ინტერესების მიმომხილველი პროგრამა

ბარი შვარტზი გახლავთ არჩევანის სტრესის განხრით მომუშავე ფსიქოლოგი, განთქმული თავისი მერყეობებით. პირადად კი, წლების წინ გავიცანი როგორც TED მიმომხილველი. თქვა, რომ ცხოვრობს დროში, სადაც ექიმი პაციენტს უხსნის მისაღები წამლების სარგებელსა და შესაძლო უკუჩვენებებს, რითიც არჩევანის პასუხისმგებლობას იშორებს და პაციენტს აკისრებს. ამაზე კი ბატონი ბარი იმდენად წუხდა, რომ მიუძღვნა წიგნი, სტატიები, ლექციების კურსი, New York Times-ში რუბრიკა აწარმოა.

დავფიქრდი, რომ ჩემი ათწლოვანი სრულწლოვნობის მანძილზე არ მახსოვს საქართველოში ექიმი არჩევანი ჩემთვის მოენდო, ყოველთვის საექიმთაშორისო ანბანით ჩამწკრივებულ წამლებს ისე ვყიდულობდი, გვარიანად ვერ ვიგებდი რას ვმკურნალობდი. თქვენ თუ გქონიათ მსგავს ექიმთან ურთიერთობა, მითხარით. სანამ ბატონ ბარის წერილს მივწერ და საქართველოში დავპატიჟებ. აქაურობა ნამდვილად მოეწონება, რადგან მისთვის ეგზოტიკაა, მერყევი კაცისთვის კომფორტის დოზა (ზონა).

როდესაც მარტო ყოფნა მინდება, სადღაც დღეგამოშვებით, ბარში მივდივარ. ავითქვიფო მასაში, ვიგრძნო თავი ურბანული სამყაროს მოლეკულად, უჯრედად. ეს ისაა, რაც სიმარტოვეს მიმძაფრებს და ამავე დროს მცლის მისგან. კვადრატული იდეების შეჯვარების ოსტატი ვარ, ამიტომ რაც უფრო მეტად მეშინია უარყოფის, მეტად შემაქვს განაცხადი იმ ვაკანსიებზე, თავიდანვე რომ ვიცი განწირულობა. ჩვევაა ასეთი. სამაგიეროდ, გამოვიარე ძალიან ბევრი ინტერვიუ hr-თან, ძირითადად, ისეთი შეკითხვებით, რაზეც პასუხი უკვე რეზიუმეში მქონდა მითითებული და მწყინს, რომ გამსაუბრებლები საინტერესო შეკითხვებს არ სვამენ, არ მაფიქრებენ.

საინტერესო შემთხვევაა კოლექტიური ინტერვიუ, თუ გამოცდილი გაქვთ, მიხვდებით. ძირითადად, მულტიქსელიანი კომპანიები აწარმოებენ, შეყრიან რა მაძიებლებს დილით საერთო ტესტირების ოთახში, საღამოს საერთო გაცნობას აწარმოებენ. და ერთხელაც კოლექტიურად დაგვისვეს უინტერესო, ისედაც რეზიუმეში ჩასაწერი შეკითხვა, თუ რა იყო ჩვენი ჰობი. და იქ ოცდაათამდე ადამიანი დაიბნა. და ოცდაათამდე ადამიანმა უპასუხა, რომ ლაშქრობა, მთაში ხეტიალი, გზა: “აი, შარშანწინ შატილში ვისვენებდი კომფორტის გარეშე” ან “წინა ზაფხულს..” ერთი ჩემი მეგობარი ამას “მთაში დასვენება მიყვარს, მანგლისში”-ს სინდომს ეძახის.

მეც კი, როცა მთლიანად ურბანული ინტერესები მაქვს, მთიანი რაჭის ფოტოებითაც კი არ აღვფრთოვანებულვარ, უფრო ხშირად ვხეტიალობ მთაში. გამოდის, რომ ჩემი თანატოლი არასტუდენტი, უმუშავარი ადამიანები ნამდვილი გატაცებით წელიწადში ერთხელ თუ კავდებიან ან იმდენად არ იციან რა აინტერესებთ, რომ პირველი მთქმელის ვერსია გაამეორეს. თეორია მაშინ გამიმძაფრდა, როცა გამოსაცდელი პერიოდი მოგვცეს, დღეში ორიოდე საათით მისვლა, ქაღალდების, საბუთების, წიგნების თაროებიდან ჩამოღება, აღწერა და გადახარისხება. და, აი, მაშინ ვნახე სასწაული: ერთ კვირაში თაროებზე წიგნების დაწყობით ადამიანებმა წონაში დაიკლეს. მაშინ მივხვდი ბარი შვარტზის წუხილს, რომ ინტერესის არჩევაც რთულია.

StrengthsFinder 2.0 გახლავთ წიგნისა და პროგრამის სახელი, ჩემი აზრით, (არა მარტო) სამსახურის მაძიებლები და შემთავაზებლები რომ უნდა იყენებდნენ. პროგრამა ახერხებს ინტერესებისა და შესაძლებლობების დახარისხებას. რაც პიროვნებას საკუთარ თავს წარმოაჩენინებს, აპოვნინებს მათი გადაკვეთის წერტილს, რომელიც შეიძლება არ იცოდეს. დამსაქმებლები კი სიმპათიის მიხედვით, შემთხვევითი ადამიანებით კადრების დაკომპლექტებას შეამცირებენ. რადგან, როგორც პროგრამის ავტორი იტყოდა, მხოლოდ რეზიუმეს ინჟინერიის გამო მუშაობა პოსტსექსუალურ ასაკში სექსის მცდელობას ჰგავს.

სტატიას კი კიდევ ერთი TED მიმომხილველის თეორიით დავასრულებ, რომ ადამიანი პროდუქტიული დასვენების დროსაა. თუ 25 წლამდე პიროვნება დროს სწავლას უთმობს, შემდგომი 40 წელი მუშაობს, ხოლო ბოლო 15 წელი პენსიაზე ისვენებს, ბატონი სტეფანი ფიქრობს, 40 წლიანი მუშაობა შუაში 5 წლიანი პენსიით გაჩეხოს. არ მგონია ვინმემ აიტაცოს, მაგრამ კარგი საჭორაო თემაა.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s