ამბობენ, სამყაროში დავიწყება რომ არ არსებობდეს, ადამიანები ორმოცს ვერ მიაღწევდნენო. ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა დედამიწა წყალმა დაფარა და ადამიანები გადარჩენისთვის ამატებდნენ სართულებს.
ყოველი დილა თავთან შეკითხვით იწყება: როგორ ხარ? – და პასუხის გაცნობიერებით გრძელდება.
ოღონდ თბილ ლოგინში ჯერ ჩიბუხს გააბოლებდა, კისერს მოიფხანდა.
იმ ასაკში არ იყო, ცხოვრება რომ ესწავლა და სიკვდილს სწავლობდა, ალბომის ფონზე, ჩიბუხით ხელში, კომოდზე ცოლის ჯერ კიდევ შემორჩენილი სამკაულებით. ზღვა ჩანდა მისი ფანჯრიდან.
ყოველ ჯერზე აღებდა იატაკზე ამოჭრილ ფანჯარას და თევზაობდა ანკესით ხელში. ქვემოთ დაცურავდენ ქალაქები, ჩიტების ნაცვლად თევზები რომ არტყამენ წრეებს. ამბობდა:
– ვახშამზე თევზი და ღვინო მექნება, – არ ამბობდა, ფიქრობდა, იმდენი ხანი არ ესაუბრა, იფიქრებდი, საუბარი დაავიწყდაო. შეიძლება მართლა დაავიწყდა.
საამური საღამო იდგა, წყლის ფოთლებივით შრიალს უსმენდა, ტელევიზორმა მოთენთა და ჩააძინა.
დილით ისევ კისერი მოიფხანა, კომოდზე დადებული ჩიბუხი ხელის ცეცებით მოძებნა და ორივე ფეხი წყალში ჩატოპა, – იატაკზე გუბე დამდგარიყო, მის ანარეკლში ლივლივებდა ოთახი, ფანჯრიდან კი ზღვის ჰორიზონტი ჩანდა, მოცეკვავე თევზებს პირდაპირ კართან რომ რიყავდა.
დანანებით შეავლო თვალი კომოდზე დადებულ ცოლის სამკაულებს და რამდენიმე ფოტოს. სახურავზე კიბე მიადგა და გაჭირვებით აბობღდა, რადგან სახლის ზემოდან დაიწყო ახალი სახლის შენება. სახლის, სადაც დაეტეოდა ანკესი, მაგიდა თუ საწოლი. იმ სიმაღლეზე წყალი კიდევ კარგა ხანი არ მისწვდებოდა.
როცა ახალი სახლი გადახურა, ნავი აიღო და ნივთების წასაღებად დაბრუნდა. მხრებზე კომოდი მოიკიდა და ჩიბუხი გაუვარდა. იატაკზე ამოჭრილ ხვრელში ჩაუვარდა და ჩაყვა:
ჯერ ნიჩბებით იპოვნიდა, ეგონა, მერე ჩაყვინთვა გადაწყვიტა, ოთახების ჩავლით, ოთახების, რომლებსაც იატაკის ფანჯარა ამოჭრილი და გაღიავებული ჰქონდათ.
როცა დაკეტილი ფანჯარა დაინახა, ოთახს ყურადღებით მოავლო თვალი, დაცემული ჩიბუხი ნახა და აიღო.
ერთხელ ამ იატაკიდან სწორედ ეს ჩიბუხი მიაწოდა მეუღლემ, თავად ქანქარა სკამზე იჯდა, ის კი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ოღონდ მოხრილი.
ცოლი არასდროს დასცინოდა, როცა მოხუცდა, გაკეთებულ სათვალეს რომ ეძებდა: “საყვარელო, ვერც მე შევამჩნიე, თურმე გიკეთია..”
გარისკა და ამ ოთახის ფანჯარაც გახსნა, ჯერ ზემოთ აიხედა, სუნთქვას მოუჭირა და გაცურა: იმ სახლში მოხვდა, სადაც ცალი საწოლი დატოვა და პატარა ტაბურეტკა კუთხეში, ღამეებს რომ უთენებდა მეუღლეს ავადმყოფობისას, მოუკეცავდა საბანს და ჩაათბუნებდა.
მერე კიდევ გარისკა, იატაკზე კიდევ გამოაღო ფანჯარა და ჩავიდა.
დივანი დახვდა. ის დივანი, რომელზეც მისი ცოლი და შვილი იჯდა ოჯახთან, თავად კამერას აყენებდა დროის რეჟიმზე. მათთან ერთად გაცუნცულდა, მაგრამ ფეხი რაღაცას წამოარტყა და დაცემის პროცესში იყო, რომ დაჩხაკუნდა. სასაცილო სურათი გამოვიდა, რომ ნახეს, ბევრი იცინეს.
მერე ახალი ოთახი იყო, ალბათ იმ პერიოდის, ცოლი რომ მოიყვანა, მშობლებს გააცნო და მოიყვანა.
ყოველთვის ფიქრობდა, რომ ქორწინება წარმოადგენდა მიზანს, რომელის გაცნობიერებას ოჯახური ცხოვრებით ახერხებდა. ისწავლა, რომ ცოლის გაღვიძების სწრაფი საშუალებაა, მისთვის სხვა ქალის სახელი დაეძახა. მერე ამაზე დიდხანს იცინოდა, ყოველ დილა კოცნიდა, ის კი ყოველ დილა უსწორებდა ჰალსტუხს. როგორ უყვარდა.. მერე შვილი. გემზე ჩასვა და სასწავლებლად გაუშვა. მაგიდაზე კარაქიანი პური დარჩა.
უფრო ღრმად ჩავიდა და სახლის ფსკერი ნახა, მიწაში ჩაშენებული ნივთებითა და იატაკზე აღარ იყო ფანჯარა.
კარები გააღო და გარეთ გავიდა, სახლს დაბლიდან მაღლა ახედა, მაღალი კოშკი იყო, მრავალგზის მიშენებული სახლებით, არქიტექტურით რომ წყალს გაქცეოდნენ. წყალი კი სულ მაღლა და მაღლა იწევდა.
გარშემო მისი ძველი ქალაქი იყო, შეყვარებული მისი მშობლები ბებერ ხეს წრეებს რომ არტყამდნენ, დაფრინავდნენ პეპლები და ჩიტუნები. მერე დაჭრეს და სახლი სულ აგურ–აგურ ააშენეს, ის სახლი, სადაც ცხოვრებას აპირებდნენ.
მაშინ სახლები ჯერ კიდევ მიწაზე იდგა, ამოდიოდა ბალახი და ხეხილი ყვაოდა. ისინი კი შეიყუჟებოდნენ სახლში და ღვინოს სვამდნენ ორცხობილასთან.
კაცს ცრემლი მოადგა, იატაკზე დაგდებული ჭიქა იპოვნა, თავის სართულზე აიტანა. ვახშმად ისევ თევზი ექნება და ღვინო. მაშინ ძალიან ბევრი თევზი დაუჭერიათ, ფრინველებიც თევზებად გადაიქცნენო. ეს სართული ბოლოა ალბათ.
სიურეალისტური პროზა 🙂