გული ზურგიდან

”ამიერიდან თუ ჩემთან სათამაშოდ მოხვალ, გული იქონიე”.

არ მიღალატო მეთქი, გამალებით ვუყვიროდი და სხვასთან წავედი.
მისგან მაქვს მეთქი, მარის ვაჩვენებდი შრამებს მაჯაზე: “გადავწყვიტე იქამდე მიყვარდეს, სანამ მომიშუშდება”. მაკვირდებოდა და არ გაქვსო. მე კი თავს ვაჯერებდი რომ მქონდა.
ხვალ ბოლოჯერ უნდა შევხვდე.

გადაბრუნდება და ზეწარს გადავაფარებ, მისი გულის ცემას ზურგიდან მოვუსმენ.
სულ მეშინია, ერთხელაც იმდენს დალევს, ფეთქვას შეწყვიტავს.
მოგისმენია გულის ცემა ზურგიდან?

ხომ გულუბრყვილოა ბავშვის აკვანთან ნათქვამი ტყუილი, რომ მამა დაბრუნდება?!
იქვე პირობა, რომ აღარასდროს წავიკითხო ზღაპრები, უბრალოდ მოვყვე, რაც ძილისთვის აუცილებელია.
როგორც მატარებლის ფონზე დაქნეული საყელო, კოცნას დადევნებული და შლაიპაში შენახული ღია ბარათები, ტყუილთან: – დავბრუნდები.
კიდევ დილაობით აღარ გასწორებული კისერზე ჰალსტუხი, შეგროვებული ქუდები და საყელოები მატარებლის სადგურთან.
სამაგიეროდ, ორშაბათობით მიღებული ფული ბანკიდან.

არავინ გისმენს სანამ შეცდომას არ დაუშვებ.
დარჩი, – ვეუბნები საკუთარ სხეულს, რომელიც სახლის კარებებთან დადგა და გაქცევაზეა.
ხანდახან მგონია, რომ ადვილია ჩემი გადაბირება. იმ დღეს ქარს შემადარეს და რომ დამიბერა, მეგონა საკუთარი თავი ვიგრძენი, მაგრამ უცებ აღარ ვიყავი.
ქარივით აღარ ვიყავი, აი, ასე გავქრი. ილუზია მქონდა გაქრომის, მიტოვების, გაქცევის.

დარჩი, – ვეუბნებოდი თითოეულს, თითოეული მპასუხობდა: – მუდამ.

მერე ფილმებში ვიპოვნე საუკეთესო პასუხი კითხვაზე:
– რატომ არასდროს არ მეკარები?
– არ მინდა ტკივილი მოგაყენო.
ხოლო იმისთვის, რომ მიიღო ზღვა სიამოვნება, ცურვა უნდა იცოდე.
დედამიწის ღერძზე ვიღაცა ჩამოკიდეს და ქანაობს.

შრამი არ წასულა.
უბრალოდ ვიცოდი, თუ ოთახში მარტო დავრჩებოდით, კონიაკს გახსნიდა და მხარზე მაკოცებდა.
მე კი მისთვის კონიაკი მიმქონდა, ჩაცმული კაბის ბოლოებს გადავაფარებდი, ის ხელს მასთან შეაცურებდა და ყურის ქვეშ მკოცნიდა.
მერე შეუხებლად ცივ იატაკზე ზეწრის გარეშე დამაწვინა და ყელის ახლოს აგრძელებდა სუნთქვას. მისგან გადავწიე სახე, ზედა მალები  დაორთქლებით გადამითვალა და ზურგზე ტუჩების მოჭერით მითხრა: – შეიცვალე, – მე მუცლისკენ მივუშვირე ხელი, მან მალებიდან ხელი ააცურა.. სუნი გადაწეულ თმასა და კისერს შორის, კანსა და ჰაერს შორის რომ გროვდება, იქ.
დედამიწის ღერძზე საწამებლად რომ ჩამოკიდეს და ქანაობს.

ვიცვლები.
ზუსტად არ ვიცი ეს როდის მოხდა, ალბათ მაშინ, როცა ქუჩაში გავედი, შარვალი ხელით გავიწმინდე და ვიგრძენი: ყურები შესამჩნევად გაზრდილიყო.
ის მომენტი იყო, ყველამ რომ შემომხედა, მე კი პირი მქონდა ღია და მკაცრად მოვკუმე.
ჩემი ყურები კი თანდათან იზრდებოდა და აბაზანიდან გამოსული სარეცხის თოკზე გადავეკიდე.
გაქვს ის მომენტი, როცა იცი, რომ მშვიდად ხარ, მაგრამ დილით ცრემლებით იღვიძებ? გუშინწინ მქონდა.
გადავწყვიტე აღარ მეოცნება.

და მე მესმოდა, როგორ ფიქრობდნენ ადამიანები და ხეები. ხოლო ყოველ ჯერზე, როცა პერსონაჟი ბავშვის აკვანთან მივდივარ, ფიქრობს: – მამას არ მოსწონს დიდყურა ქალები.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s