რატომა აქვს სათამაშო ბოჩოლას სევდიანი თვალები?
იმიტომ, რომ მარტო სათამაშოდ უნდათ.
შეკითხვის სათავე იმ უახლესი წარსულიდან მოედინება, როცა მეგობრის ქმარმა ცოლთან და სკოლამდელ ბავშვებთან ერთად ცოლის მეგობრები ქალაქგარეთ დაგვპატიჟა. ვინაიდან განქორწინებაზე ფიქრს მშობლები ისტერიამდე მიჰყავს და ბავშვები სათქმელს მავნებლობით გამოხატავენ, ვიკისრე მოვალეობა და ჩემი მცირეწლოვანი მეგობრებისთვის თამაში გამოვიგონე: ყოველი მოწყენის შემთხვევაში ვიღებდით სათამაშო ცხოველს და საკუთარ წყენებზე მესამე პირში ვყვებოდით. ზოგადად, ბავშვის დატვირთვა აუცილებელი გვგონია, რადგან როგორც კი დაუსაქმებლები არიან, მოწყენისგან მავნებლობენ.
რატომა აქვს სათამაშო ბოჩოლას სევდიანი თვალები?
იმიტომ, რომ ქარის ეშინია.
თორნიკე ორი წლისაა და ძალიან ეშინია ქარის. პირველად ვნახე ადამიანი ჰაერისადმი შიშით. არა და მისი კულულა თმა სიარულისას ხტუნაობს და ტიტლიკანა თუ გაიქცევა, რენესანსული ფერწერის ანგელოზებს ჰგავს. მეთქი ნათლია ვარ, ჩემი ვალია ქარი შევაყვარო. ამიტომ გამოვიგონე ზღაპარი კეთილ ქარებზე, როგორ გადაჰქონდათ ყვავილებიდან ყვავილებზე სიცოცხლე ნანატრი და მოიმედე, რომ მხოლოდ ქარისას შეიძლებოდა სხვა დროს მდუმარე ფოთლების მოსმენა. და, ჰოი, საოცრებავ, ყურები ლეღვთა ფოთლებთან მივატანინე შრიალის მოსასმენად. რა არ ვიღონე, რომ ჩემი გეოგრაფიული ცოდნა ზღაპრებად მექცია, მაგრამ ქარი ვერ შევაყვარე. საღამოს დედამისი მეუბნება: ეს შიში მას შემდეგ დასჩემდა, რაც ეზოში ჩასვლაზე ქარის გამო უარს ვეუბნებიო. ჭირი იქა, ქატო აქა, გაციებისგან გადარჩენის სანაცვლოდ დაფობიებული ბავშვი მიიღო, დედის კალთაში ჩარგული სახით.
ბავშვის აღზრდაში მკაცრად განსაზღვრული წესების მომხრე ვარ. მიუხედავად იმისა რომ მგონია, ბევრი დამოუკიდებელი ლეველი უნდა განვავითარებინოთ, ამ ასაკში თავისუფლებას ვერ მივცემ. მაგალითად, არ მომწონს, რომ არც ერთი ჩემი მეგობრის შვილს საბავშვო სავარძელი მანქანისთვის არ უხმარია. ეს ბავშვებიც ისე იზრდებიან, რომ მცირე წუწუნის მერე მშობლები წინა სავარძელში დაჯდომის ნებას აძლევდნენ. უფრო ლიბერალურად დიქტატორიზმის მომხრე ვარ. ვიცი სხვა ორი წლის ბავშვი, ლოგინში შესაძლო დასველებით ისეთი შეშინებული, რომ ძილი ერღვევა და ყოველ საათში ერთხელ ეღვიძება. გადაუწიეს მშობლებმა ღამის ძილი – არ უშველა, შუადღის ძილი მოუშალეს – არ უშველა. სანამ არ წაიღეს დამსჯელობითი სიტყვები უკან, ნორმალურად ვერ დააძინეს.
რატომა აქვს სათამაშო ბოჩოლას სევდიანი თვალები?
იმიტომ, რომ გოგოა.
ნატალი ოთხი წლისაა და ძალიან აკვირვებს ჩემი ცისფერი ჯემპრი, რომ ჩემს ნახატებში ბიჭებსა და გოგონებს ერთი ფერის აცვიათ, რომ რეალურ, საისტორიო წიგნებში დედოფლები დისნეის მულტფილმებივით გამოთლილნი კი არ არიან, გადაბმული წარბები და განიერი ბეჭები აქვთ. ეს ის ასაკი აქვთ, სასქესო ორგანოების დემონსტრირებას რომ ახდენენ ერთმანეთთან, ექიმობანას თამაშის ცნობილი მიზეზია, მაგრამ პირველად გავიგე, რომ ამ ხნისები ერთმანეთს სქესის განმასხვავებელი ნიშნებით მიმართავენ. დედამისი მეუბნება, რომ ცისფერისა და ვარდისფერის ფენომენი სათამაშოების გაყოფიდან დაიწყო. ბიჭური და გოგოური ნივთების კლასიფიკაცია საკუთრებას უკამათოდ უწყვიტავდა.
არა და როგორ გინდა უთხრა, რომ დედამისი ცდება, რომ კომფლიქტის გადაწყვეტის მარტივი ხერხია, ატყუებს, რადგან ეუბნება რისიც თვითონაც არ სჯერა. ან მაქვს საერთოდ უფლება დიდარქტიკული მოძღვრებები ვუკითხო. ან იქნებ ღირს ფანტაზიის გაღვივებისთვის ძილის წინ ატომების ატმებივით ხლეჩვისა ან ჭიანჭველათა შრომისმოყვარეობის ამბების ნაცვლად რაინდებზე, დევებზე ან ფასკუნჯებზე ვუყვებოდე. იქნებ თოვლის ბაბუის დაჯერებით გამომგონებლური ნიჭი უვითარდება. ან გვაქვს თუ არა მორალური უფლება წესების დარღვევისთვის ვტუქსავდეთ, როცა საღამოობით ხელებში ჩაძინებულ ბავშვებს ლოგინებს მივაბარებდით და სასაცილო ბალახებს ვეწეოდი. არა რა, არ შემიძლია ზრუნვა საკუთარ თავზეც კი. სამეგობროში კიდევ ერთი დედა გვყავს, ისეთი ისტერიულია, ძუძუებიდან რძე უკვე თვითნებურად უსხამს, ერთ დვრილს ჩაუდებს და მეორიდან გამოედინება. ჩემი აზრით, მეგობარი ლაქტაციის პერიოდში უნდა შეიცნო. არა და ვერც მისი ქმარი ხვდება რა სჭირს, უბრალოდ ქალები ვხვდებით.
რატომა აქვს სათამაშო ბოჩოლას სევდიანი თვალები?
იმიტომ, რომ ძალით აჭმევენ.
ოო, კვება ხომ ის პირველყოფილია დასაწყისში შვილს დედას რომ მოანატრებს. გამიგია, თავიდან შვილებს დედა კვების გამო უყვარდებათო. ისედაც, ბავშვები ყველაფერს პირში იტაკებენ და ამით საგნებს აღიქვამენ. ერთხელაც ძილის წინ ნატალიმ მომიყვა ზღაპარი, რომელიც ჩემს თვალში ჰორორი უფრო იყო: იყო და არა იყო რაო, ერთი გოგონა ცხოვრობდაო, საჭმელს არ ჭამდაო, ამიტომ დედამ ფანჯრიდან მოისროლაო, მერე ის გოგო მგელმა შეჭამაო. დასასრული. მეთქი, მეგობრულად, როგორც დაქალები ჭორაობენ, რა უნდა გავაკეთოთ უფროსებმა, რომ ბავშვებს მოსაწყენი სადილები შევაყვაროთ? დედა ძალიან ბევრს მაჭმევს და კვებისას ამიტომ ვტირივარო. სინამდვილეში სადილამდე ბავშვები კანფეტებით ძღებიან და კერძებისთვის მადა აღარ ჰყოფნით. დედა მაინც უყვება ხოლმე სადილობისას ზღაპრებს და თამაშით იკვებებიან, ეს მომწონს. ხანდახან ჭამობანას ვთამაშობთ, სხვადასხვა ოთახში დავსხდებით თეფშებით და აუცილებლად უნდა შევუსწროთ ერთმანეთს პირში კოვზის ჩადებისას. ან ვუყურებთ ზღაპრებს პროდუქტების მითიურ წარმომავლობაზე. ან ვულაგებთ სავარაუდო ბოსტნეულს და ნებას ვრთავთ, რომ თავად მიიღონ მონაწილეობა მზადებაში.
აი, როგორც ბავშვს მოსწონს ძუძუს წოვის პროცესი და საქმე მხოლოდ კვებაში არაა, ხელოვნური პროდუქტების მიღებისას იგივე უნდა გაგრძელდეს, უნდა მოსწონდეს როგორ ჭამს, რომ ჭამოს. მაგალითად, გაგანია ზაფხულში, მე არ დავაძალებდი ცხიმიანი საკვების დიდი რაოდენობით მიღებას. და კიდევ ერთი: მე მივაჩვევდი ღეჭვას. ბავშვი უნდა მიაჩვიოს ღეჭვას. არ უნდა გავიადვილოთ საქმე ბლენდერებით. აი, ნატალი ოთხი წლისაა და დაბლენდერების ან გამალებით ჩაზელვის გარეშე მგონი არ უჭამია. ხოლო რძეს რაც შეეხება, შვილიანი მეგობრების სახლში როცა შევდივარ, ცოტა ხანშივე ვატყობ ბუნებრივ კვებაზეა ბავშვი თუ ხელოვნურზე. რითი და მათი დასვრილი საფენის სუნით. დიდი ქონიანი კაცი რომ დააყენებს, ისეთი სუნი ასდით ხელოვნურებს. ეს მომწონს, რომ ძმის შვილს, დედაჩვენის ხელში, საფენი არ უხმარია სამი თვიდან. გამოთვლილად იცოდა კვება და წუთობით ხვდებოდა როდის სჭირდებოდა ბავშვს მონელება. ზოგადად, მოზრდილისთვის შეიძლება, მაგრამ ბავშვისთვის დაუგეგმავი კვება ისედაც სახიფათოა, მაგალითად, ხშირი კვებისას მომნელებელი სისტემა რომ არ გამოვიდეს წყობიდან და ა.შ.
რა სასაცილო სიტყვაა “ბოჩოლა” და თან მოსაწყენი.
ბავშვების სახელები შევცვალე.
ახლა კი ისევ ზღვარზე ვფიქრობ: მე რომ მეგობრების შვილებისადმი ურთიერთობა არ მომწონს, როდის შეიძლება ჩავერიო უცხო ადამიანი ოჯახში? თორემ უცემიათ ბავშვი და მე მხოლოდ ჩემი თეორიებით ვდგარვარ და მისთვის ცხვირ-პირიდან სისხლი თუ მომიბანია. ასე ბლოგიდან მაქვს დიდი გული და ვიტყვი: ნუ გააჩენთ ბავშვებს ოჯახის გასამტკიცებლად, საახლობლოში მე მხოლოდ ამ მიზეზით გაჩენილ ბავშვებს ვიცნობ და ვვარაუდობ, რომ კიდევ იქნებიან.
რა დააშავეს ბავშვებმა დიდი ბავშვების ხელში.
რა მაგარი სტატიაა (პოსტს სპეციალურად არ ვწერ). პირველად წავიკითხე, ადამიანმა, რომელსაც ჯერ შვილები არ ჰყავს, ასე კარგად დაენახოს ნამდვილი სიტუაცია.
ვივა ლიბერალურ დიქტატურას!!! 🙂
მე რაც ბაღში დავიწყე მუშაობა, სულ გაოცებული დავდივარ და სულ ქართულ ანდაზებს ვამბობ გულში :ლოლ:
“შეძახილმა ხე გაახმოო…”
“დედა ნახე, მამა ნახე…”
“ბავშვი ოჯახის სარკეაო…”
“რასაც დათეს, იმას მოიმკიო…”
რის აღმოფხვრასაც ყველაზე მეტად ვცდილობ, არის ეს ცნებები: მოსაწყენი და მეზარება.
ჩემმა შვილებმა იციან, რომ ჩვენ მოწყენისთვის არ გვცალია და ყოველთვის არამოსაწყენი საქმით ვართ დაკავებული. სახლში კიდევ საქმე ყოველთვისაა და თუ ვინმემ მოიწყინა, შეუძლია საქმის კეთებით გამხიარულდეს.
შესაბამისად, ჩემი ბაღის ბავშვებიც მიეჩვივნენ, რომ შეიძლება მოსაწყენი იყოს რამე (მათი გრძნობები ჩემთვის მნიშვნელოვანია) აქტივობა, მაგრამ თუ უმრავლესობას მოსწონს და კარგად თამაშობს, ისიც უნდა ჩაებას ან ხელი მაინც არ შეუშალოს სხვებს.
დაზარება კიდევ, სავარაუდოდ უფროსი ასაკიდან იწყება და ჯერ ამას არ შევხვედრივარ.
ქარის რომ ეშინია იმ ბავშვზე.
არ არსებობს ადამიანი ისე გაიზარდოს, რამე შიში არ დასჩემდეს, ტრავმები არ მიიღოს ბავშვობიდან, მშობლებსაც ბევრი რამე შეეშლებათ, მაგრამ არა მგონია, ეს სასიცოცხლოდ დიდად მნიშვნელოვანი იყოს. აი, როგორც პირველ ფოტოზე გაქვს, ბავშვი ტალახს, ნაგავს რომ ჭამს და ყოველ მომდევნო შვილზე მშობლებს მშვიდი რეაქცია აქვთ, ხანდახან ასეც ხდება, მაგრამ თუ ბავშვი მოსიყვარულე და მხიარულ (ამავე დროს, პრინციპულ) ოჯახში იზრდება, დიდობაში შიშებს გადალახავს და ყველაფერი კარგად ექნება, ისევე როგორც თმაკულულა თორნიკეს.
4 წლის ბავშვი რომ მხოლოდ პიურეს ჭამს, ეს კი ძალიან ცუდია და მშობლები ჰყავს დასამოძღვრი. ბუნებრივია, 24 წლამდე ასე არ იქნება, მაგრამ მის ხასიათზე იმოქმედებს და ეყვარება, მის მაგივრად სხვებმა აკეთონ საქმე და ყველაფერი ისეთი რბილი და ადვილი გადასაყლაპი იყოს, როგორიც დაბლენდერებული საჭმელი 😦
ბოჩოლა თიანეთში იციან თქმა ხბოზე ;0) მე სულ ვამბობ, ბავშვი ბოჩოლა არ არის, დაბადებიდან 1 საათში ფეხზე დადგეს და მეორე დღეს უკვე თავისით იკუნტრუშოს, დისციპლინა, აღზრდა და მზრუნველობა სჭირდება, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი.
აი, ბავშვს თუ ისე სცემენ, რომ შენ მერე სისხლი მოგიბანია, ეგ გაუწონასწორებელი მშობლების მიერ ბავშვზე ძალადობაა და ორივე მხარეს ფსიქოლოგის თუ ნევროპათოლოგის ყურადღება, მკურნალობა სჭირდება. აუცილებლად!
სოფია:) მაინტერესებდა შენი აზრი, გავბედავ და დავარქმევ, ჩემს დედურ პოსტზე. მგონია, რომ ქალიშვილობაში ყველა ბრძენი თეორიტიკოსია. დედობის პრაქტიკაში კი ჩემს მეგობრებზე უარესი დედა აღვმოჩნდები. მაგალითად, იმ ბავშვის შიშებზე ძალიან განვიცდი, მაგრამ არ ვიცი როგორ შევუმსუბუქო, უღონო ვარ. მე არასდროს გამომიცდია და ვერ ვხვდები. მაგრამ სადღაცას ვკითხულობდი, რომ ბავშვის ნებისმიერი შიში მიტოვების შიშიდან მოდის: აი, ქარში რომ გავცივდე, დედა დაიღლება ჩემი მოხედვით, რომ ჩავისვარო, დედას იმედს გავუცრუებ და სხვა. ამიტომ ნებისმიერი შიშის შემთხვევაში მიტოვების შიშზე უნდა აუხსნათ, რომ მშობლები მაინც მის გვერდით არიანო.