ცხოვრება ნულოვანი მოსახლეობით

სუნს ვერ ვგრძნობო, – ჯერ ერთი პაციენტი გამოჩნდა აკვიატებული იდეეით. საგანგებო არ იქნებოდა, მაგრამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ანალოგიური შემთხვევებიც დაფიქსირდა. ვირუსს დააბრალეს, მაგრამ დარწმუნებით არ იცოდნენ როგორ ვრცელდებოდა. სცენარში აღქმის შეწყვეტა ყნოსვით დაიწყო, უფრო სწორედ, ჯერ განვლილ ცხოვრებაში ნაყნოსი მასალა ერთბაშად იგრძნეს, მათი ერთიანობით კი მომავლის ფობიები დაეწყო ქალაქს. შემდეგ ყნოსვა შეწყდა, როგორც განგაშის პირველი ნიშანი. შინაარსი საავადმყოფოსა და რესტორნის ირგვლივ მიმდინარეობდა. ხალხმა პირში ყველაფერი ჩაიტია და გემოვნებაც შეწყდა. ექიმები პანიკას არ ტეხდნენ, ცდილობდნენ კორექტულობა შეენარჩუნებინათ, მზარეულები კი მაინც ამზადებდნენ კერძებს იმ კლიენტთათვის, რესტორნები თავშეყრის ადგილად რომ აქციეს, იკრიბებოდნენ და საუბრობდნენ. ერთხელ იჩხუბეს. ექიმები ყნოსვასა და გემოს ერთმანეთს უკავშირებდნენ, თავს იმშვიდებდნენ, მეტ ორგანოს აპოკალიფსი აღარ შეეხებაო, მაგრამ უყვიროდნენ ერთმანეთს და სმენა დაკარგეს, პირდაპირი გაგებით მათ მოსმენა აღარ შეეძლოთ. სამაგიეროდ, ხედვა გაუმძაფრდათ, უყურებდნენ ერთმანეთს და თვალებში შესციცინებდნენ, მერე ხედვაც დაკარგეს. ეკრანი გაშავდა. გაშავდა, მაგრამ ვხვდებით, როგორ კონტაქტობენ ადამიანები, შეხებაში ატარებენ ცხოვრებას. ფილმი სრულდება. მაგრამ ლოგიკური დასასრულის საზარელი შეგრძნება დამრჩა, რომ ტკივილამდე შეეხებიან, იქამდე, სანამ უკანასკნელი ადამიანი მიკარების აღქმას დაკარგავს. ასე ადამიანები ვეღარ დაიბადებიან. ეს აპოკალიფსია.

სცენარი რეპროდუქციულად გამოუსადეგარი და მექალთანის სასიყვარულო კავშირის ირგვლივ მიმდინარეობდა, რომელიც სიყვარული არც ყოფილა, მე თუ მკითხავდით. არა და ზედმეტად რომანტიკულ ტალღაზე ჩანდა. უბრალოდ, სამყაროს დასასრულის შეგრძნება იმდენად გამძაფრდა, რომ მარტოობის გამო მათზე ძლიერ სამყაროში ადამიანებმა ერთმანეთი ხელოვნურად ირგძნეს, გაერთიანების შანსი აღიქვეს. ამით სცენარი რომანტიკულ იდეად შემოსაზღვრეს და გაერთიანების სხვა ხაზი მოსპეს. დედამიწის მოსპობის უამრავი იდეაა შემუშავებული, ჯერ კიდევ ქრისტეს თანამაცხოვრებლებს სწამდათ, რომ დესტრუქცია მათვე დაემუქრებოდათ, ციდან ჩამოფრენილი ანგელოზების სახით კოსმიური შეტაკებების, ეკოლოგიური თუ ომის მიზეზით, მაგრამ სამყაროს აღქმის დაკარგვა, ვფიქრობ, ყველა მიზეზს აერთიანებს. მეტიც, შეიძლება სწორედ აღქმის სურვილია ცხოვრების საფუძველი. ამ საკითხს კვანტური ფიზიკის კუთხით თუ მივუდგებით და შეხების არ არსებობაზე ვისაუბრებთ, თუ არც მატერია, როგორც ასეთი არ არსებობს და ის ენერგიის სახეობრივი გამოვლინება, მისი შეგრძნება  აღქმაზეა დამოკიდებული. აღქმაზე, რომელსაც თავისთავად მიმღეობა და პასიურობა ახასიათებს სიცარიელეში. სიცარიელეში იმიტომ, რომ არაფერი ეხება ერთმანეთს, ყველაფერი სიცარიელეა, ენერგიის ანუ ღმერთის სიმულაცია და მატერიას მას ანიჭებს გონება. თუ სამყარო ღვთისგან მისი პრაქტიკაში გამოცდის გამო შეიქმნა, რათა ღმერთს ენერგია მატერიად ეგრძნო, აღქმათა ლიკვიდაცია, თავისთავად მოიცავს დასასრულს. თუ საკითხს რელიგიური თვალსაზრისით მოვეკიდებით, ღმერთი/ები რომ მოკვდეს/ნენ, ეს კი დასაშვებია მისი/მათი ყოვლისშემძლეობის გამო, ალბათ შეუძლია(თ) თავის ლიკვიდაციაც, მთელი მისი სამყაროები განადგურდება. პირველ რიგში მისი აღქმა, რადგან რელიგიები იმაზე თანხმდებიან, რომ მატერიალური სამყარო შეცნობის, აღქმის გამო შეიქმნა.  მენდელბორტს აქვს სამყაროს გრაფიკული ანალიზი მოყვანილი, რომელიც იმ იდეას ემხრობა, რომ მატერია, როგორც ასეთი, არ არსებობს და ის ენერგიის გამოვლინებაა, აღქმის საშუალებით რომ სახეს ვაძლევთ. თეორიის მიხედვით სამყაროს გრაფიკული ანალიზი მოგვცა და მის შრეებს გაუსვა ხაზი. საბოლოო აპოკალიფსი ამ შრეთა გაქრობით თუა დასაწყისი.

ამ ბოლო დროს კი ძველად ნანახი სატელევიზიო შოუს ყურება განვაახლე, რომელსაც ”ცხოვრება ადამიანების შემდეგ” ჰქვია. ფილმი პოსტ-აპოკალიფსური სამეცნიერო ფიქციაა და ორიენტირებულია კაცობრიობის ამოწყვეტის შემდგომ მდგომარეობაზე. თითო სერიაში თითო საკითხია დასმული, მაგალითად, თუ ერთ სერიაში საუბარია შენობათა მდგომარეობაზე ადამიანთა შემდეგ, მეორეში საუბრობენ ცხოველების არსებობაზე უადამიანო სივრცეში. შექმნილია მოვლენათა განვითარების ვირტუალური დრო, რომელიც ასევე, სამეცნიერო ფიქციას წარმოადგენს. სამაგიეროდ, არ არის ნაჩვენები ადამიანთა განადგურების მიზეზები, არამედ – შედეგები. პროცესი ბოლო ადამიანის ამოწყვეტით იწყება და ამის გამო შეიძლება წინა ნახსენები ფილმის გაგრძელებად ჩავთვალოთ. მასში ნაჩვენებია ადამიანთა მხოლოდ გვამები და მათი გახრწნის შედეგები. იგი სტრუქტურულ-ბიოლოგიური ნგრევის მაგალითებს გვთავაზობს სპეც.ეფექტთა გამოყენებით და, როგორც მივხვდი, ძირითადად, ამერიკაზეა ლოკალიზებული, თუმცა მსოფლიოში მომცველია. ფილმისთვის მაბრუნებელი ფრაზაა: ”კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დედამიწაზე ნულოვანი მოსახლეობით”. მოდი, ერთად ვადევნოთ თვალი:

1 საათის შემდეგ ჰიუსტონში (და სხვა ადგილებში) ნავთობის ტერმინალი ნადგურდება. ერთ ცისტერნაში მაინც გათავდება ნავთი, რის გამოც რეაქტორში წნევა მოიმატებს. მოხდება აფეთქება და განადგურდება მიმდებარე ტერიტორია. ხანძარი 1 თვის განმავლობაში იქნება.
 
1 დღის მერე ელექტრო სადგურების უმეტესობა მუშაობას შეწყვეტს და დენი ყველგან გაითიშება. ქარის გენარატორები აგრძელებენ მუშაობას, თუმცა დროთა განმავლობაში კომპიუტერული პროგრამები ბიძგის გაგზავნას წყვეტს და ქარის ტურბინი იმსხვრევა.
ჰუვერის კაშხალზე წყალი ახდენს ზემოქმედებას, ამის გამო მეთვალყურეობის გარეშე დიდხანს (თვეები, წელიწადიც) ძლებს. ასე რომ, ლას-ვეგასი ერთადერთი განათებული ადგილი იქნება და ეს კოსმოსიდანაც გამოჩნდება. მხოლოდ წყლით მოწოდებული ადგილები გადაურჩება დენის შეწყვეტას. მაგრამ დრო გავა და ბოძებიც ჩამოინგრევა.
 
2-3 დღეში ბევრი ქალაქის მეტრო სადგურები წყლით დაიფარება, რადგან მიწის ქვეშა წყლებს ვერავინ გააკონტროლებს.
ნავთობი უკონტროლოდ გაედინება მილებში და როცა ნაკადად მოაწვება, მილს გახეთქავს და ოკეანეს მოეფინება.
ფეთქვას დაიწყებს დენის გარეშე დარჩენილი ქარხანები.
მუზეუმებში ფიტულები ვენტილაციის სისტემის მოშლის გამო ჩამოიფშხვნება.
ალბათ ლამაზი სანახავი იქნება, შაქრის ქარხნის შეფერხება: შაქარი პუდრად იქცევა და ცაში აიფანტება. იმ დღეს მიწა გატკბილდება.
 
1 კვირაში – 10 დღეში საკვები გაფუჭდება.
შინაური ცხოველები და ფრიველები ნარჩენების ჭამას იწყებენ, სვამენ მაცივრებიდან გამოჟონილ წყალს, მერე ორი ვარიანტი აქვთ: გარეთ გააღწიონ ან შიმშილით მოკვდნენ.
ბუკინგემის სასახლეში სამეფო ძაღლები უფრო დიდ ხანს დარჩებიან.
ზოოპარკებიდან ცხოველები ვერ აღწევენ.წყლის სისტემა მწყობრიდან გამოვა. მილები დალბება და წყალი გამოჟონავს. რაც გზების დაშლას გამოიწვევს.
და აი, ბიგ ბენის საათიც გაჩერდება. გაჩერების მერე საუკუნე გაძლებს.
ატომურ სადგურებში წყალი შევა და დაიწყება სისტემატიური აფეთქებები.
 
1-2 თვის მერე გაუხრწნელად შენახული გვამებიც იწყებენ გახრწნას.
მარადიულ ცეცხლში ნავთობი გათავდება და პირველივე წვიმა ჩააქრობს მარადიულ ცეცხლს.
კომპიუტერით მარად მოძრავი მანქანებიც შეწყვეტენ გაკვალულ გზაზე სიარულს.
 
6 თვეში თაგვები და ხვლიკები ხრწნად მასალას შეჭამენ და ქალაქიდან გავლენ, ქალაქში ბინას მტაცებელი ცხოველები დაიდებენ.
 
ერთ წელში მცენარეები სკვერებში და შენობებზე ხრწნას დაიწყებენ. ადამიანებისგან დაცული კუნძულები წყლით დაიფარება.
 
2-3 წელში ელექტრონული საათებიც გაჩერდება.
ცხოველებსა და ქვეწარმავლებში დაიწყება კანიბალიზმი. შეუვალი ადგილებიდან  ავადმყოფური ფორმის ბალახები მოედება მიწას.
 
10-50 წელში ბალახები შენობებშიც ამოვა. მანქანები და თვითმფრინავები ნგრევას დაიწყებს. ამინდის გამო ინგრევა შენობები. ჩამოიშლება მხატვრული ხელოვნების ნიმუშები, ფრესკები.
თუთიყუში დამახსოვრებულ ლაპარაკს განაგრძობს. 
 
100 წლის მერე უკანასკნელი თუთიყუშიც მოკვდება, რომელიც ადამიანის ენაზე ილაპარაკებს.
 
1000 წლის მერე გამოქვაბულები მთლიანად დაკარგავენ თავიანთ იერსახეს.
გადაშენდებიან ბოლო ოჯახები, რომლებიც სიკვდილს დაემალნენ.
წყლით გაფართოვდებიან არხები.
წყლით დაფარულ დედამიწაზე ჩამოვარდებიან თანამგზავრები.
 
მილიონი წლების მერე დამარხული მიცვალებულები დაკარგავენ თავიანთ ჩონჩხსაც და მისი არსებობის თითქმის არანაირი კვალი აღარ შეინიშნება. ადამიანი ბუნებასთან აითქვიფება. ერთადერთი რაც დარჩება ადამიანს რომ გაახსენებს სამყაროს, ეს პლასტმასი იქნება.
 
 

ფილმი ან სერიალი თავად შეგიძლიათ ნახოთ, უფრო მეცნიერულად და წვრილად გადმოსცემს განადგურების თითოეულ ეტაპს. იმას წააგავს, ზღაპრებში ბოროტ ჯადოქარს თუ მოკლავდი, მთელი მისი ქმნილებები რომ ქრებოდა. როცა  შობადობისა და სიკვდილის საკითხებზე მეგობართან ვსაუბრობდი, კინო დარბაზში ვიყავი, პოპკორნი და კოლა მეჭირა, ტედის კონფერენციაზე ჰანს როსლინგის გამოსვლაზე მიამბო, რომ ადამიანთა რაოდენობა ათ ბილიონს არასდროს გადააჭარბებს, რომ პოლიტიკოსთაგან დაგეგმილი პანიკაა ის, რომ შიგადაშიგ სამყაროს ჰიგიენა ანუ ომი სჭირდება. ასე, რომ საერთაშორისო ურთიერთობის ლექციაზე მოსმენილი ფრაზა: ფუტურისტულ სამყაროში ადამიანები შიმშილისგან ერთმანეთს შევჭამთ, კიბერ ლიტერატურას რჩება. ავტორს თეორიის დასამტკიცებლად, რელიგიათა კლასიფიკაცია მოჰყავს, სხვადასხვა დროსა და სივრცეში შობადობის დონის აღნუსხვით და აღნიშნავს, რომ ადამიანები მოცემულ ზღვარს, ძალიანაც რომ უნდოდეთ, მომაკვდავი ბუნების გამო, ვერ გადააჭარბებენ. საინტერესოა, წარსულსა და აწმყოზე დაკვირვებით, მომავლის თეორია. პოსტი რომ 500 სიტყვაში ჩამეტია, დაზღვევის კონკურსზე წარვადგენდი. 🙂

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s