ქალი, რომელმაც მამშობიარა

ჩემზე დედას ორჯერ უმშობიარია. ბებიაქალს ცხვირი მოქავებია, ხელი გაუსხლტა და შევსრიალდი.  ხელმეორედ დაუწყია დედას ჭინთვები. ისტორია თავისთავად კომიკურია, თან საკმარისი აღმოჩნდა სიმბოლური სახით განმეხილა და თავი ორჯერ დაბადებულად ჩამეთვალა. მეტიც, ორი სიცოცხლის ლოგიკური იმედი გამჩენოდა და მეფიქრა: ორი სიკვდილი უნდა მქონოდა.

მერე გადავწყვიტე ყველა გავიცნო, ცხოვრების ერთი ათვლის სათავე რომ გვაქვს ანუ იუბილედ ერთი თარიღი. ჯერ ერთი გოგონა იყო, ერთ სამშობიაროში ვიწექით და დედამისი რძეს მაწოვებდა. აქეთ-იქით მოგვსვამდა, მოძველებული სიტყვა უნდა ვიხმარო, მაგრამ ძუძუმტე გამოდის. შემშურდა, მას ჩემი ოცნება ახდენოდა.

ბოლოს ანა გავიცანი. ერთად ჰოროსკოპს ვადგენდით და ისე. ამას წინათ მითხრა, ჩვენი ახალი მთვარე სავსე მთვარეობას იწყება და ქალური სისხლის დენა ახალმთვარეობას გვაქვს, რადგან როცა დავიბადეთ, მთვარეს მეთექვსმეტე ღამე ჰქონდა ანუ სავსე იყო. ჩემი და ანას ცხოვრება ერთმანეთს არ ჰგავს. აკვიატება მაქვს, ჩემს დღეს დაბადებული ყველა გავიცნო, დავუმეგობრდე და მათი ჰოროსკოპები ჩემთან შევადარო. კიდევ ბებია ქალი მინდა ვნახო და მერე მოვკვდე.

ყოველ დღისით, სახლიდან გასვლისას სუფთა კაბას ვიცვამ, ტელეფონში ყველა წერილს ვშლი, ეტყობა ”მეს” შეგრძნება დამისუსტდა, საკუთარ თავს მთავარ პერსონაჟად არ ვთვლი და ნებისმიერ მანქანას ჩემი გატანის დანადგარად აღვიქვამ. მე კი ნამდვილად არ მინდა უნებართოდ ჩემი წერილები იკითხონ. ასე რომ, იმ ჯგუფში ნამდვილად არ შევდივარ, ბოლო ორი თვე რომ იციან, რომ არაფერი მოუვათ.

ადრე რომ გეკითხათ, როგორ ვიცხოვრებდი, რომ მცოდნოდა, რომ მალე მოვკვდები, გეტყოდით: ისევე, როგორც ახლა. უფრო ადრე რომ გეკითხათ, ყველა შესაძლო ცოდვას ჩავიდენდი მეთქი, ანუ მატერიალურ სხეულს ბოლომდე დავხარჯავდი. ამაზე უფრო ადრე რომ გეკითხათ, ჩემში ეგოისტს ნახავდით და საკუთარ რეპროდუქციას ბავშვის ან მსგავსი სახით მოვავლენდი ქვეყნად. ოღონდ ქალურობის კომპლექსი მქონდა და ჩუმად ვიტყოდი. მაგრამ ახლა რომ მკითხოთ…

არასდროს მქონია კენტავრული სურვილები. როცა მეზობელი გოგონები ცხენსა და პრინცზე ოცნებობდნენ, ჩამოვარდნილ ვარსკვლავებს ვუყურებდი და მფრინავი თეფშის გამოჩენას ველოდი, უცხოპლანეტელს რომ აღმოვაჩენდი, გადამალვაში  დავეხმარებოდი და ჭრილობებს მოვუშუშებდი. ბევრი ჭირ-ვარამის მერე თავის სამშობლოში წამიყვანდა. ვერ ვიტყვი, რომ ერთად მოვკვდებოდით, დაქვრივება მინდოდა. უბრალოდ საყვარელი კაცის მთლიანი აღქმა მინდოდა, ისე, რომ მისი ტკივილიც დამეღეჭა. დაქვრივება ცუდად არ გაიგოთ, ბოლომდე მინდოდა მყვარებოდა.

მიწა თავისას მოითხოვს და ჩემს უბანში ერთი მემწვანილე ცხოვრობს, დილაობით მისი ჩხუბი მაღვიძებს, ლოთი ქმარი ჰყავს, თანაც უმუშევარი. კიდევ ერთი ბავშვია ნერვიული მიმიკებითა და თვალებით. მისი ტირილი მაძინებს. ვიკუნტები საბანში და ვფიქრობ, არასდროს ვისაუბრებ ყვირილით. მეშინია, რომ ერთხელაც ვისაუბრებ ყვირილით. ვფიქრობ, რომ ერთხელაც თვალს ვერ გავახელ და რომ ვახელ, ახალ წრეს ვიწყებ.

მოსაწყენი ცხოვრება მაქვს: ვნებიან ტანგოს ნაზად შეხებული ვალსი მირჩევნია, ჯინსებს – ნაზი სარაფანები, ბრაზილიურ კარნავალებს – ვენეციური მეჯლისები, საუბრებს – წერა. მაგრამ არ ვგავარ იმ ადამიანს, სიკვდილის წინ რადიკალურად რომ იცვლებიან. მე ასე მომწონს. უბრალოდ, ახლა რომ მკითხოთ, სიკვდილის წინ რას გავაკეთებ, ბებია ქალს გავიცნობ მეთქი, გეტყვით. საწყისს სასრულთან დავაკავშირებ და წრეს შევკრავ. ყოველთვის მიყვარდა წრეები. ალბათ ამიტომაც მქონდა ამდენი დეჟავუ. ხვალ შაბათია, ორშაბათს სამშობიაროში, კამოზე ავალ, იქნებ არქივში ძველი ნაწერები ვნახო.

აჩუ-აჩუ, დრაკონო, საით გაგაჭენო

4 responses to “ქალი, რომელმაც მამშობიარა

  1. ახლა დავფიქრდი, ბებიაქალის გაცნობას მე, პირადად, ჩემი მესაფლავის გაცნობა მირჩევნია. თუ ახალგაზრდა უნდა მოვკვდე, მით უმეტეს მაინტერესებს, თუ ძალიან მოხუცი, შეიძლება სულერთიც იყოს. ან იქნებ მერე უფრო შემიყვარდეს ცხოვრება და ყოველ ღამე ბალიშქვეშიდან ხილის რბილ კანფეტებს რომ გამოვაძვრენ, შემეშინდეს, ბოლო არ იყოს-მეთქი, არ ვიცი 🙂

    კარგად რომ წერ, ბევრჯერ გითხარი, არა? 🙂

  2. ნუუ,,არც ისე ბევრჯერ 🙂
    პრინციპში, ჩემს მეკუბოვეს კი ვიცნობ. ერთი მეზობელი მყავდა და ალბათ ის გაამზადებს. ნაცნობი კრემატორიც გვყავს. ერთხელ მათზეც დავწერ 🙂

  3. ძალიან მაგარი იყო.მე ვიცნობდი ჩემს ბებიაქალს,მის საფლავზეც ნამყოფი ვარ რამდენჯერმე.შენგან განსხვავებით,წრეები არასოდეს მიყვარდა…

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s