მეექვსე სეზონზე მივხვდი, დროის მბრძანებელს ექიმი რატომ ჰქვია: დრო ხომ მკურნალია, – კომპლექსი გამიჩინა, აქამდე უნდა მეფიქრა მეთქი. ეს არის ამბავი ადამიანებზე და მათ მიერ აღქმულ დროზე, დროს, რომელსაც კაცი განასახიერებს, ექიმი უცხო პლანეტიდან. მაგალითად, ამელი პონდზე, გოგონაზე, ვინც ღარიან დროსთან იზრდება და მოგონებები არ აქვს, წარმოსახვით მეგობარს ელოდება, იქამდე, სანამ ორი ათასი წელი უკანასკნელი რომაელი არ დაელოდება, დროში გადაადგილებისას არ დაფეხმძიმდება და მიხვდება, რწმენა შიშს წააგავს. ასე ხდება გოგონა, რომელიც ლოდინით დაიღალა. ფილმი სავსეა სპოილერებით, რადგან ინგლისური თექვსმეტი დრო დინამიურად მიმდინარეობს. ამბავი მაგალითად, მდინარე რაკრაკა რივერ სონგზე, დრომ რომ მასზე ყველაფერი იცის და ქალმა – არაფერი. იქამდე, სანამ ცხოვრებას რეტროსპექტივით დაიწყებს: მომავლის ქალი წარსულში ხვდება თავის ჯერ არ შემდგარ მეუღლეს და ხვდება, რაც უფრო მეტი იცის დროზე, დრო მას შორდება. ამბავი, მაგალითად, დონა ნობლეზე, დროის სწრაფმა ცვალებადობამ რეალობის აღქმა დააკარგვინა და ვერ გადახარშა. ყველაზე მეტად მისნაირი ბედი არ მინდა. კიდევ ამბავი იყო ლეგენდარულ მარტა ჯონსზე, როგორც გოგონაზე, რომელმაც მსოფლიო მოიარა, დაამტკიცა, რომ სიტყვას დროზე მეტი ძალა აქვს და ადამიანებს ლოცვა ასწავლა, ლოცვა დროისა და სივრცის მიმართ. შესაბამისობის ტესტი რომ გავაკეთე, მარტას მიმამსგავსეს, ანუ ქალს, რომელმაც სტაბილურობა თავგადასავალს არჩია. და კიდევ როზა.. როზა ტაილერი.. ქალი, რომლისაც დროკაცას ყველაზე მეტად სჯეროდა. რამდენი გალაქტიკა ან ღმერთი უნახავს, მაგრამ არავის ძალა არ ურწმენია ასე. დღემდე ვფიქრობ, თუ ვინმეს შევიყვარებ, მისი ასე უნდა მჯეროდეს მეთქი. ეს ადამიანები დროში მოგზაურობენ, ხან ფენტეზური წარსულის ინტერპრეტაციებს ვუყურებთ, ხან სამეცნიერო ფიქციურ მომავალს ვგეგმავთ თავისი დატოტვილი პარალელური სამყაროებით.
ჩემს სახლში ორი ანტიკური საათია, ვიწრო ლეგენდის თანახმად, წინაპრების სიკვდილისას რომ გაჩერდნენ. მათ შორის გავიზარდე და ვფიქრობდი, დროის ტარდისი უნდა მქონოდა ანუ ნიჭი, რომ ვაკონტროლო, როცა სამსახურში ჩემი საუკუნის მეოთხედის ასაკშიც კაშნეს პალტოზე მოვიხვევდი, ჩანთას კისერთან ზურგზე ჩამოვიკიდებდი და სამარშუტო ტაქსებს დავდევდი, ვყვიროდი, რომ მაგვიანდება, აი, ყველგან მაგვიანდება. ადამიანებსაც მაშინ ვაკვირდები, დროის ინდივიდუალური აღქმა თუ შევუნიშნე. ერთი კაცია, ახსენა, ვადა არ გამდისო და არ მავიწყდება მისი ნაჩუქარი ბლოკნოტი, მისალმებამდე ხელში რომ შემაჩეჩა, – შეგრძნება აქვს, რომ აგვიანდება და საქმეს დროზე ადრე აკეთებს. დაიჯერეთ, ვარდება სასაცილო ამბებში. ასე მგონია, გამოვიგონე. ამბებში, ყოველ ჯერზე თითქოს გამოცდილების გარეშე რომ ხვდება. დროის მანქანა მინდა, დავბრუნდებოდი წარსულში და ცხოვრების ყოველ შესაძლო ვარიანტს გავივლიდი, არ ვიცხოვრებდი იგივე გზით, ისე არ გაიგოთ, საკუთარი ცხოვრების ნარცისი არ ვიყო, ალტერნატიულიც მაინტერესებს. ახლა მიჭირავს ბლოკნოტი და ველოდები ადამიანს, ვისაც აგვიანდება. ჯერ კიდევ ბავშვს თვალნაოჭიანი დავხვდები და ვეტყვი:
– საყვარელო, დრო ექიმიც არის და შხამიც.
მიპასუხებს: ვინ ექიმი?
ჩემი დროის აღქმა და საათი გამახსენდა, დავწერ ამ პოსტით ინსპირირებული.