თავის ტკივილმა გამაღვიძა.
ტკივილმა არა, უფრო შეგრძნებამ, რომ თავი მაქვს.
უცნაური შეგრძნებაა, რომ გრძნობ, რომ თავი გაქვს.
მერე გუშინდელი საღამოდან წყვეტილი კადრების აღდგენა ვცადე, რა სასაცილო იქნებოდა ცხოვრება, წყვეტილი რომ იყოს: გახსოვს, როგორ იღებ ბოთლს, ასხამ ისე, რომ ცდილობ ყველგან თანაბრად იყოს, მერე თეთრი კატა მახსოვს. თეთრი იყო, მაგრამ სახეზე შავი ხალები ჰქონდა. შიგადაშიგ გზა მახსოვს.
ხშირად ვსვამ იმის გამო, რომ მეორე დღეს ნაბახუსევზე ვიყო.
რომ განვავრცო, თუ რომელიმე დღეს ვიცი რომ ენერგიული უნდა ვიყო, წინა დღისით ალკოჰოლს ვიღებ.
თავს ასე ახალშობილივით ვგრძნობ.
ეტყობა, სპირტი ორგანიზმში წარსულს მიწვავს და სწორედ წარსულის დაწვა ისაა, რაც ახალშობილად მაქცევს.
მაგრამ დღეს თავის შეგრძნებამ გამაღვიძა.
ამან კი შიში მოიტანა, რომ დროთა განმავლობაში ასაკი თავისას იზამს და დროთა განმავლობაში ვეღარ დავლევ.
ნამდვილად არ დავემსგავსები მათ, ვინც ერთი საღამოს სიამოვნებისთვის შემდგომ დღეებს იფუჭებს, თავწაკრული გლოვობს სადღაცას ამოვარდნილ ფულზე, წუხანდელ შეცდომებზე და იმაზე, რომ თავს გრძნობს.
ჰო, შეიძლება ასაკი მამძიმებს, შესაბამისად, ორგანიზმში არსებული გამოცდილება.
ხშირად მეკითხებიან, რატომ ვსვამ.
მაგრამ პირველად ვხსნი. რადგან თუ კიდევ მკითხეს, ამ ნაწერს ვაჩვენებ.
კიდევ იმიტომ ვსვამ, რომ დალევის რიტუალური პროცესი მხიბლავს.
ბოთლს კი აქსესუარად ვთვლი სამაჯურს ან სიფრიფანა კაბებს რომ უხდება.
მთელი ცხოვრებაა შეუმჩნევლის შეხამებას ვცდილობ.
აი, ხანდახან მგონია, რომ თუ ადამიანებს დანიშნულების მიხედვით დავყოფთ, იმ ჯგუფში მოვხვდები, სიმახინჯესაც ლამაზი მხრიდან რომ იღებს.
გადასარევი აღქმა მაქვს, სიამოვნებით ვიმუშავებდი ისეთ ადგილას, სადაც აღქმა მუშაობის პირდაპირი გზაა.
ალბათ ამიტომ ყველგან მიჭირავს კამერა და ვიღებ.
გუშინ სხვა მიზნითაც ვიღებდი: მეორე დღისით გამეხსენა მომხდარი.
დღეს ვერ ვნახავ: ფირია და სკანერი მჭირდება, ციფრულზე გადაყვანა რომ ვცადო.
კიდევ იმიტომ, რომ ცარიელი კადრებიც დამრჩა.
ჰოდა, ვმკითხაობ: ფოკუზი გავასწორე-არ გავასწორეს.
მახსოვს, ვასწორებდი. აი, ზუსტად მახსოვს ვასწორებდი. მაგრამ ვერ ვიხსენებ სიჩქარე რაზე მეყენა.
კიდევ იმიტომ ვსვამ, რომ მომწონს როგორ ბჟუიან კიდურები. და ვერ ვხვდები, მათ მეტად ვგრძნობ თუ მათ მეტად ვერ ვგრძნობ.
კიდევ ის გამყიდველი გამახსენდა, ჩიფსები რომ ვიყიდე, კიდევ ყველას სახეები მახსოვს.
რაღაც მძიმედ ვარ.
იქნებ გუშინ რამე მძიმე მოხდა.
დავასკანერებ და მივხვდები.
ზოგადად, ასეთ კომენტარებს რომ ვწერდე, ახლა აუცილებლად დავწერდი thumbs up :))
ეს ის გოროხებია, რუსა, ისაა
ოღონდაც ჩემი
ჰო, საერთო რახუნი მესმის :)))