ღვინო სერსეისავით უნდა სვა და ობერინივით უნდა შეიყვაროო, – თამბლერმა. მართლაც, მიმზიდველი გრაციოზულობით უპყრია ჭიქა.
ხოლო ერთ სიტკომში როცა შელდონ კუპერმა პენის ჰკითხა, რა ზებუნებრივი ძალა გინდა რომ გქონდესო, – ბიბლიას დავესესხები და წყლის ღვინოდ გადაქცევა მინდა შემეძლოსო. ამ ეპიზოდზე შეზარხოშებული ქრისტე მახსენდება, მე ვკისრულობო, რომ აიტეხა.
ის იცით? მარიამი რომ იესოს ეკითხება: მართლა აქციე წყალი ღვინოდო? – შენ კიდევ მართლა ქალწულმა ჩამსახეო, – კითხვას უბრუნებს. არა და მხოლოდ ღვინოზე უნდა მესაუბრა.
სანამ დოლარის კურსი ჩემს სურვილებზე მაღალი აღმოჩნდებოდა, ერთი გატაცება მქონდა, სხვადასხვა ქვეყნის ღვინო დამეგემოვნებინა, მაგრამ ნახევარი წელია შეფერხდა. აქამდე მოვასწარი მხოლოდ ავსტრალიური, ფრანგული და ბერძნული თითო ბოთლი ღვინის მიღება.
ერთხელაც ამ სასმელზე ლიტერატურას მოვიძიებ და თავიდან ვისაუბრებ, მაგრამ ამჟამად მოგიყვებით ღვინის შესახებ ამ ეტაპზე რაც ვიცი და მახსენდება.
ღვინო როგორც ა) ვიზუალური ხელოვნება:
ცქერისას, სასურველია ჭიქა თეთრ ფონზე გვეჭიროს, რომ არ მოხდეს ფერების მცდარი დიაგნოზი. მაგალითად, თუ თეთრ ღვინოს მუქი ყვითელი ფერი დაჰკრავს, შეიძლება მეტი მუხაა (მგონი ასე ჰქვია) შეყოლილი ან ბოთლის გახსნამდე ჰაერმა გაჟონა და ჟანგვის პროცესია დაწყებული.
ღვინოს ჭიქაში დატრიალება უხდება, იმედით, რომ მსუბუქად ილივლივებს, კედლებზე ფხვნილად არ დარჩება. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე მეგონა, მაგრამ მხოლოდ ეს მიზეზი არ ყოფილა, სითხის მოძრაობის მანძილითა და სილაღით ღვინოში ალკოჰოლისა და შაქრის შემცვლელობას ხვდებიან.
აქამდე ბანალურად მეგონა, რომ წითელი და თეთრი ღვინის სხვაობა ყურძნის ფერზე იყო დამოკიდებული, არა და ხშირად ფერმენტაციული პროცესი მუშაობს. ისიც კი მეგონა, რომ ღვინო მხოლოდ ყურძნისგან მზადდებოდა.
ღვინო ბ) ყნოსვითი ხელოვნება:
შესუნთქვამდე ღვინო აუცილებლად უნდა დატრიალდეს ჭიქაში. ყნოსვით ხვდებიან თუ რა არის დაწურული. სულ ცოტა სამიოდე დატრიალება და შესუნთქვა მაინც სჭირდება ხოლმე ზუსტი დიაგნოზისთვის. მაგრამ იმდენად არ მაქვს ცხვირი განვითარებული, რომ მე ვერასდროს მივხვდები.
ღვინო როგორც გ) გემოს ხელოვნება:
ზოგადი რომ ვიყო, თეთრ ღვინოს ჩაციება უხდება, წითელი კი მზეზე ჩათბუნებისას გვაძლევს სიამოვნებას. გავაზვიადე, ოთახის ტემპერატურა ოპტიმალურია. ჩემი აზრით, კი კრიმინალიზირებული უნდა იყოს წითელი ღვინის ჩაციება. აი, საფრანგეთში ღვინოში შაქრის დამატება თაღლითობის ბრალდებით სამართლდება.
პირველი ყლუპი პირში ისე უნდა დავატრიალოთ, რომ ღვინით მთლიანი ენა გავჟონოთ. გემოს კი მას შემდეგ უნდა დავაკვირდეთ, რაც ღვინიან ენას ჰაერზე გამოვყოფთ. აქ უკვე ეტყობა ღვინო რომელ მინერალს შეიცავს.
მნიშვნელობას აქცევენ, არა მხოლოდ პირველ შეხებას ღვინოსთან, არამედ, ბოლოს დატოვებულ გემოს პირში.
ჭურჭელი:
წითელი ღვინის ჭიქას, თეთრთან შედარებით, მოკლე ყუნწი, მაგრამ განიერი სათავსო აქვს, ბუთქუნაა.
თეთრი ღვინის ჭიქა გრძელფეხა და წვრილტანაა.
ბორდოს ტიპის ჭიქა ორივე ფერის ღვინისთვისაა განკუთვნილი.
მეტიც, ჩემი აზრით, წითელი ღვინის ჭიქას მოკლე ფეხი იმიტომ შეუქმნეს, რომ დაჭერისას ხელი ყუნწუდან თასზე გადავიდეს და მეტად ჩათბილდეს. ხოლო თეთრი ღვინო ჩაციებული ამჟღავნებს არომატს, ამიტომ ცოდვაა ყუნწის ზემოთ მისი დაჭერა.
მაგრამ ჯერ ვერ მომიფიქრებია რატომაა უფრო მსუბუქი თეთრი ღვინის ტანინი წითელისაზე.
ღვინის სხვადასხვა სახეობას სხვადასხვა ფორმის ჭიქა სჭირდება, თუმცა ჯერ თავადაც ვერ ვანსხვავებ და შეცდომაში შეგიყვანთ. ამიტომ ზოგად მიმოხილვაზე შევჩერდები.
Beaujolais Nouveau ბურგინდიიდან. ფრანგული ღვინებიდან ავირჩიე, რადგან დამწყები ვარ და ესეც ახალგაზრდული დასალევია. რთველიდან მოკლე დროში დასაწურია. მწიფე ყურძნიდან ტკბილი ღვინო ვის დაუწურავსო. თავად წარმოებაც ახალია.
წურავენ ნოემბერში და ორ კვირაში უკვე ისმევა. ბარემ აქვე დავწერ, რომ თურმე სხვადასხვა ქვეყანას ვაზის მოშენებისა და ღვინის გამოწურვის სხვადასხვა სეზონი ჰქონია. მაგალითად, ტრადიციული ფრანგები ღვინოს სველ და ცივ ამინდებში ამზადებდნენ.
მზადდება გამე ყურძნის ჯიშიდან და წითელი ღვინის კატეგორიაა, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, წითელი კი არა, ლურჯში გარდამავალი შავია.
ადვილი დასალევია, არ შეიცავს მძიმე ტანინს. ამიტომ წვეულებისა და სიმსუბუქის შეგრძნება დამიტოვა.
ფრანგული ჰიპსტერული მუსიკა რომ მოუხდება, ისეთია.
ჭეშმარიტება ღვინოშია, სიბრძნე კი – მისაყოლებელშიო. ამიტომ, სანამ გამოვიწერდი, ვეძებდი თუ რას უხდება და თითქმის ყველა ფორუმზე წიწილას ურჩევდნენ. ბოლოს პატარა პომიდორები და კაკლის პიურე (ჩვენთან მგონი ბაჟეს ეძახიან) შევუხამე. სხვა ბურგუნდიული და თან ვეგეტარიანული მე ვერაფერი მოვუფიქრე.
Boutari Kretikos White საბერძნეთიდან, კრიტიკოდან, კუნძული კრეტადან. ეტიკეტზე მითოლოგიური მეფეა გამოსახული. ლურჯი ქაღალდი ჰქონდა მიკრული და მგონია, რომ ზაფხულში, ზღვაზე დასალევი ღვინოა.
თეთრი ღვინის კატეგორიაში გადის, უფრო ზუსტად კი მოთეთრო-მოყვითალო ფერისაა.
თან მშრალია და პირში ხანგრძლივად ტოვებს გემოს.
თეთრი ყვავილების გემო აქვს.
საბავშვო დასალევია, შვილებისთვის არ დამენანებოდა.
რომანტიკული ფოლკლორის ფონზე ვსვამდი.
სხვადასხვა ყურძნის ნაზავიდან მზადდება და ასევე შეიცავს ატამს, მანგოს, გარგარს, ანანასს. ამიტომ მე ხილთან ერთად მივირთვი. თუმცა მსუბუქი სალათებისა და სოუსების ღვინოა. რახან მშრალია, მეგობარმა ლიმონი და ალუჩა (თუ ტყემალი, არ მახსოვს/ვერ ვარჩევ) შეატანა.
yellow tail (Sauvignon Blanc) ავსტრალიური წარმოშობის ბრენდია. თუ წინა ჩამოთვლილი ნაწარმი ქართული გემოვნებისთვის უცხოა, გაგიკვირდებათ და ავსტრალიური ღვინო უფრო მექართულა.
ბრენდი სხვადასხვა სახეობისა და ფერის ღვინოს აწარმოებს, მაგრამ მე არაყისფერმა ბოთლმა დამაინტერესა. არა და მწვანე მცენარეები ურევია. პირში ბალახების გემოს ტოვებს.
ჩემი აზრით, ტიპი, ვინც ამ ღვინოს ეტანება, ოკეანის სანაპიროზე სილაში ხელბურთის მოთამაშე ახალგაზრდაა, ჯერ კიდევ რომ დღეა და ბუნგალოში ბოთლითვე დალევს.
კენგურუს ძუძუებიდან მიღებულ რძეს ვეძახი.
ამ ღვინისთვის მუსიკის შეხამება გამიჭირდა. ყველაზე მეტად მომეწონა და მგონია, გარემო სწორად ვერ შევუქმენი.
რჩევებში ეწერა, რომ მარილთან და პილპილთან (წიწაკასთან) ერთად ისმევა. მაგრამ ამგვარად ღვინის დალევას არ ვარ შეჩვეული და უბრალოდ სალათის ფოთლები და სოკო შევუხამე. არა მხოლოდ შევატანე, სულმა წამძლია და ზემოდან გადავასხი კიდეც. ყველაზე ვეგეტარიანული ღვინოა, რაც კი აქამდე გამისინჯავს.
აი ბოლო მაინტერესებს, სახალისო რამე უნდა იყოს , დამპატიჟეთ ვინმემ, ერთი ჭიქა მაკმაყოფილებს )))
ახლა იგივე ბრენდის ეს ბოთლი მაინტერესებს. თუ როდისმე შევიძინე, გაგითვალისწინებ.:>