ქორწილისთვის მზადება

ეს ის პერიოდი იყო, პოდიუმზე ბრწყინავ სამოსში გამოწყობილ გოგონებს ფინალში საპატარძლო კაბაში გამოწყობილი გოგონა რომ ცვლიდა.
უმეტესად, ხალიჩაზე დიზაინერთან ერთად გამოდიოდნენ.
მაშინ ლაგერფილდი შეეცადა შავი კაბის საქორწინოდ დაგეგმვას. აი, ისეთის, პანაშვიდზეც რომ გამოიყენებ. ამით ქორწინების სიკვდილთან კავშირს ხაზი გაუსვა.
მას სიკვდილზეც ჰქონდა თავისი შეხედულება. არ მინდა სიკვდილის მერე ვინმემ მნახოს, რადგან გარეგნობას ვეღარ გავაკონტროლებო, – წასცდა ინტერვიუში, ამით ეგზისტენციალურ საკითხებს სხეულზე აკავშირებდა.
ეს ის პერიოდი იყო, როცა მარი გავიცანი, – ლექციაზე დამაგვიანდა და დერეფანში გავისაუბრეთ, გზაზე კაბა ამირფიალდა და ამის გამო დღემდე დამცინის.
სახლში მივიწვიე, ჩემმა ძმამ კი ნომერი ჩაიწერა და მერე აკოცა.
არ მახსოვს, მაგრამ მითქვამს: თუ მარის აწყენინებ, არ გაპატიებ.
მარი სიფრიფანა გოგო იყო. სწორედ ეს სიტყვა შეეფერება მისი ტანის გოგონას.
თხელი ძვალი აქვს, ვამპირივით თეთრი კანი, ცისფერი თვალები და ქერა თმა, თითქმის ისეთი, დილით რომ არ ჩანს.
ირაკლი გაცილებით მაღალია, ოღონდ შტატივის ტარებისგან წელში მოხრილი.
ჯერ ირაკლი იყო თბილი და ყურადღებიანი. მერე მარი გახდა თბილი და ყურადღებიანი. როგორც ხდება ხოლმე.
იუბილეზე ჯერ იყო და ტელეფონი დაალომბარდა (მაშინ არ მუშაობდა) და აღებული თანხით გლობუსი უყიდა: დედამიწას გჩუქნიო.
მეორე წელს საცვლები აჩუქა. მესამე წელს კი მუშაობა დაიწყო, გლობუსის არეალი გააფართოვა და სასტუმროში წაიყვანა.
ამბობდა, ხელიდან იმიტომ არ ვუშვებ, რომ ერთადერთია, რომელიც მიცნობსო.
ხანდახან კვირობით იკარგებოდა, მაგრამ ჩემი სახელით ფარულად ისევ მას წერდა.
ხანდახან როცა ირაკლი არ იყო სახლში, მარი მაინც მოდიოდა ჩვენთან და რჩებოდა. დედაჩემთან ერთადაც ეძინა და ნელ-ნელა ეგუებოდა ოჯახს.
მესამე წელს იჩხუბეს. ისე იჩხუბეს, მარი იმ ადგილას წავიდა, სადაც ირაკლისთან სეირნობდა ხოლმე.
ირაკლიც იმ ადგილას მივიდა და ასე შერიდგნენ.
მეოთხე წელს ისე იჩხუბეს, ირაკლიმ რომ ჰკითხა, სად მიდიხარო, მარიმ უპასუხა, სახლშიო.
შენი სახლი, თბილისის მეორე მხარეზე უთხრა, იქ არისო და ჩვენთან წამოიყვანა.
დედა დაიბნა, თეფში უნდა დავუდოთო? მამამ, არ გინდაო. ის კი მოვიფიქრე, საქორწინო მარში ჩავურთე.
დედა მხოლოდ იმაზე წუხდა, მძიმე მარხვაში რომ მოუნდათ გაპარვა.
მამა ამბობდა, ისევ სპონტანურად თუ იზამდით, თორემ გეგმებით იწელებაო.
ირაკლი უკვე აღარ წევს ჩემს ოთახში, არც სამუშაოდან დაბრუნებული მირეკავს და მეკითხება: რა წამოვიღოო.
სამაგიეროდ, ესთეტიკური ოცნება მქონდა, – ყოველთვის მინდოდა მყოლოდა და: წვეულებაზე მისი კაბები ჩამეცვა და ღვინის და ყავის ლაქებით დამესვარა, ამაზე შეწუხებულიყო და სანაცვლოდ, ჩემი კაბებიც დაესვარა.
ვერც ერთი ვჩხუბობთ.
ხანდახან მგონია, რომ მარი მგავს. ორივე ჩხუბის დროსაც კი ვიღიმებით და ხანდახან ერთმანეთს ვკბენთ, ტრადიციააო ასე, მაგრამ ვერასდროს ავაწყეთ ჩხუბი.
ხანდახან რძალს ვეკითხები: ” ბედნიერი ხარ?”
”კი. ძალიან.”
ირაკლი და მარი ბინას ეძებენ.
მარის ბავშვი უნდა.
ირაკლი ამბობს, რომ არ უნ-და!
მარი ამბობს, რომ ნუ ამბობს, რომ არ უნდა, თქვას, რომ ჯერ არ აპირებს.
ირაკლი ამბობს, რომ არ უნ-და!
ქუჩაში ეკლესიასთან ჩავლისას მარი ყოველთვის იწერს პირჯვარს და ხატს ღიმილით კოცნის.
ირაკლი ჩათქმულ სურვილს ხვდება და ამბობს: არ მინ-და!
მარის ეღიმება და უკვირს, რა კარგად იცნობს მისი ქმა-რი (ეს სიტყვა აუცილებლად დამარცვლით).
ბოლოს ირაკლიმ გადაწყვიტა, რომ გოგო უნდა, დაკორა უნდა დაარქვას და ის თვითმფრინავში უნდა გაჩნდეს: ბავშვი ასე მოქალაქეობას გადაურჩება.
ოღონდ ცხრა თვის ორსულს თვითმფრინავს არავინ გააკარებს და შვიდ თვიანს ამშობიარებს.
დედა ამბობს, რომ საშიშია, სტუარდესებმა როგორ უნდა ამშობიარონ.
მამა უფრო სასაცილოდ კითხულობს: მაგრამ ბავშვი მანამდეც რომ გაჩნდეს?
მე ვიცინი, – შევეჩვიე ირაკლის ენას.
ირაკლის უნდა, რომ ქორწილი რესტორანში არ გადაიხადონ. არმაზის ხევში ერთი სახლი ვნახეთ, რომ ქირავდება. სახლი არა, კოშკი.
მარის არ უნდა ქორწილის გადახდა, ხალხი არ უყვარს და ყოფნა ყურადღების ცენტრში.
ირაკლის უნდა, რომ მის ქორწილში იყოს აუზი, საბილიარდო და კინო დარბაზი.
მე მინდა, რომ ორგანიზება მე გავაკეთო.
მთელი ჩემი რომანტიკული ენერგია დავფილტრო.
რა ცუდია, როცა მული გყავს და იმ მულს ბლოგი აქვს.
შემდეგ სიახლემდე.

10 responses to “ქორწილისთვის მზადება

  1. წავედი, გავთხოვდე 🙂 ასეთი მული უნდა დამხვდეს ოღონდ 🙂

  2. მალე რძლობა-დედამთილობის ტრადიციასაც დავარღვევთ 🙂
    შენ კი ისეთი ოჯახი აარჩიე, შენი პერსონაჟებიც რომ მიიღონ მზითვებად 🙂

  3. არ არის ადვილი :)))) ეგეთ კაც(ებ)ს კი ვიცნობ, მაგრამ ეგეთ ოჯახებს ნაკლებად :))

  4. რა მაგარია, მაგარია, ოღონდ ზუსტად არ ვიცი რა, გემრიელად ჩამეღიმა ბოლო ფრაზაზე ^ ^

  5. მე იმდენი დები მყავს ბავშვობაში სულ სამოსის გამო ვჩხუბობდით.
    ეხლა თვალებში შევციცინებთ ერთმანეთს. მოგწონს? გაჩუქებ, შენი იყოს, შენ უფრო გიხდება და ასე შემდეგ.

    წვეულებაზე მისი კაბები ჩამეცვა და ღვინის და ყავის ლაქებით დამესვარა, ამაზე შეწუხებულიყო და სანაცვლოდ, ჩემი კაბებიც დაესვარა.- ამ ფრაზამ ბავშვობაში დამაბრუნა, დებთან სულ სამოსის გამო ვჩხუბობდი.

  6. აუჰ!!! გათხოვება თუ მომინდებოდა, როგორ მეგონა 🙂 ისიც, მულის ხათრით… 🙂

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s