აბრა

ის ანეგდოტი იცი?
თომამ მასობრივი ფრაზით დაიწყო მოყოლა:
კაცი სიკვდილის მერე გზაჯვარედინზე მოხვდება. ორი გზა სიბნელითაა მოცული. მხოლოდ ერთგანაა ფეიერვერკი.
თქვენ საით წახვიდოდით?
ჰოდა, ადგა ისიც და განათებისკენ წავიდა.
მივიდა – სიბნელე დახვდა. აკი სინათლე იყოო?
ის რეკლამა იყოო.
ამ ანეგდოტზე ბევრი ვიცინე და მოვიხიბლე იდეით, რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი ერთი სიბნელეა, მხოლოდ ერთგან უკეთესი პიარი კეთდება.
სიცილის მერე გამალებით დაიწყო მტკიცება, რომ სამყაროში ორი სიტყვაა უშინაარსო: უცნაური და ბანალური.
რომ სამოთხე ცაში კი არ ვეძიოთ, არამედ ჩვენში, დედამიწაზე, რომელიც აღმოჩენილი სიცოცხლის მიხედვით, უნიკალური ეგზემპლარია, ჯერჯერობით.
ფანტაზია მაქვს, რომ მივაშურეთ ბაბილონს თოხებითა და სქელყრდიანი ლექსიკონებით.
გველი, როგორც პირველი სარეკლამო აგენტი, ბეგბედერთან და თავად რეკლამის სხვა გამპიარებლებთან, უხელფეხო სისინით მონანიე ხასიათს იღებს და მედიცინურ ბალახებს გვაზიარებს.
შენება ვერტიკალით დაბლა დავიწყეთ ანუ ცის მიწვდომის ნაცვლად, დედამიწის ბირთვში ჩავედით. თომა ამბობდა, ცაში წმინდანებად ყოფნას, მიწაში ღმერთობა გერჩივნოსო.
ამბობენ, იმ სამყარომ კარიბჭე მიწით გადაკეტა, რათა მომაკვდავებს არ შესძლებოდათ შეღწევა. მაგრამ მე ვფიქრობ, მათ ეშინიათ, რეკლამირებული ვაშლის საამაყო მაგალითების.
იმდენი ვქექეთ, ფრჩხილები გავიშავეთ, ნეშთები ცამდე გადავყარეთ.
ეგ არაფერი, ფრჩხილებზე ის, რომ მიწა თავისას მოითხოვს, ხოლო ნეშთები ყოველთვის ოცნებობდნენ, ცამდე აყვანას.
ეს იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც საუკუნეებით სისხლიდან სისხლში გადაცემული ვენერული და მარსული საწყისები ადგილებს ცვლიან. ჯერ წონასწორდებიან, შემდეგ ადგილებს ცვლიან. როგორც ფილმებშია, მაგიური ელემენტებით უცბად ქცევა, რათა ერთმანეთი უკეთ შეიგრძნონ, ისე არა. ეს ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესია.
ვეძებდით დამალულ სამყაროს სადღაც სამოთხესა და შამბალას შორის და ჩვენმა შვილებმა, კიდევ მათმა შვილიშვილებმა და იმათმა შვილთაშვილებმა მიწას ბოლო გოროხი მოაცილეს.
ბოლო გოროხიც მოვაცილეთ დედამიწას და ვიფიქრეთ, ღრუში მცხოვრებთათვის ციდან დაშვებული ანგელოზები ვიქნებოდით.
თომას ყოველთვის უნდოდა ანგელოზობა, ბავშვობაში მარჯვენა მხარზე საკუთარი ფოტოსურათიც კი დაიწეპა.
ბოლო გოროხიც მოვაცილეთ და მუშტები დაფრენისთვის მოვამზადეთ.
ქვემოდან, ნანატრი სამყაროდან გავიგონეთ ხმები: ”საყვარელო, მიწიდან ამოდიან მიცვალებულები.”

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s