შემთხვევითი ადამიანები, რომლებიც არ მავიწყდება

 შემომიარეთ ხოლმე, ინტერესის გამო ცუდი მსმენელი ჩემზე არ ითქმის. შეიძლება კარგი მოსაუბრეც ითქვას, რადგან ყველაფერზე მაქვს საკუთარი აზრი, თუ არ მაქვს, მალე მომდის. ჩემს სახლში ყოველთვისაა აგურის ან მრგვალი პურები, ისეთის, სანამ მისი ფორმა დაგრძელდებოდა, დაიჭრებოდა და ისე გაიყიდებოდა. ბავშვობაში ქარხანაშივე ცოტა იაფად ვყიდულობდით, უსასრულო თაროებზე იყო დაწყობილი და პურის დიდი მასის სუნი შორიდანვე გვცემდა. ამას წინათ ეს მრგვალი პური ცელოფნის პარკით იღლიაში ამოჩრილი ვიღაცას მოჰქონდა, დავინახე და გავარკვიე, სად შევიძინო. გამვლელებისგან, ვერბალურად თუ ქმედებებით, ხშირად ვიღებ ინფორმაციას.

ადრე ვაჟაზე ფრინველების მაღაზია იყო, საყიდლებზე იქ დავდიოდი. ქალი მახსენდება, ნაოჭიანი ხელით რომ არჩევდა ყურძენს.  პატარა ღერო ამოარჩია და გამყიდველს ათი თეთრი მიაწოდა, მარტო ამას ავიღებო. ეტყობა, მანამდეც ცალობით უყიდია და პასუხად ჩხუბი მიიღო, – გადაიხადე ერთიანად და წარა-მარა აღარ ივლიო. ქალს, რომელსაც ყურძენი უნდოდა ძალიან დამამახსოვრდა: დაჩამიჩებული სახე ჰქონდა, ქიშმიშივით მტევანში მოჭმუჭნულ მტევნებს პარალეჩიანი კანკალით იჭერდა და ბოდიშიო, შეუმჩნევლად დადო მტევანი და გაქრა. მანამდე შეყოვნდა, ეტყობა სიამაყის დაძლევა უნდოდა. არ ვიცი რატომ, სულ მეგონა, რომ მოხუცი ქმარი ჰყავდა სახლში და პენსიიდან პენსიამდე დღემდე ცხოვრობს უსერვიზო სახლში.

სხვა ქალი, რომელიც არ მავიწყდება, მეტროს შესასვლელში შემხვდა. ეტყობა ფულს თხოულობდა და ტიროდა. უხმოდ ცრემლი ყელამდე ჩამოსვლოდა და მორიდებული მათხოვარი მაშინ პირველად ვნახე. ვერაფრით მივეცი ფული: ხან გვერდით ჩავუარე, მერე ამოვუარე, მერე ვიდექი მის წინ, ვითომ სალაროს ვუყურებდი, მაგრამ, აი, აი, ვერაფრით მივეცი ფული. დღემდე ასე მჭირს, თხოვნა ისევე მერიდება, როგორც სხვისთვის თხოვნის შესრულება. ვერ შევიცვალე: დღემდე ფულის სესხება ან გაცემა სასიკვდილო მორიდებაა, ვერც სამუშაო გასაუბრებაზე მივდივარ თუ ვიცი, რომ ნაცნობი უნდა დამხვდეს. ის ქალი ჩემთვის სიმბოლოდ იქცა.

ერთი თვითმკვლელი მახსოვს. ვერ ვიტყვი, რომ სიკვდილის პროცესი აქამდე უცხო იყო ან ვენდასერილი ადამიანები ერიდებოდნენ ჩემს გამოჩენას, პირიქით, ვხუმრობდი კიდეც, რომ სიკვდილის მომენტში უფრო ხშირად მოვხვედრილვარ, ვიდრე დაბადების მომენტში. მაგრამ ერთი ბიჭი იყო, ვენიდან იმდენი სისხლი წამოსვლოდა, ტალახი მეგონა. თურმე არტერიებიდან წითელი კი არა, შავი სისხლი მოდის. მე კი ტალახში მომუშავე მუშად აღვიქვი და ისე გავიცანი, რომ დამეცინა. ის მესაუბრა საქციელის მიზეზებსა და შედეგებზე და გზა მკითხა საავადმყოფომდე. მაშინ მივხვდი, რომ თვითმკვლელი იყო. ეტყობა, საკმარისად მოკვდა ხელახალი დაბადებისთვის. მოუნდა მეთქი სიცოცხლე. მაშინ პირველად ვიტირე ხმამაღლა, ჯერ სახლში  უცრემლოდ მივირბინე, კარების შიგა მხარეს მივეყრდენი. იმის მერე ძალიან ხშირად ვაკეთებ ამას. უცნაურია, იმ დღეს გასვენებიდან მოვდიოდი, ბებია დავასაფლავეთ და არ მიტირია. ყოველთვის კონტექსტიდან ამოვარდნილი ემოციები მქონდა. აი, აგვისტოს ომი რომ იყო, მამა ომში მიჰყავდათ, მეზობელი ბიჭი, ვისთანაც ვიზრდებოდი, დაკარგული იყო, მე კი მხოლოდ იმ თაგვზე ვტიროდი, ხაფანგში რომ მოყვა.

არა და, ადამიანებს ვერ ვცნობ, შეიძლება ადრე ჩემთვის ახლობელი ზოგჯერ ქუჩაში მისალმების გარეშე დავტოვო. არც ღია მზერა მაქვს გამვლელთა მიმართ და იშვიათად რომ ვიცნო, მითუმეტეს, დავიმახსოვრო. მაგრამ ცხოვრებაში ბევრი შემთხვევითი ვნახე, რომელთან ურთიერთობა გამიგრძელებია, დამიპურებია. ბოლოს ერთი კაცი დავიმახსოვრე, შემთხვევით არა, სპეციალურად. ტრანსპორტში ტელეფონზე ბევრი ილაპარაკა და ჩემი ყურადღებაც ასე მიიქცია. ჯერ თავის საყვარელს ესაუბრა, პარიზში წასვლას, მასთან ცხოვრებას და შვილის უზრუნველყოფას დაპირდა. ყურადღებას არ მივაქცევდი, რომ მეორე ზარი არა, სხვა საყვარელს ესაუბრა მონატრების მტკივნეულ განცდებზე. ბოლო ზარმა კი ჩარევა გადაწონა. შვილს დაურეკა და მისი თანდასწრებით დედამისს აგინა. ის კაცი ჩემს სახლამდე ადრე ჩავიდა. გამოიცანით რა ჩავიდინე. მისამართი დავიმახსოვრე, მისი შვილი გავიცანი, მერე მის საყვარლებამდე გავედი, რომლებსაც ღალატის შესახებ მოვუყევი. ეს ზამთარში მოხდა. ამ შემთხვევამ ის მასწავლა, რომ შეიძლება შიშის გამო ვერ ვერევი ვიღაცის სიამაყეში, მაგრამ კონტროლს ვკარგავ ღალატის გამო. კონტროლს არა ისე, რომ ხიფათი ვერ გავთვალო, კონტროლს იმდენად, რომ ხიფათიც დავგეგმო.

შემომიარეთ ხოლმე, თქვენი ადამიანების შესახებ მიამბეთ, შემთხვევითები მაინტერესებს, თითქოს სპეციალურად რომ ჩაგრჩათ შიგნით კი არა, ზედაპირზე გიტრიალებთ და გახსოვთ. ატმის კომპოტი მივაყოლოთ ან ბატი-ბუტი მივაყოლოთ  კადრებად ჩავლილ ადამიანებს. შოკოლადის ვიყიდე ამას წინათ და მომეწონა. ბოლო სავარძლიდან არა მხოლოდ კინო, დარბაზიც ჩანს. შემომიარეთ, თუ არა, გვერდზე გამიარეთ მაინც. მე კიდევ დავწერ.

2 responses to “შემთხვევითი ადამიანები, რომლებიც არ მავიწყდება

  1. ბატიბუტით და კომპოტით ვერ ვისაუბრებ ასეთ ადამიანებზე.
    ჩემზეც ბევრ სრულიად უცხოს უმოქმედია, განმიცდია ან გავღიზიანებულვარ ან გავბედნიერებულვარ.
    ერთი პოსტი მეც მაქვს შემთვევით ნანახ დედა-შვილზე 🙂

    http://justbbiswatchingyou.wordpress.com/2012/10/16/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s