მესაფლავე

სტატისტიკურად ნეტა რამდენი ადამიანი ფიქრობს, სანამ უპასუხებდეს, როგორაა. მითუმეტეს, კარგად ვერ მოცილებული თმასავთ ფიქრებს აბრუნებდეს. არც ის ფიქრობდა. არ ვიცი ახლა. ბავშვი რომ ვიყავი, მასთან ვმუშაობდი.

ყოველ დღისით გასვენებებს ხედავს, საღამოობით ტელევიზორს უყურებს, ადიალას ჩაიჭმუჭნის თეძოებთან და მაგიდაზე წვება. მაგიდას გაზეთი აქვს მიკრული, ტელევიზორს კი ხელის დარტყმა სჭირდება. ამას წინათ ცოლი გააცილა, მთელი ცხოვრება რომ თავად უჭამდა ტვინს, რაც დარჩა, ის ნაწილი სიმსივნემ შეუჭამა, გათავდა. ამბობენ, კიბო სიკვდილის მერეც იზრდებაო, მან კი მუხას თავისი ხელით დაუჭედა ლურსმნები. ალბათ ისევე, როგორც დაღლილი დღის მერე ლოგინს ეჯაჭვები.

არაფერი ისე არ გახსენებს ყველაფერს, როგორც უძილობა და კროსვორდის შევსება.

ეს თმასავით ჩაბრუნებული ფიქრებია. ვეჯაჭვები. მერე ვიზრდები და მაინც ვერაფრით ვისწავლე ქალურად გადმოვიდე ლოგინიდან. დალურჯებული მუხლების მიუხედავად, გადმომეწია ფეხები თანაბრად, ესთეტიურად, სინქრონიაში. შემოდგომის დადგომა საშემოდგომო საბნით ვიგრძენი. შევიჩოჩე და არაფერი ისე არ მახსენებს ყველაფერს, როგორც უძილობა, თუ პირიქით, უძილობა შედეგი შეიძლება იყოს.

აი, ბებია და ბაბუა ერთმანეთს ხელებს გაუყრიან და ფეჩისთვის აგროვებენ ტოტებს, მე კი ვრწმუნდები, რომ თაობებს არაფერი ისე არ აერთიანებთ, როგორც ფრაზა: ადრე უკეთესი ცხოვრება იყო.

ღმერთის მეშინია. აი, ყველაზე საშიში კოშმარია ჩემთვის, იგი თუ ვნახე. ირგვლივ ისე გამალებით ცდილობდნენ მყვარებოდა, რომ შემაშინეს. შემეძლო დამეფიცა, რომ ის მცენარე მგავდა, ერთმანეთში გადახლართული ტოტები ჰქონდა და ფოთლები იჩხირებოდნენ ერთმანეთში. ისე წამოვიღე სოფლიდან, ერთხელაც არ მომივლია, არა და მაშინ შემეძლო დამეფიცა, რომ მუდამ ვიზრუნებდი მასზე.

ვამბობ, ჩემი ცხოვრების გამო რომ ვწუხვარ, მაგრამ ეტყობა, რადგან ვაკეთებ სათანადოდ არ შევწუხდი.
თუ ახალ ცხოვრებას მომცემდნენ, იგივენაირად არ ვიცხოვრებდი. არა, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ძველი ვინანო, უბრალოდ ახალი თავგადასავალი მინდა. და მაინც ვერ გავიგე, რატომ ამბობენ ადამიანები, რომ იგივენაირად იცხოვრებენ, ცნობისმოყვარეობა არ აქვთ?

– შეუძლებელია დააგვიანო საკუთარ პანაშვიდზე, – თქვა და ზიზღით გადაუშვა ნახევარსპირტი, მე კი მაშინ გავიგე, რომ ძმამ მოტოციკლეტი იყიდა და გასასინჯად წავედი, მანამდე ინტერნეტით საგზაო წესები მოვძებნე, ხოლო დედამ ერთი უბნის არსებობა გამახსენა. ადრე ბინას ვეძებდი და ერთი საკმაოდ მისაღებ მდგომარეობაში ვნახეთ, სახელის გამო რომ დავიწუნეთ. ან ვინ მოიფიქრა, დაერქმიათ: გარდაცვლილთა უბანი? იცით, სადაა? მგონი მაშინდელი აგვისტოს მერე დაურქმევიათ.

და მე ის მესაფლავე გამახსენდა, რომელიც რადიოში უსმენდა პარლამენტის სხდომებს. ალბათ ახლაც ტელევოზორსაა მიჩერებული. მე მისგან წამოვედი, ის ალბათ განაგრძობს. ვიფარებ საბანს და ვეუბნები მუცელს, როგორც აღქმით ორგანიზმს:

– გამოუშვი ყველა შენი ტყუილი და ირონია, გამოუშვი ტკივილებით დაგროვილი, მწერებივით, გამოუშვი ცრემლები,  იქამდე, სანამ არ ამოწურავ, – ბედნიერება აპირებს მოსვლას. სამი, ორი, ერ–..

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s