მე აღარავის მოვახატინებ თაბაშირს

დამისპოილერეს, რომ ლი ტრამვების მერე გახსნის ლოტუსს, მე კი გაარასთან შედარებით, რა მიჭირს, დამიწებულია მხოლოდ ცალი ფეხი. ამგვარად, ოთხი კედელი გავარღვიე და ორი ყავარჯნით სიარული ვისწავლე. რაც თავის თავზე იღლიებმა იტვირთეს, ერთი შეხედვით, ყველაზე გამოუსადეგარმა სხეულის ნაწილებმა, სუნი აქვს, ეღუტუნება და ეპილაციისას თუ დაუწყებ ყურებას, კრიტიკულ სიტუაციაში კი მთელი სხეული ასწიეს. პირველი პრობლემა, რასაც მკურნალობისას წავაწყდი, სამსახური იყო. სამუშაოს გაცდენებმა უხელფასობა წარმოშვა, ხოლო მთელი დანაზოგი ჯანმრთელობაზე წავიდა.
მეორე პრობლემა მოტეხილობისა და ჰემატომის გამო დახურულ სივრცეში მშობლებსა და მეგობრებზე დამოკიდებულება გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ მამშვიდებდნენ, აწი ნარუტოსთვის მეტი დრო დაგრჩებაო, და მეც თავს ვიმშვიდებდი, რომ თაბაშირი მშვენიერი ეპილატორია, ლოგინში საკვების მორთმევისა და ხელში აყვანით გადაადგილების მომენტი ორივე მხარისთვის დისკომფორტულია. მაგრამ ანნა ბლუმი რის ანნა ბლუმი არის მეთქი, ყავარჯნებზე აზიდულს ტყეში არ ერბინა და მთიულეთში თოვლში მოპენტილი ენძელების მოსატანად გავიქეცი. დისკომფორტის კომფორტში გადასატანად კი მეგობრებმა ყავარჯნებზე ჯოხები დამიტაკეს და ულაზერო ვარსკვლავური ომები გავმართეთ.
მესამე პრობლემა, რასაც ქუჩაში გასვლისას მეგონა წავაწყდებოდი, თბილისური ინფრასტრუქტურა და ხალხი იყო. საბედნიეროდ, ზოგი დაწესებულება და მადლობა მათ, ჩემნაირი პირებისთვის უკიბო მისადგომს გვთავაზობს, რადგან ჯერ კიდევ მიჭირს ყავარჯნებით კიბეებზე ასვლა, განსაკუთრებით ისეთ წვიმიან ამინდში, თან ღამე, როგორიც გუშინ იყო. ამ დროს ყავარჯნების სიმაღლე იღლიებთან შედარებით მაღალ საფეხურზეა და რეზინა ჯოხების ბოლოებში შეიძლება ისე გაცურდეს, ვერ დავინახო. რაც შეეხება ქუჩაში ხალხს, ჩემი ტანჯული სიარულის ჟამს ბევრი მათგანი გავიცანი, თურმე ზოგს გამოუცდია ტრამვული მდგომარეობა და ყავარჯნებთან დაკავშირებით რჩევებსაც მაძლევდნენ. კარგებსაც და ასეთებსაც: თურმე საქართველოში ჩაი, როგორც კონტრაბანდა, ნიკო მარის შემოუტანია აღმოსავლეთიდან და ეს აკრძალული ბალახი ყავარჯენში ედოო, – პაპაჩემმა. მესამე სურათზე, თუ კარგად დააკვირდებით, კავკასიონი ჩანს.

546566

12 responses to “მე აღარავის მოვახატინებ თაბაშირს

  1. ეგ მახსოვს, მაგრამ ასეთი სერიოზული იყო?.. ცუდია… 😦
    უბრძანე მალე დახმარების გარეშე იარონ :))

  2. ანნა, რამოდენიმე დღეა თქვენს სტატიებს ვკითხულობ, რომლებიც სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე. საჯაროდ ვაღიარებ, რომ საკმაოდ დაუნდობელი მკითხველი ვარ :-). თქვენი წერის დახვეწილმა სტილმა და მრავალფეროვანმა თემატიკამ მომხიბლა. დიახ, ხიბლი (დავამატებდი განცვიფრებაც) თანამედროვე ეპოქის, ერთგვარ დეფიციტად იქცა. ვგულშემატკივრობ თქვენს უხვად მქონე ნიჭს. ნამდვილად ვერ დავრჩებოდი გულგრილი და უმადური მიღებული სიამოვნებისა, რომელიც თქვენმა პოეტურმა თხზულებებმა მომანიჭა. ასე, რომ გულწრფელი მადლობა დახარჯული დროისთვის, რომელსაც ამ ბლოგს უთმობთ.

  3. შენიშვნა რომ მოგცეთ, მე თავად უნდა ვიყო მზად. სოკრატეს მიმდევარი გახლავართ “ვიცი, რომ არ ვიცი” :-), ასე, რომ არ მომერიდება გამოვხატო,როცა არ დაგეთანხმებით რომელიმე აზრის წაკითხვისას და ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ გონიერ ადამიანს (თქვენი პასუხით ნათელია, რომ გონიერი ბრძანდებით) უპირველეს ყოვლისა კონტრასტული აზრი აინტერესებს. თანხმობას და მოწონებას კი “წონით” ეკიდება. ანნა, განზრახ აქ დაგიტოვეთ ჩემი მადლობის კომენტარი, იმ დიდი იმედით და სურვილით, რომ ახლა უკეთ გრძნობთ თავს :-). თქვენი დღიურის ერთგულ, თავისუფლების მოყვარულ, კეთილშობილი გრძნობით გამსჭვალულ მკითხველად მიგულეთ 🙂

  4. სრულიად საქართველოს სჭირდება “riabilitazione” 🙂 თქვენს შემთხვევაში გაცილებით მოკლე და სრულფასოვანი პროცესი იქნება. (გა)დაყარეთ ყავარჯნები, მაგრამ არასოდეს საწერკალამი 🙂 p.s. “თაბაშირი მშვენიერი ეპილატორია”, გეთანხმებით მანამდე, ვიდრე ვინმეს თავზე არ ადევს 🙂

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s