მეგობრების ქმრები, მათი შვილები და იმათი შვილების სათამაშოები

ტელევიზორში რომ აცხადებენ, დედამ შვილი მოკლაო, მერე სხვადასხვა აბსურდული მიზეზები მოჰყავთ, იქ ტელევიზორიო, იქ ფულიო, მგონია, ერთადერთი ადამიანი ვარ პლანეტაზე, რომელიც არ კიცხავს. არა, იმის თქმა კი არ მინდა, რომ ვამართლებ და ვუბიძგებ, მაგრამ მესმის. გესმით? მესმის.

ნათესავებთან ჭამა მიყვარს, ჰოდა, იმ დღესაც მიყვარდა, სანამ ჩემები გაბრიელს ეთამაშებოდნენ, მე ჯერ სალათა თეფშზე გადმოვილაგე, მერე ნამცხვარი მივირთვი, მერე აღარ მშიოდა და უხერხულობის დასაფარად ხელმეორედ გადმოვიღე სალათა. თავში კი სულ ის საშინელი აზრი მიტრიალებდა, რომ ახალშობილს როგორღაც ხელში დამაჭერინებდნენ. თან გამუდმებით ხუმრობდნენ იმის შესახებ, რომ ერთხელაც მეც დავორსულდები, რა ლამაზი ორსული ვიქნები და ნუ მგონია, რომ ცუდი დედა ვიქნები, შეუძლებელია დედამ შვილს თვალებში ჩახედოს და არ შეუყვარდეს. მერე ვიღაცა გამოჩნდა და, ის დედა არ იყო, ფეისბუქის გამო შვილი რომ მოკლაო? არა, თიკო მასეთი არ იქნებაო, მე კი ლამის ხმამაღლა წამოვიყვირე: “მართლა მასე გგონიათ? რა იცით?” ამიტომ მიყვარს ნათესავებთან ჭამა.

სულ პატარა რომ ვიყავი და ჯერ სკოლაშიც არ დავდიოდი, ხშირად მახსენდება ეს ისტორია, ლექსი დავწერე დედაზე ბავშვი რომ გაეგუდა, ადრეც მიხსენებია. არა, დედაჩემი არაფერ შუაში იყო, თუ ეს გაინტერესებთ, პირიქით, საყვარელი შვილი ვიყავი და მივლიდა. ან ამჯერად რა მოსატანია. უბრალოდ ბავშვებთან ჩემს ცოდვებს გაგიმხელთ.

აი, ნათიას უკვე ილია შეეძინა. სინამდვილეში, ახლა გაჩერებული ვზივარ და ვფიქრობ, მართლა ილია თუ ჰქვია. ეკლესიაში შემხვდა, მაშინ ორსულად იყო, მახსოვს, მუცელი დავუნახე და სურპრიზიო მითხრა. მერე ჩამოვსხედით და დიდხანს ვისაუბრეთ, ოჯახურ ცხოვრებას არაფერს უწუნებს და სადღაც შუაში შეაპარა რომ შვილისთვის პატრიარქის სახელი უნდა. ეს ამომიტივტივდა. ჰოდა, ეკამ თავისი ანა მშობლებს დაუტოვა, ის ანა, თიკოს რომ ვერ ამბობს და თითეს მეძახის, საყვარელი თამაში წყლიან ჭიქაში რომ ხელის ჩაყოფაა და ეკა სულ ჩემით აშინებს, კარგად მოიქეცი, თორემ თითე მოვა და გცემსო. არ ვიცი, წესით, ამის გამო ანას არ უნდა ვუყვარდე, თუმცა არ მიფრთხის, თვალებში მიყურებს და სათამაშოებს მაძლევს. თანამედროვე ბავშვებს ხომ თოჯინებს ვერ შეაყვარებ, პულტი და მობილურიც ჰყოფნით. უნდა მომენათლა, მაგრამ ვერ ვქენი.

ჰოდა, ავიღეთ საჩუქრები და სანამ ნათიას ქმარი სახლში არ იყო, მივადექით. ეკამ ტანსაცმელი უყიდა, მე კი დიდხანს ვფიქრობდი და აფთიაქს მივადექი. უამრავი საწოვარა ვნახე, ზოგს იმხელა ფასი ეწერა, ნამდვილსაც უყიდიდა კაცი. რა განსხვავება იქნება მეთქი და შევცოდე, ის ვიყიდე, რაშიც ორნახევარი მივეცი, თანაც მთელი გზა ვნანობდი, იქნებ სხვაგან უფრო იაფად მენახა მეთქი. იმედია, ჩემი მეგობრები ოჯახური საქმეებით არიან ჩაფლულნი და სოც. მედიას არ ადევნებენ თვალს და ამას ვერასდროს გაიგებენ. მაგრამ იმ დღეს მეტიც შევცოდე, ყველაზე უცნაური გემოსა და ფორმის შოკოლადი ავარჩიე ჩემთვის, ვიცოდი, რომ ეკა და ნათია ახალი ნამშობიარები იყვნენ და ვერ შეჭამდნენ. არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე. თან მოვიბოდიშე, არ ვიცოდი, შოკოლადი თუ არ გეჭმეოდათ, უნებურად ვიყიდე მეთქი. მეც საცვლებზე საუბრისას უხერხულობის დასაფარად ვჭამდი. მათ კი საკითხი წამოჭრეს, რომ ქეთისთან აგვეარა, უკვე ორი გააჩინა და საჩუქარი ვერ ავუტანეთ. მე კი უკვე იაფიან აფთიაქებს ვათვალიერებ.

ცუდი მეგობარი ვარ. აი, მატამ ჯერ მეჯვარედ წამიყვანა, მერე გამომიცხადა, ვიცოდი შენი მდგომარეობა და აღარ მოგანათლინეო. მახსოვს, რომ ბავშვს ქეთო ჰქვია და მისი ქმარი მგონი ერთადერთი მეგობრის ქმარია, ვისაც ვუყვარვარ. აი, მგონია, რომ სხვებს არ ვუყვარვარ. ქეთოს წიგნების ბაზრობა რომ იყო, ნახევარი წლისაც არ იყო და წიგნი ვუყიდე, გამოვაცხადე, რომ მის განათლებაზე ვიზრუნებდი, მაგრამ დამავიწყდა. ვერაფრით ვიხსენებ როგორ გამოიყურება. მისი მეგობრის ბავშვი უფრო მახსოვს, ძალიან დიდია და თამამი. ქეთო ავადმყოფობდა, მახსოვს. უნდა მოვიკითხო.

აი, მაკა მესამედაა ორსულად. ჯგუფში ყველაზე ჰაეროვანი გოგო იყო, სიარულის ნაცვლად რომ დაფრინავს, მათხოვარს თუ მეგობარს ერთნაირი სითბოთი მოიკითხავდა და ყველას უყვარდა. ერთსაც ისე შეუყვარდა, რომ მოიტაცა. ცუდი არ იფიქროთ, ეს ის შემთხვევაა, როცა მოტაცება ძალადობა კი არა, დაბნეული ადამიანის არჩევანის წინაშე დაყენების მცდელობაა. პირველი მოეშალა და მერე რეზი გააჩინა. როცა გააჩინა, “ლომკასავით” დაემართა, რომ მშობიარობა ისევ უნდოდა და ლუკა მალევე მიაყოლა. თქვენ არ იცით რა მემართებოდა, როცა რეზიმ ფეხი აიდგა: ჯერ იყო და პლიტას მივარდებოდა, მერე კედლებს ეჯახებოდა. ფეხს რომ აიდგამენ, მე ჭამას ვერ ვახერხებ იმდენ პანიკაში ვვარდები, მაკა კი მამშვიდებს, ბავშვია და სიარულს სწავლობს, თავი დაანებეო. მე ალბათ საწოლზე დავაბამდი, პირს ავუხვევდი და ასე გავზრდიდი. წარმოდგენა არ მაქვს როგორ შეუძლიათ მშობლებს ბავშვის დაცემა სიარულის სწავლად მიიღონ. და კიდევ იმის წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეუძლიათ ორივე ერთნაირად უყვარდეთ. ჯერ მარტო ამის შემეცნების გამო მიღირს ორი შვილი მყავდეს.

მეორეს ელოდება ელენე. პირველი გოგო ჰყავდათ, ბარბარე, და ბიჭიაო, უხარიათ მეორეზე. ასეთი ეგოისტი დედა არ მინახავს, სულ თავისთვის უნდა ბავშვიც და ბავშვის სათამაშოებსაც არავის ათხოვებს. ერთხელ ლუკას და რეზის არაფერი ათხოვა და ლუკამ პირში დანა ჩაიდო. კივილით მივვარდით სამივე. თეომ რომ მონათლა თავისი ნინი, მაშინ გვყავდა ისინი ტაძარში, ხელში მომაჩეჩეს, ჩვენ ვნათლავთ, შენ ეკლესიაში მაინც არ შემოდიხარ და დაიჭირეო. მაშინდელი ფოტოები ვნახე, ლამის იყო გამვარდნოდა, მამებს უფრო კარგად ეჭირათ და შემრცხვა. მერე საწოლზე ყველანი დავაწვინეთ და სურათებს ვუღებდით. ნინი ყველაზე უცნაური ბავშვია, თოჯინას ჰგავს, მგონია პლასტმასის თვალებს ახამხამებს და თმა რომ მოგლიჯო, თოჯინასავით ნაჩვრეტებს დატოვებს. იცით, რა მინდება? ბავშვები დავიჭირო და თითები გავუტკაცუნო, თქვენ არა? ერთხელ ლუკამ დედა დამიძახა: ის იყო, ლაპარაკს სწავლობდა, რომ აკვანში გადავაბრუნე და დედაო, მე მითხრა. არ დამიჯერებთ და ვიტირე.

12 responses to “მეგობრების ქმრები, მათი შვილები და იმათი შვილების სათამაშოები

  1. შენი არ იყოს მეც უყურადღებო მეგობარი გამოვდივარ ზოგჯერ :))
    კარგა ხანია ჩემი 2 დაქალის ნახვას ვგეგმავ თავის ბავშვებითურთ მაგრამ აბა…..

  2. ზედმეტმა სიყვარულმა იცის, ანნა 🙂
    მე ასე მგონია.
    რაც უფრო მეტად მიყვარს, მით უფრო მეტად მინდა რომ ვატკინო.
    ვაგრძნობინო, რომ ჩემია და რასაც მინდა იმას ვუზამ. აი, რაღაც ასეთი.
    აიჰ, არ ვიცი, მაგრამ მესმის.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s