგიტომაც მიყვარს ძალიან ეგ ბასკი მწერალი.
    სერიულ გამოცემებს არ ვუფრთხი, მიუხედავად იმისა რომ სრულად არც ერთი სერია არ შემიძენია :დდ
    ფილმებს და სერიალებს არ ვუყურებ :დდ
    წიგნის ბოლოს მთავარი გმირი ან უნდა მოკვდეს ან დაქორწინდეს, რაც ერთი და იგივეა :დ
    რაც შეეხება იმედს და ცნობისმოყვარეობას, პირველის ატანა არ მაქვს და გამოდის მეორე ყოფილა მნიშვნელოვანი ჩემ შემთხვევაში :დდ

  4. ჰო, მაგაზე არ დავფიქრებულვარ. ერთგული ტიპაჟი ვარ, მაგრამ სხვაგვარად გამომეხატება. ერთ სერიალს რომ ვუყურებ, მეორეს ვერასოდეს ჩავრთავ და ა.შ. ცვლილებებს ვერ ვიტან, ან ბოლომდე ვარ რაღაცაში ჩართული ან საერთოდ არ ვარ. რადიკალიზმი მახასიათებს ზოგადად და ერთგულებაც შეიძლება ამაში მერევა.
    მე ისეთი წიგნები არ მიყვარს მეორედ რომ აღარ დავუბრუნდები. თუ მეორედ არ გადავშალე დასრულებისთანავე ე.ი. შემიძლია გავაჩუქო.
    “წიგნი, როგორც ნივთი გროვდება.” – ამაზე არ მიფიქრია, მართალია.
    პ.ს. მეც ველოდები, თუ არ მომბეზრდა 🙂

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s