როდესაც სამყარო ხანში იმდენად შევიდა, რომ ადამიანები მისით აღარ აღფრთოვანდებოდნენ, როცა სერმა ქალაქებმა ისეთი ცათამბრჯენები აღმართეს, ჩრდილში რომ აღარავინ იოცნებებდა მზესა თუ გაზაფხულის ყვავილოვან მდელოზე; როდესაც ადამიანებმა დაიზეპირეს დედამიწა მანტიის გარეშე და პოეტები აღარ უგალობდნენ თავიანთი დანისლული თვალებით; როცა ბავშვური ოცნებები წარსულს ჩაბარდა, აი, მაშინ გამოჩნდა მოგზაური, რომელიც ოცნებების საძებრად ცხოვრებიდან გავიდა.
ცოტაა დაწერილი ამ კაცის ვინაობასა და საცხოვრებლის შესახებ, ვინაიდან მათი სამყარო ეს-ესაა პირველ ნაბიჯებს დგამდა და ამბები ბინდით იყო მოცული. ვიცით, რომ ცათამბრჯენიან ქალაქში ცხოვრობდა, სადაც ჩრდილი და ალიაქოთი სუფევდა. ხოლო საღამოობით შინ დაბრუნებული ფანჯრიდან გაშლილი მდელოების ნაცვლად სხვა ფანჯრებს უყურებდა. თუმცა შეიძლებოდა, თუ რაფაზე ძალიან გადაიწეოდა ცაზე პატარა ვარსკვლავებიც დაენახა.
კედლებსა და ფანჯრებს ხომ იმ ადამიანის ჭკუიდან შეშლა შეუძლიათ, რომელიც ძალიან ბევრს კითხულობს და ოცნებობს, ამიტომ ამ ოთახის მკვიდრი ფანჯრიდან გადაწევას შეეჩვია, რათა გამოფხიზლებული სამყაროდან არაამქვეყნიურის ნაწილი დაენახა. დროთა განმავლობაში ნელა მოცურავე ვარსკვლავებისთვის სახელების დარქმევა და მათი გაცილება დაიწყო, იქამდე სანამ თვალი არ აეხილა, შესაძლებლობები არ გაეშალა, ის საიდუმლო არ აღმოაჩინა, რასაც სხვები ვერ ამჩნევდნენ. ერთხელაც ზეცის ძლიერი მორევი ხიდად ჩამოეშვა, ჰაერს შეერია და მარტოსული მეთვალყურე შთანთქა. ასე აქცია ზეცამ მეოცნებე თავისი საოცნებო ქვეყნის ნაწილად.
ოთახში შუაღამის იისფერი ელვარება იდგა, რომელსაც ოქროსფერი მტვერი ერტყა, ცეცხლივით გიზგიზებდა არაამქვეყნიური სურნელით. ნარკოტიკის ოკეანეები მზეებში ღელავდნენ, რომელთა შესახებ ხალხმა არ იცოდა და რომლის მორევებშიც უცნაური დელფინები და ზღვის ნიმფები დაცურავდნენ. ჩუმმა და უსასრულო სივრცემ მეოცნებე ისე წაიყვანა, მის ტანს არ შეხებია. იმ ტანს, რომელიც მარტოსული ფანჯრიდან გახევებით სწავლობდა. ამ ამბის მერე იმდენი დრო გავიდა, ადამიანის კალენდარი ვერ აღრიცხავდა, მაგრამ მეოცნებე შორეული სფეროდან მომავალ ტალღებს ოცნებისკენ მიჰყავდათ, იმ ოცნებებისკენ, რომელიც კაცობრიობამ დიდი ხანია დაივიწყა. არავინ იცის დროის რამდენი ციკლი მიუშვეს წოლილიყო მზის მწვანე სანაპიროზე, წითელ ვარსკვლავებიან ყვავილებთან ერთად.
ერთგვარი ხიდი ტერაბიტიაში… :))