ორსული დედის მუცელზე

875879

ხანდახან გამოღვიძების მიზეზებზე ვფიქრობ. აი, გუშინ ჩემი მაქცია ხელები, მთელი ღამე ბალიშად რომ იყვნენ ქცეულნი, ამტკივდა და ამიტომ გამეღვიძა. თვალებამდე აწეული ტომარა წელამდე ჩავიწიე, ძვლები გავიტკაცუნე, თანაკარველები დავათვალიერე. ღმერთებმა ნათლობისას ფხიზელი ძილი დამაწყევლეს, ხასიათი ბოლომდე ძილშიც კი არ გაგეთიშება, შენ ღრმა სამყაროში რა გესაქმებაო, ლევიატაციის პირველ სართულებზე დარაჯობა თუ გამოგივაო. სახლში დარჩენილი დედაჩვენები წუხდნენ, ვეფხვიო, აფთარიო. დედა მეთქი, მაქსის მგელი ჰყავს მოკლული თუ ნაცემი, ძლიერია მეთქი, კუნთიანი. არა და წვრილძვლიანი და ცხოველთმოყვარეა, ამიტომ თამუნამ: ჰა-ჰა-ჰაო.

75789

რადგან ღმერთებმა ფხიზელი ძილი დამაწყევლეს გემოვნებიანი უძილობით ვიცი, რომ წუხელ მაქსის ზურგზე ეძინა, თამუნა კი ჩემსავით ზედაპირულია, ძილზეც კი უჭირს კონცენტრირება და გვერდიდან გვერდზე ბრუნავდა. ვწრიალებდით ორნი კარავში, მაქსი კი: “ხფშშ..” – და კოღოს ნაკბენს იფხანდა. იმ კოღოს ნაკბენს, მე რომ კარავში შემოპარული ბუზი მეგონა და მაქსმა ძილში სწორედ მაშინ დაიფხანა ნაკბენი, როცა თამუნამ კოღოს კედელზე სისხლი გააფრთხობინა. თამუნა წიპა: “ეე, მაქსის სისხლი დავღვარე”. დაძინებამდე კი ნამცეცებმოგდებულ ჭიანჭველებს ტვირთის გადატანაში ეხმარებოდა, მიწოლითაც და მორალურადაც: “ასწიე, ჭიანჭველა ხარ თუ პროპკა”. მე და მაქსი: “ჰა-ჰა-ჰა”.

IMG_1250ტყეებში შეგიძლიათ იპოვნოთ გვირილები და ჩაი მოიხარშოთ, ნაყენი თავზე გადაივლოთ, დამამშვიდებსო, სახე გამისუფთავდებაო, თმა გამიღიავდებაო. გვედგა ქვაბი და ვხარშავდით, დაკრეფილი ტყემლით საწებელას ვამზადებდით,  სოკოს მოუხდებაო, ხეებში ამოსული ნორჩი მარწყვებიო, ათას ორასი წლის ხეო, თამარ მეფეს რომ დაუწყევლია, ამის ხელის მხლებსო ასე და ისეო, ვიღაცას დაუწვავსო, იქიდან აქლეტილი ქერქიც კი მოვხარშეთ, ბრძენი მცენარე დავლიოთო, თბილისიდან ჩატანილი ღვინოო. თამუნამ, თევზებმა დამკბინესო. თი-თიო, – თუ რაღაცა შეძახილით აფრთხობდა. მე კიდევ: “ჰა-ჰა-ჰა”.

თუ წყლისგან აჩქარებული გულით ხმელეთზე აბობღდები, მიწაზე პირქვე დაემხობი, ისეთი შეგრძნება გექნება, თითქოს დედამიწამ ჯერ ქვესკნელისკენ წაგიღო და მერე დაბლიდან მაღლა აგაგდო. ანუ შენი გულის ცემა იმდენად გიუცხოვდება, იბნევი და გგონია, შენ არა და, ასე დედამიწა სუნთქავს, დიადი მეძავის გაბერილ მუცელზე მოკალათებულხარ და უსმენ როგორ ხდება ფონი პორტრეტი. ისეთი ილუზიაა, მიმავალი მანქანიდან რომ გგონია, რომ ეს შენ კი არა, ხეები მიდიან. დედამიწა გავიგე მეთქი და ახლა თამუნამ და მაქსიმ: “ჰა-ჰა-ჰა”.

6986787

3 responses to “ორსული დედის მუცელზე

  1. შენს პოსტებს ერთხელ კი არა , რამდენჯერმე ვკითხულობ ხოლმე .
    ესეც სამჯერ შემომეკითხა ^^
    მშვენიერი რამეა

  2. გამოხმაურება: ამოჭრილი მიწა | Merz AnnA Blume

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s