მარტოობა და სხვა ნაკლოვანებები

images

ალბათ ყველა გოგოს გვახსოვს უდარდელი ბავშვობიდან ჰორორამდე მისასვლელი ზღვარი, როცა გოგონა იძულებულია იმ სოციალურ რიტუალებს შეუერთდეს, სადმე წაყოლა რომ ჰქვია. სახლის ტელეფონზე საათობით საუბრისას მეზობელმა ბავშვებმა აღმოვაჩინეთ, რომ მშობლებმა მაღაზიაში ჩაგვაგზავნეს, – კოლექტიური ნაბიჯების ათვლა იმ დღიდან იწყება და იქამდე ვეცემით, რომ ორასი მეტრის გავლა მაკიაჟის გარეშე აღარ შეგვეძლო. ო, ღმერთებო, როგორ მეზიზღებოდა დაქალობის წესის ის ვალდებულება, ერთმანეთს საჯარო საპირფარეშოში გაყოლას რომ სთხოვდა. დედოფლები საპირფარეშოში მარტო არ დადიან. შემხედე, უკან რამე ხომ არ მიჩანის მერე. ასევე მნიშვნელოვანი წესია, რომ სხვა სამეგობრო წრეს არ ვესალმებით და ერთნაირი ტანსაცმლით არ დავდივართ. მოზრდილ ასაკში კი ადამიანების ერთმანეთით ჩანაცვლება ვისწავლეთ, რადგან მარტოობა ძალიან გვიჭირდა. და ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მეზობელმა პურზე ჩაყოლა მთხოვა. ამიტომ სადილზე გამოსული კაფეში ეულად ვზივარ და ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად პატივს იმათ ვცემ, ვისაც მარტოობა შეუძლია, ეკონომიურად მცხოვრები ადამიანების მერე, რა თქმა უნდა. აი, თუნდაც კაფეში სადილზე გამოსვლა დამოუკიდებლად შეუძლია.
მე სიმფსონების ოჯახი მაქვს. ასე ერთობლივად შარში გახვევის გამო გვეძახიან, ან უბრალოდ იმიტომ, რომ სასაცილოები ვართ. მაგალითად, დილით ჩემი რძალის განწირული ყვირილი მაღვიძებს: “იკაა, ვანაში ტარაკანაა, გადაარჩინე, თორემ დაიხრჩობაა”. ჩემი ძმა ნახევრად მძინარე შევიდა აბაზანაში და მთქნარებით პასუხობს: “არ იხრჩობა, წყლისგან შორსაა”. და მაშინ მარი ისევ განწირული ხმით პასუხობს: “მაშინ მოკალიი”. ან მაგალითად იმიტომ, რომ ბებიაჩემის სასაფლაოს სააღდგომოდ ვიღაც ალაგებს, ია-ვარდებით მორთავს ხოლმე და აზრზე არა ვართ ვინაა. ხოლო შარშან ჩარჩოში ჩასმული ქალის ფოტო ვიპოვნეთ, ბებიის მეგობარს მივამსგავსეთ, რომელიც მკვდარია, სახლში მემკვიდრეებს დავადექით ნამცხვრებით და აღმოჩნდა, რომ არაფერი იცოდნენ, ამიტომ ზრდილობიანად გამოგვისტუმრეს. მამა მეუბნება, რომ ჩემით მაშინ ამაყობს, როცა დამოუკიდებლობა შემიძლია: შვებულებას მარტო ვატარებ, საცხოვრებლად მარტო გადავდივარ და სასიყვარულო პარტნიორი არ მყავს. ირონია კი ისაა, რომ რუტინულ ცხოვრებაში მამა ყოველთვის ჩემთანაა, პაემანზე ამ ასაკშიც კი მივყავარ და მოვყავარ, ან კაი ხანია არ ვყოფილვარ, თორემ წამიყვანდა, პანკ კონცერტებზეც, ან ზოგადად, სადაც ოჯახებით არ დადიან. ან მაინც ვყოფილვარ:
მყავდა ერთი მეგობარი ბიჭი, რომელმაც რომანტიკული ჟესტი ჩაიდინა და შეყვარებულს ხელი ლოტრის ბეჭდით სთხოვა. გოგო დათანხმდა, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ ბეჭედს არასდროს, არასოდეს გაიკეთებდა. კამათისა და სექსის (ალბათ) მერე თამაში წამოიწყეს და ბეჭდები გააჩუქეს, იდეით, რომ მფლობელები ერთმანეთს იპოვნიდნენ. რამდენიმე თვე დადიოდა ვიღაცა ბიჭი გულზე დაკიდული ბეჭდით და მეორე ბეჭდის მფლობელს მეძებდა. თამაშმა ისე გაგვიტაცა, რომ გამოცანა დავტოვე, ამოხსნის შემთხვევაში ერთმანეთის ადგილსამყოფელს რომ გვამცნობდა. დეკემბრის საღამოს ბეჭდები “ინტერსტელარზე” შევახვედრეთ, “ვარშავაში” ქაღალდის გორგოლათი მაგიდის ფეხბურთი ვითამაშეთ, როცა ნამდვილი ბურთი თურმე საბურთეში ეგდო და ამის ძალიან შეგვრცხვა. მერე იქამდე ვსაუბრობდით ნერდულ თემებზე, სანამ ბარმენმა, ვიკეტებითო, არ თქვა, და დამშვიდობებისას ვარდი მოგვაწოდა. მაშინ ჩემმა თანამებეჭდემ ყვავილი ყველაზე რომანტიკული ფრაზით გადმომცა, რაც კი მსმენია: “რომელიმე მკვდართან დადებ,” –  მაშინ მორგში ვმუშაობდი. მერე ხელჩაკიდებულები დავდიოდით ლიანდაგებზე, ვცდილობდით მატარებლების ქარხანაში შეპარვას, განვიხილავდით ანიმეებს იაპონურ რესტორანში. მაგრამ მაინც ვერ ვიმეგობრეთ, ერთმანეთი არც კი მოგვწონდა რეკლამების გარეშე, პიარის იქით, თორემ მორგში მომუშავე მწვანეთმიანი გოგო ხომ ისედაც ყველას მოსწონდა. მისი არ ვიცი და ჩემი ნამდვილი მიზეზი იყო, რომ მარტო ყოფნა მინდოდა, ჯერ კიდევ არ მქონდა ამოწურული.
არაფერი უხდება თეთრ ღვინოს როგორც სოკოს წვნიანი, ღვინის გრძელფეხა ჭიქა და სოკოს დაბალი თეფში. სულ მაინტერესებდა რას ფიქრობდნენ ადამიანები, რომლებიც კაფეში მარტო სხედან. ზოგი წიგნს კითხულობს ხოლმე, ზოგი მეილებს აგზავნის. მაგრამ, ჩემი ჩათვლით, რატომ უნდათ ადამიანებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე უწყვილოდ მოხვდნენ, სრულ ასკეტიზმს კიდევ გავიგებდი. თუ გაზრდა ნიშნავს, რომ მარტო იქნები, რამდენად ნიშნავს მარტო ყოფნა გაზრდას. კი არა და.. ზედმეტად ვართ ოჯახი ერთმანეთზე მიჯაჭვული, ჩემმა ძმამაც კი ცოლად ჩვენი ბავშვობის მეგობარი მოიყვანა. ვუყურებ კაფის ბოლოში ჩემხელა გოგოს, როგორ მიირთმევს ორ პორცია ნამცხვარს სამხარზე და ვფიქრობ, რომ იქნებ მეგობრის გაჩენის დროა. რომ მშვენიერი ვარიანტია ეს ტკბილეულის მოყვარული გოგო, უმუშევრობის გამო ინტერვენცია მომიწყოს, ამბებს მოვუყვები ხოლმე, თორემ ბლოგებს აღარავინ კითხულობს. გამბედაობა მოვიკრიბე და გასაცნობად მივედი. ვერ წარმოიდგენთ ნამცხვრის რეცეპტების მერე რა იკითხა: “აუ, მომივიდა და უკან ხომ არ დამესვარა?” მეშინია ასეთი გოგოების, წავიდეს საპირფარეშოში მარტო და სარკეში ჩაიხედოს. ა ჰო, დედოფლები მარტო არ დადიან.

4 responses to “მარტოობა და სხვა ნაკლოვანებები

  1. ეგ ბოლო კითხვაც მეგობრობაა ალბათ, იმიტომ რომ მეგობრობა ერთ ადამიანთაც მაღალ ფასეულობებზე საუბარიც და ეგეთი პრიმიტიული ამბებიცაა 🙂

  2. მორგში მომუშავე მწვანეთმიანი გოგო ხომ ისედაც ყველას მოსწონდა. ❤

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s