გრილი

ხანდახან მეტროს კარებთან ვდგები: მილები, მინის მიღმა რომ ჩანან, საკუთარ ანარეკლზე რომ დავინახო. ხაზები ჩემს ბალახიან კაბებზე იხაზებიან. სულ მეგონა, რომ ზედმეტად სტაბილური ვარ მსვლელი სამყაროსთვის და ზედმეტად მოძრავი უძრავობისთვის. შეიძლება ახლოს ვარ ბალანსთან და ჩემ ირგვლივ მდგარი ადამიანები ისევე შემოდიან ჩემში, როგორც ნიუ-იორკის მინიანი არქიტექტურა, სადაც შენობა მოიცავს შენობებს, რომლებიც, თავის მხრივ, მოიცავენ ამ შენობებს და გარემოს ვერწყმი. ცვალებადობის საწყისია განსხვავება.
ერთხელაც წავალ მეტროპოლისში. ხალხით გაჭედილ ინჟინერიაში, სადაც აგებულება პრიორიტეტია და მე გრძელ ქუსლიან ფეხსაცმელს ჩავიცვამ, ყურში ”ერთხელ ამერიკაში”-ს მელოდია დავიჭერ და ყველა მეტროს სადგურს მოვივლი. კიდეში რომ ზიხარ და იუცხოვებ სუნს, აქეთ შავკანიანები კოცნიან, იქით ”ნიუ იორკ თაიმსს” კითხულობენ მორიგ გაჩერებამდე. და შენ ჩახვალ. აქ ყოველთვის ვიპოვნით ჩვენზე ღარიბს.
მერე მანჰეტენზე გავივლი შარფით, სათვალეს გადახურული კაფის მაგიდაზე დავტოვებ და ვიწუწუნებ იმაზე, რომ ტაქსები არ აჩერებენ. შეიძლება ქვაფენილში ჩამეჭედოს ქუსლი. ალბათ იქაცაა ქვაფენილები.
სხივები მეფინება ძილში, სიზმარში, როგორც წარსულის რეპროდუქციად. როცა ძილსა და სიზმარს შორის კავშირი წყდება, სიზმარი ძილის გარეშეც მიგრძელებს ცხოვრებას. სიზმარი წარსულია აწმყოდ განცდილი, ხოლო ნებისმიერი ფორმა, უკვე თავისთავადაა დახშული, გარშემოწერილობით შემოფარგლული. ფონი შემოუფარგლავად, უსასრულოდ განისაზღვრება. და მე ვეძებ რკალებს ფორმასა და ფონში თუ პორტრეტსა და ფონში.
იმ ჯარისკაცს ალბათ იმიტომ მოვეწონე, რომ სეზონი აიძულებს გაგრილდეს. სამოსისა და მოძრაობათა დახშულობის გამო სარაფანის ფარფატი, რომელსაც ყინულოვანი სარეცხის ფხვნილის სუნი ასდის მისწრებაა დაოფლილ კანზე, ტანზე. ეგონა, მკლავებზე თუ შემეხებოდა სიცივე გაატანდა ძვლებში. წყლის გადავლებასავით ვიყავი მისთვის.  ჩექმების გამო სანახევროდ მიწაში ჩაფლულიყო და ჯერ ერთი, არავინ იცოდა როდის მოკვდებოდა, მეორეც, გაფრენისათვის ზედმეტად ბევრი ეცვა. მე კი ფრანივით ვიყავი და გამიღიმა, წამოდიო.
საოცრად უხდება მგზავრობას იან კურტისი. ფანჯრიდან ხელგაშვერილი ვეპოტინები გამავალ ტოტებს, რომლებსაც ლამპიონები ცვლიან. მოაჯირზე ვიწევი, ხელებს ვშლი და მანქანა მიდის. იან კურტისი ამბობს, რომ კონტროლს კარგავს და მე ვერ ვკარგავ. რომ დავკარგო, ემოციური უნდა ვიყო.
ბიძამ მღვიძარეს მომიხელთა და მესაუბრა, ჩაკეტილობის მინუსებზე და რომ გასაქანი მივცე ჩემს ემოციებს. მას არ ესმის: თავს არ ვიკავებ, არ მიხარია. არ მიხარია.
აი, ბავშვობაში, როცა სათამაშოებს მჩუქნიდნენ ხოლმე, მე მათ ადგილს ვუძებნიდი და მშვიდად ვიჯექი. ისე ეგონათ, რომ ემოციას ვერ ვხატავდი, მაგრამ უბრალოდ არ მიხაროდა. მე კი ისე მინდოდა მეყვირა: გაზიარებით გავაზიარებ, მაგრამ არ ვგრძნობ, – თავი უხერხულად ვიგრძენი და ყალბი ღიმილი დავიჭირე.
ხანდახან მეტროს კარებთან ვდგები და მინდა გაიჭედოს. დამამძიმეს მინაზე არეკლილმა ხაზებმა თუ ჩემში ტრანსფორმირებულმა ხალხმა. თავს პატარაობაში უფრო იკლავენო ან მაშინ, როცა სხვათა აზრებისგან თავისუფლდებიან. ჰო, ეს არ მემუქრება, ეგოიზმი ჩემში ცოტაა.
მერე საყვარელი კაცი თუ ოდნავ მეგობარი სახლში დავპატიჟე, თეთრი ვისკი და ”ვინსტონის” ღერები დავახვედრე. ტუჩის კიდესთან ვკოცნე და ტირილით მოვიკუნტე. მან ჯერ ერთ ღერს მოუკიდა, მე იმ ღერს შევებრძოლე, მინდოდა ხელში გაშეშებოდა და არ ჩაედო, მერე ვუთხარი, რომ ჩემთან ეცხოვრა. მან კი გრილად მითხრა, რომ მომავალი არ აქვს. ”მომავლის არ ქონაც კი მომავალია”. არ მიგატოვებო.
ყოველ ჯერზე, ვერ ვცნობ, როცა უნდა ვნახო, ქუჩაში გამივლია და მიკვრის. დაჭიმული კუნთები არ ჰქონია და მალე წავიდა. ჩვევასავით ვეკითხები და მპირდება, რომ მოვა. ის უფრო მიკვირს, მთვრალი ისტერიის მიუხედავად რომ მოდის და მეკვრის, ამბობს, რომ ისე კარგადაა, რომ ჩემზე ვერ წერს. მე უკონტროლოდ ვეჭვიანობ სიგარეტებზე და მაინც მიმაქვს. მეტრო გაიჭედა. ერთხელაც შემიყვარებს.

2 responses to “გრილი

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s