რამდენად მალეა ახლა?

სათაური სმიტის სავიზიტო სინგლიდან ავიღე, “ზებუნებრივის” წინამორბედი სერიალის სასაუნდტრეკე ქოვერიდან. პერიოდი იყო, როცა ინგლისურ ფეხბურთს ვგულშემატკივრობდი, ყოველ შვიდ საათზე კი რეპეტიტორთან წასვლის დრო მქონდა. ის წელი დამამასხოვრდა, როგორც ყველაზე ყინვიანი ზამთარი, რაც კი 28 წლის მანძილზე გადამიტანია. ვინაიდან ტელევიზორში სერიალიც შვიდზე იწყებოდა, ყურებას ვერ ვასწრებდი, თუმცა გასვლის წინ გასათბობად საუნდტრეკს მოვუსმენდი ხოლმე, დავიგროვებდი პირში ოთახის მოთბილო ჰაერს, რომ 10 წუთიანი სირბილის მანძილზე შემთხვევით ცივი ჰაერი არ ჩამეყლაპა. გადასალახი მანძილი მქონდა ე.წ. ცეკას დაღმართიდან ყოფილ პურის ქარხანამდე, რჩეულიშვილის ცოლმა იქ მერე სახლები რომ ააშენა. ამიტომ ყინვა რომ მომეტყუა, წარმოვიდგენდი, რომ ჯერაც გამოდიოდა ცხელ-ცხელი პურების სუნები, ლოკალურად რომ იაფად არიგებდნენ. ხოლო თუ ჩაგუბებული თბილი ჰაერი გამითავდებოდა, ვღიღინებდი: “Glory, Glory to Man Utd”-ს, “You never walk alone”-ს და ბოლოს მოსმენილ “How soon is Now?”-ს.
თუმცა მე მაშინ witch-ების პირადი ცხოვრების შეზღუდვად აღვიქვი, მოგვიანებით გავიგე, რომ სმიტის ეს ცნობილი სიმღერა გეი ჰიმნს წარმოადგენს, გადმოსცემს აკრძალული სიყვარულის ტანჯვას: “I am human and I need to be loved just like everybody else does”. კრიტიკოსები კი წერდნენ, რომ ჰეტეროსექსუალი ურთიერთობა ბანალურობამდე ამოიწურა, ჰომოსექსუალური კავშირი მალე კომფორმისტული გახდება და არქივში ჰეტეროსექსუალურობას მიუსვამენ, ხოლო ტრანსგენდერად ყოფნა ისაა, რაც სამედიცინო სფეროს ფუტურიზმს მოუტანს. მსგავსი შეგრძნება მქონდა “The Lobster”-ის ნახვისას, რომ ე.წ. ნამდვილი სიყვარულისთვის საჭიროა ნონკომფორმიზმი, მუდმივი დაძაბულობის განცდა, რადგან თითქოს ადამიანებს არ უყვარდებათ შესაყვარებლად გამზადებული პარტნიორები. ისეთივე შეგრძნება, როგორც “Reverent”-ის ყურებისას ჩამებეჭდა სხარტი რეცენზენტის სიტყვები: “ეს იყო ტკივილის პორნოგრაფია შინაარსის გარეშე”, – მთლიან ფილმს რომ ერთი ფრაზით აღნიშნავს.
ვისთანაც მისაუბრია, უმეტესობა აღნიშნავს, რომ ურთიერთობებში საერთო დაბრკოლებები აძლიერებს ვნებებს. მაგალითად, ცხვირიდან ქრონიკული სისხლდენა იქნება ეს თუ სიელმე. ხოლო როდესაც გარემო წყვილისთვის პრობლემას არ ქმნის, თავს ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები იჩენს. მაგალითად, რაიმე აზარტის გაჩენა ურთიერთობაში, ხელოვნურად შექმნილი ეჭვიანობის საბაბები და ა.შ. ალბათ ამიტომ მაშინებენ რომანტიკული ადამიანები, მგონია, რომ ურთიერთობებს ქარის წისქვილების ძებნაში გაანადგურებენ. მე არ ვიცი რამდენად მალეა “ლობსტერის” დისტოპიურ რეალობამდე, მაგრამ ალბათ სმიტი არ შემიყვარდებოდა გაყინვის შიშის გარეშე. დღემდე თუ ვინმე ან რამე მიყვარდება, მათთან არანაირი აზარტი არ მაქვს, მხოლოდ ისინი, ვინც ასოცირდება სითბოსთან და სიმშვიდესთან, მაგალითად, ვინც იყოფს ჩემთან კომუნალურ გადასახადებს, რომ სიცივით არ მოვკვდეთ, და ამ ყოველდღიურობაში არაფერია მოსაწყენი.

One response to “რამდენად მალეა ახლა?

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s