დედაო მართას ქოხი

შეიარე ხოლმე მიტოვებულ სახლებში. თუნდაც ორიოდე მეტრზე ქარისგან შეყრილი ნაგავი აიღო, რომ შუა თონეში კარავი გაშალო, მზის ამოსვლასთან ერთად გაიღვიძო, შუქზე ხელის ბუსუსები დაითვალო, მარილიანი კანი აილოკო. კი არა და.. აი, მე ხელებში რაღაც ნაპერწკალი მაკლია, ისე ვატარებ სოფლებში ღამეებს, რომ ნორმალურად ფეჩის დანთება არ გამომსვლია.

მომნატრებია უმეგობრო ჩემი თავი (ვაზვიადებ), მარტოსულად მოხეტიალე თავგადასავლის შეყრის იმედით, ონავარი, სოფლის სახლებში რომ იპარებოდა და უბოქლომო დღიურებს კითხულობდა, ნაჭრებში გახვეულ რვეულებს, ფოთლებით გაფორმებულს, კრაოტების ქვეშ ობობის ქსელებში ჩამალულებს. მე წავიკითხე მეამბოხე ქალის 9 აპრილი, ბიჭუნა წავიკითხე, რომელიც დილაობით კატებს ასეირნებდა, ბაყაყებს ბერავდა, თან რაღაც დასკვნები გამოჰქონდა, სამამულო ომიდან წერილები წავიკითხე ცოლისთვის დაწერილი. ოო, არ გამკიცხოთ, მათი არეული სახლი დავალაგე, თითო ჭიქით ფუძის ანგელოზები დავილოცე. მეგობრებმა, ნოლანის მდევნელივით არ დაამთავროო.

დედაო მართას შესახებ ქალთა მონასტრიდან გავიგე, წლების წლის წინ მონაზვნებმა სადაც შემიფარეს, ვლოცულობდით, მიწას ვამუშავებდით, თავისუფალ დროს კი ამბებს ვყვებოდით. აღიკვეცა, მაგრამ კაცი შეუყვარდაო, კვირაობით სხვა სოფლიდან მღვდელი წირვის საკითხავად ჩამოდიოდა და მასთან გაიპარაო. ეშმაკი შეეყარათო, მაჯებზე რომ ვარდის ზეთს უსვამდაო. კვეთებული უნდა წაუკითხონო. ბოლო დღეს რომ ვნახე, ბზას აქუცმაცებდა და ლოცვისას გული მისდიოდაო. იქნებ ფეხმძიმედ იყოო. სამაელისგანო. გაჩერდნენ. აღკვეცამდე აქვე ცხოვრობდა, ინგრევაო მისი ბუდე. თავზე ღამე თუ წამოგეწევა, შევლა არ გაბედო, უპატრონო სახლიდან კვამლი ამოდის, ჭინკები დაძრწიანო.

მედიტაციურია ბრინჯის რჩევა რუტინული ბუნებით, მეც ადიალას შემოვიხვევდი და ასობით ბრინჯის ინდივიდუალიზმი მიხვევდა თავბრუს. მონასტერში ორი დღე გავატარე. საუზმისთვის ბრინჯს ვარჩევდით, როცა ხმაური მოგვესმა, ტაძრის ეზოში ბატკანი შემოიყვანეს და კლავდნენ, ცხინვალში ომი ახალი დამთავრებული იყო. დედაოებმა არ დააკვლევინეს, ბატკანი მოიპარეს და ქალთა მონასტერში გადამალეს, კაცები ხომ ვერ შემოხვალთო. ბატკანს რძე დავალევინეთ, ლეკვთან ვათამაშეთ.

ამ დღეებში მართას ქოხში შევიარე. ფეჩიდან კვამლი ამოდიოდა. მოლაშქრეები დამხვდნენ სასმელებით და საძილე ტომრებით. მეთქი უპატრონო სახლში თურმე ვინ ახურებს ფეჩს ჭინკების ნაცვლად. რა გქვიაო. მექანიკურად ვუთხარი, რომ ანნა. ძალიან მომენატრა ანნაობა. ჰო და მართას სახლში ისევ ვიყავი ანნა. ანნა. ბევრჯერ უნდა ვიხმარო ტავტოლოგია. ან რას ერჩიან ტავტოლოგიას. თბილისში რომ ჩამოვედი, ვიღაც კაცი ასეირნებდა ავლაბარში ძალიან ბევრ კატას. ლამის გამოვეცნაურე. შეიძლება თქვენც შეგივლიათ მართას ქოხში.

2 responses to “დედაო მართას ქოხი

  1. გამიხარდა შენი პოსტი რიდერში. კეთილი იყოს შენი დაბრუნება ანნა ბლუმ 🙂

  2. იქით შევიხედე და რომ აღარ დამხვდი, შევშფოთდი. მერეღა ვიფიქრე ამ მიტოვებულ სახლში შემოხედვა და გამოხარდა, რომ ბოლომდეე არ მიგიტოვებია.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s