ფილიური გრიმების თეთრი გოგო

გრიმები ფიფქიას პირველ გამოცემებში სილამაზის აღქმის დედა-შვილურ კონფლიქტზე წერდნენ, სადაც პრინცი მამის ყრმობის ალეგორიაა. მერე ელექტრას დატვირთვა მოაშორეს და თეთრი გოგოს სინდრომი შეგვრჩა, ვინც იმისთვის კვდება, რომ სიყვარული დაიმსახუროს. შვიდი წლის გოგონაზე პედოფილიურ სურვილებს ხალხის ნეკროფილია ენაცვლება, აღიარონ სიკვდილის მერე. მე კი მათაც ნეკროფილებს ვეძახი, ერთმანეთის მიღება მოძრავ მდგომარეობაში რომ არ შეუძლიათ და დათმობას ითხოვენ.
როცა ფიფქიამ თავი მოიკლა, პრინცმა არ აკოცა. უხსოვარ ზამთარში, ზღაპრები ზამთრით იწყება ხოლმე, ერთი ორსული დედა ცხოვრობდა, ჯერ კვერცხი რომ მოიპარა, ლოყები ვენერასავით ჩაეჩხვლიტოსო. მერე სამების ფერები მისცა, შავ ტყეში თოვლზე სისხლი დააქცია და მოზილა, ფითქინა სახეზე სისხლისფერი ტუჩები ჰქონდეს და შავი თმა გარს ეხვეოდესო.
ძველებს ეგონათ, რომ ეთერული სხეული სარკისებურ ანარეკლში ჩნდება, ადამიანის ზესხეული, როგორც ფიზიკური ტანის არქიტექტორი, შენთვის შესაფერის ცხოვრებას რომ გიგეგმავს, მისი ხილვა კი სარკის რიტუალისას შეიძლებოდა. ვაშლის ხესთან მდინარე ჩამოდიოდა, სადაც იხედებოდა და მასში ჩაკეტილ სულთან ლაპარაკობდა, სხეული არ ჰქონდა და ტყუილი არ შეეძლო. ნიღბიანი ანარეკლის სახით კი ფიფქიაზე თავისი ქმარი და შვილის მამა ესაუბრებოდა, რაც სასიყვარულო სამკუთხედს ქმნიდა, – კაცს შვილში წარსული უყვარს, რომელიც მომავალია.
ამიტომ დედამ შვილის სიკვდილი ბრძანა და ფილტვების მიტანა, მისი ჭამა რომ შესძლებოდა, როგორც სულშთაბერული სიმბოლოსი, ენერგია რომ დევს. ორგანოთა ევოლუციის გზაზე ფილტვების განვითარება ქრისტესგან წყალზე გავლის სასწაულთან ასოცირდება. გრიმთა ცხოვრების პერიოდში ითვლებოდა, რომ ფილტვები ეროტიკული ოცნებების დაბადების საწყისი იყო, ხოლო ქალწული ორგანოს მიღება – მისი განახლების მაგიური რიტუალი.
მაგრამ გოგონას ნაცვლად ტახის ნაწილები შერჩა, როგორც გულადობისა და ჟინის სიმბოლო. ბიბლიის თანახმად, გარეულ ღორებში ექსორცირებული დემონები შევიდნენ, ხოლო ჩრდილო-ევროპის მითებში ვნებისა და ნაყოფიერების ფერიები მფრინავ ღორებად წარმოგვიდგებოდა.
ფიფქიას გარდასახვა ტყეში მოხდა, ტყე ფსიქოდელიური განვითარების ადგილია და ცნობადაკარგულობას გამოსახავს, იმ ველს, საიდანაც სულის დამაბრძენებელი განსაცდელი იწყება. ამის მერე მიქაელიდან დაწყებულ შვიდ ანგელოზს გაიცნობს ჯუჯების სახით, რომლებიც არაფორმალურობის გამოხატულებაა, სქესობრივად არამოწიფულობისა და უნაყოფობის სიმბოლოები. მისტერ გრიმი კი ანგელოზთა პიროვნულობას არ აღწერს ბრძენი მიქაელიდან მარსიანელი სამუელის ადეკვატამდე, ეს წარმოდგენა პოსტ გრიმების პერიოდში გაჩნდა, სინამდვილეში კი ფიფქიას ჯუჯები პრე ინდივიდუალურ პერიოდში შექმნილი უფორმალები არიან, რომლებსაც განმასხვავებელი სახელებიც არ აქვთ. ფიფქია მათთან კოლექტიური ცხოვრებით პიროვნულობის, მეობის დაკარგვას სწავლობს, ჩახშობილი სურვილებით მარხულობს და დიდგვაროვნიდან მოახლეს როლს ითვისებს, – დიასახლისობაში გადადის.
ამასობაში დედამ ხსნარებში ყვითელი, როგორც სულის ფერი, წითელი, როგორც სისხლის ფერი და ლურჯი, როგორც სიბრძნის, ინდიგოური ფერი შეურია და მოხუცი გახდა. მოხუცი იმ ადამიანს გამოხატავს, ვისაც ბევრი უნახავს, თან ამავე დროს იმას, ვისი შეხედულებაც გაცვდა. გრიმები აღნიშნავენ, რომ დედამ სუნთქვა შეწყვიტა და გონება დაკარგა, ფილტვების გადაკეტვის ჟესტით სქესობრივი სურვილები მოიშორა და სულის სახით ფილტვებში ღმერთი აღარ შეუშვა.
მოხუცმა დედამ მოწყვიტა ბაღში დარგული ვაშლი, როგორც აფროდიტეს სასიყვარულო შუღლის სიმბოლო და შვილი აკრძალული ხილის გასინჯვით გველივით შეაცდინა. ბიბლიის თანახმად, ვაშლის მიღება ადამიანს მომაკვდავად აქცევს, ზღაპარი კი სამოთხის მითის ალტერნატივაა, იმ შემთხვევაში რა მოხდენოდა, ადამიც რომ არ გადაჰყოლოდა ევას და მისი მარადიულობისთვის ებრძოლა. ჩვენ კი გვაწვება სუიციდური სიყვარულის ცოდვები. ევამ თავი მოიკლა, ადამმა არ აკოცა, არამედ – ჩაყვა.

One response to “ფილიური გრიმების თეთრი გოგო

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s