ჩემი პროტეჟეს ვარდნა

“კოღომ რომ იცოდეს რამდენ ადამიანს ანათასავებს, შიმშილით მოკვდებოდა,” –
ელენეს სიბერისგან შეშუპებული თვალები ჰქონდა. ხანდახან ამტკიცებდა, რომ შეპყრობილი იყო, კერძოდ, ჭიისმაგვარი ორგანიზმები ჩასახლებია სხეულში, რომლებსაც კუჭი და სხვა მომნელები სისტემები არ ჰქონიათ, მუცელში ფუღურო ჰქონდათ, ამიტომაც ასდიოდათ მყრალი სუნი. თან უკვე ვერ გაეგო  მკვეთრი სუნი დემონთა გამო ჰქონდა, თუ დემონებს ასდიოდათ მკვეთრი სუნი მისი ორგანიზმის გამო, – ისინი ხომ მისით იკვებებოდნენ. რამდენჯერმე ტაძარშიც ჰყოლიათ, ბოლოს კი ისევ შვილმა შეიფარა სახლში.
შვილს ერქვა სუზი. მძინარე მზეთუნახავი იყო, უფრო სწორედ, კი არ ეძინა, მძინარის სათვალით უყურებდა ცხოვრებას, სანამ ჟანი სახლში არ მიადგა და აკოცა, სხეული მისაზე მიადო და სუზი გამოაფხიზლა. მანამდე ფაიფურის თოჯინასავით სერვანდთან იდგა, რაც უმეტეს წილად, დედამისის დამსახურებაა, მისი ფართე ხელის გულების, სიცოცხლის ხაზი რომ შუიდანვე ეყოფოდა ორად.
ელენე ოცდაათის იყო, ორი რომ გახდა. მასა და სუზის შორის ოცდაათი წელია სხვაობა. ბავშვს რომ თმა ამოუვიდა, თავად სიმბოლურად მაშინ გაუთეთრდა და ცვენა დაეწყო, ხოლო, როცა პირველი თვიური  წამოუვიდა, დედამისს მაშინ შეუწყდა, უფრო სწორედ, ჯერ წელის ტკივილები ჰქონდა და მერე შეუწყდა. მას მერე ელენე ამტკიცებდა, რომ მუცელში გველი ჰყავდა. ახლაც პირსაწმენდი მილის სისქეზე დაახვია, პირში ჩაიდო და სახე ჟანისკენ გაიშვირა, მომიკიდეო. ეს რიტუალი დემონებს დროებით ჩააძინებდა და ისევ მათზე დაიწყებდა საუბარს.
”იცით, ერთადერთი ფრინველი, რომელიც ამერიკიდან ევრაზიაში შემოვიდა, ინდაურია”, – სუზი შეეცადა თემის გადატანას, რადგან იცოდა, დედამისის დამაჯერებლობის გამო თავს უხერხულად ვიგრძნობდი. მე კი ჟანისგან განსხვავებით, პასუხები წინასწარ მქონდა მზად. ის უფრო მომენტალურად ცხოვრობდა, წუთის მერე არ ახსოვდა, რა საკითხი აერჩია მრწამსად და საწინააღმდეგოს მტკიცებას იწყებდა.
”იცი, ჯოისმა ულისე როგორ დაწერა? მას ცოლი ჰყავდა. ცოლი კი გამუდმებით წყვეტილად საუბრობდა და შინაარსს არ ასრულებდა,” – ასე გაამართლა სუზიმ ჟანის საუბარი, უკვე თეორიად რომ ექცია. ჟანს პირველ რიგში თავისუფლების თეორია ჰქონდა და ასევე ინსტინქტებისა:
”თქვენ იცით, რა არის ხალისი? შესაძლებლობა შერწყმული ინსტინქტთან გვაძლევს მას. დარვინი ინსტინქტების შესწავლას სწორედ ამ წერტილით იწყებდა.”
”ჟანი რომ გავიცანი, კამიუს კითხულობდა, მე კი მისი წიგნიდან ადგილები ამოვკრიფე და ერთი კვირის მერე წერილი მივწერე, – საპირფარეშოში გასვლისას მიყვებოდა სუზი, – “ჟან ბაფტისტ კლემანს!
ლამაზი ქალაქია თბილისი, შესანიშნავი დეკორაცია, სადაც ბოლო დროინდელი მონაცემებით მილიონი აჩრდილი ცხოვრობს. ისინი გაზეთებს კითხულობენ და აღარ მრუშობენ. უმეტესად ტრანსფერით მრავლდებიან. რაიონებიდან განათლების მიღებასა და სამსახურის შესახებ ლეგენდებს ჩამოუყვანია. ერთი სიტყვით, ზედმეტ ფანტაზიასა ან ფანტაზიის უქონლობას. ამ ქალაქში სტუმრის მასპინძლობა უყვართ. სიკეთე ამოძრავებთ თუ გართობის სურვილი. ძვირფასო, ჟან!”-
და იმ დღის მერე ეს სახელი შერჩა, რომლითაც იცნობთ.”
სუზის ისეთი ხშირი წამწამები ჰქონდა, წარბებს ფარავდა. სახეზე კი ზომიერად ეყარა გამათეთრებელი პუდრი. ამ პუდრის სუნი მანამდე გავიცანი, სანამ სუზის ვნახავდი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჟანის კისერთან ვაწყდებოდი ხოლმე დროდადრო. სუზი მგზავრობისას ან ძილის წინ ჟანზე, დედაზე ან მინდვრის ყვავილებზე ფიქრობდა, ხოლო ჟანი ჩემზე, სუზიზე ან ადამიანთა იმგვარ მუტაციაზე, დეენემის გამოყენებით ადამიანის სასურველ ცხოველად ქცევაზე. ამით ხომ ადამიანები თავისუფლებას მეტად განიცდიდნენ.
ჩემი ეჭვიანი ბუნების გამო, შემეძლო მეეჭვიანა ჟანზე და სხვა ქალზე, რომლებიც ერთმანეთს არც იცნობდნენ, მაგრამ გაცნობის შემთხვავაში პოტენციურ საყვარლებად მესახებოდნენ. ეს სწორედ ასეთი შემთხვევა იყო, მითუმეტეს, რომ სუზი და ჟანი ერთმანეთს წლებია ცნობდნენ და ემსგავსებოდნენ.
”თუ დაკვირვებიხართ, წიგნებში, სადაც ადამიანები სულებს ყიდიან, – ელენემ მეორე ხელსაწმენდი დაახვია და ჟანს სთხოვა, მისთვის მოეკიდა, – ეშმაკთან გარიგება, როგორც სულის შეცნობის პირველი საფეხური, ისე გვესახება. საჭიროა მხოლოდ უკიდურესი წერტილისკენ იარო, თუ ეცემი, ისე მაინც უნდა დაეცე, რომ გახვრიტო დედამიწის მეორე ბოლო და იქიდან ისევ ღია კოსმოსში ხარ. იცით, ადამიანის ყველაზე დიდი შეცდომა რა არის? შუაში ჩერდება. იქ, სადაც დიდი ლავაა და ადამიანებს ცოცხლად ხრაკავენ. ისე, მწვერვალზე ასვლითაც შეიძლება ქვესკნელში მოხვედრა”.
”დედა, მგონი, ჩვენს სტუმარს ცოტა მოეწყინა, მას ჟანის მეგობრების გაცნობა სურდა და იმიტომ გვეწვია, მაგრამ ჩვენც გვინდა მისი გაცნობა. ანა მოყევი შენზე, როგორ გაიცანი ჟანი”.
ჟანი ერთ კონფერენციაზე გავიცანი ნაშრომით, რეპარაციულ სისტემათა რღვევაზე, სადაც განიხილავდა დეენემის ხუთი ტიპის მუტაციის შემთხვევებს, რომელიც ვლინდება, როგორც მძიმე თანდაყოლილი დაავადება, რეპარაციული პროცესების მიმდინარეობას რომ არღვევენ. ტერმინები ჩემთვის იმდენად გაუგებარი იყო, რომ პერსონალური ახსნა ვთხოვე. რამდენადაც გავიგე, ბავშვები ნორმალურები იბადებიან, თუმცა შემდეგომ უჩნდებად კანის დაავადებები. პროცესს კი, ძირითადად, ჩასახვის წინა პერიოდში დეენემის ნაწილის კვდომა იწვევს და ადამიანი საკუთარ შთამომავლობას აღარ აგრძელებს. ასეთი ადამიანები პირველ ყოფილ სხეულებს, პრიმატებს ემსგავსებიან და ეწოდებათ დებილები.
”ბლუმის სინდრომზე თუ გსმენიათ?  – იცოდა, რომ ვუსმენდი, აღტაცებულმა მკითხა, – ძალიან იშვიათი დაავადებაა, რომლის დროსაც შთამომავლობის ძაფი ადგილებში წყდება, ფუძე ვარდება და ნორჩი ტოტით იფარება.”
ჟანის აზრით, დაავადება შესაძლებლობას გვაძლევდა, ხერხი მასობრივ პრაქტიკაში გამოყენებულიყო. კერძოდ, გენეტიკამ რაც აქამდე ზიდა, ერთი ხელის მოსმით დაგვერღვია, უკიდურეს შემთხვევაში პრიმიტიული მტაცებლის დეენემი შეგვერია და მიგვეღო ადამიანი გონების გარეშე. მსგავსი ტიპი კი ყოველთვის ინსტინქტებზეა დაფუძვნებული და გრძნობებზეა მეტად ორიენტირებული. უარყოფითი მხარე კი ის ჰქონდა, რომ თავშეკავებას სპობდა და ადამიანები ერთმანეთს შეჭამდნენ.
”წარმოიდგინე, მტაცებელი სამყარო, სადაც ყველა ერთმანეთს ჭამს და ათავებს, მაგრამ ეს მათი ნებაა, მათი თავისუფალი ნება, მოწყვეტილი განვითარებასა და საზოგადოებაში ქცევის ნორმებს,” – საუბარში ჟანი ჩამერია და თემა იქითკენ წაიყვანა, რომ ღვთის წყალობა ჰქონდა, – ”თქვენ რა გგონიათ მეორედ მოსვლა? მეორედ უკვე მოვიდნენ და საფინალო დუელის მერე ცხოვრება უნდა დავიწყოთ თავიდან.”
ელენე ჟანს იმ მხრივ ეთანხმებოდა, რომ პრიმიტივამდე ვარდნის უკან უკვე ღმერთი იყო, შესაბამისად, უფრო ახლოს, ვიდრე – დღეს.
”საოცარი რამეა ინსტინქტი: ტევეშოუებში ხშირად აჩვენებენ აბორტის პრაქტიკას და საუბრობენ ჩანასახის ფორიაქს ფხეკის დროს. სინამდვილეში, ეს ინსტინქტს წარმოადგენს და ჭიანჭველის გასრესვასთან მსგავსებას, ისიც აქეთ-იქით იწყებს ფორიაქს,”- ელენემ ბოლოჯერ მოუკიდა ცეცხლი ხელსაწმენდს.
”სანამ დავიშლებით, ბიოლოგიას თავი ვანებოთ და სურვილებზე მოყევით. ანა, შენგან დავიწყოთ: გაგვაცანი შენი უმაღლესი წერტილი,” – მომმართა სუზიმ, რომლის არსებობაც ცოტა ხანს მიმავიწყდა და იმედი დავიტოვე, რომ ჟანიც იგივე აზრის იყო.
ჩემი ოცნება სტამბაში მუშაობისთვის თავის დანებება და დამოუკიდებელი მწერლის კარიერაა მეთქი. ოთახში კი სიჩუმე იმდენხანს იდგა, ზრდილობის გამო იძულებული გავხდი, განმევრცო:
”პატარა რომ ვიყავი, ვოცნებობდი, დედას ფეხსაცმელი ჩამეცვა, რომელიმე ბარში შევპარულიყავი. სახელი სულ ერთია, მთავარია ბიჭი გამეცნო, გავპარულიყავით ლას-ვეგასში, გვექორწინა და მეორე დღეს ერთმანეთი არ გვხსომებოდა. და ასე ყოველ დღე. დღიური ქმრები დავიწყებამდე ათას ერთ ღამეში ამეკინძა და ზღაპრებად მექცია, არაბულვალურ საკითხავად, არამედ, ერთი ქალის რომანტიკად, რომელსაც ბოლოს ვიღაც ათას მეერთე ისეთ ზღაპრებს მომიყვება, სახრჩობელის ნაცვლად, დილაობით ჰალსტუხს გავუკეთებ და ვეტყვი: ”შენ ჩემთვის პირველი კაცი ხარ.” ფონად კი სხვა ათასი შვილი მიდგას და საქორწინო მარშს გვიმღერიან. ძირითადი არსი აქ არა ამ კაცის მოყოლილი ზღაპრის ხარისხზე, არამედ მიწოდების ფორმაშია. ანუ ყოველ ღამე ზღაპარს საინტერესო ადგილას წყვეტ და მსმენელი თავს ვერ განებებს. შაჰრაზადას ხერხია.”
”საინტერესოა, ანა. აი, მე კი მთლიანად ბოტანიკაში მინდა ჩავეფლო. თუ ჟანს ცხოველების თეორია აქვს, შენ საკუთარი სქესის და ამ სქესის მიხედვით ადამიანობის მძაფრად შეგრძნების, მე მცენარედ მინდა ვიქცე. თავი უფრო იმ მწვანე ბალახად წარმომიდგენია, ყველას რომ უნახავს, მაგრამ მისი სახელი არავინ იცის. იცით? იქნებ იცით, მითხარით.. – არავინ ვიცოდით და თხრობა განაგრძო, – რამდენიმე თვის წინ ჟანს დახმარება ვთხოვე, მცენარეთა მემკვიდრეობით ხაზს ჩემს ხაზს შეურევს და შემდგომ ქოთანში გადავწყვიტ ცხოვრებას. ვგრძნობ, შინაგანად ამგვარი ჰარმონიისკენ ვარ მიდრეკილი,” – ჟანმა და ელენემ მზრუნველობით მოხვიეს სუზის ხელი. ლოყებზე ჩამოღვრილი ცრემლები აქეთ-იქიდან მოწმინდეს, თუმცა ვფიქრობ, თვალები რომ დაეხამხამებინა, წამწამები თავად მოწმინდავდნენ ცრემლებს.
ჟანმა ელენეს ცეცხლი შესთავაზა, თუმცა ელენემ იუარა და უბრალოდ თხრობა დაიწყო: ”მე კი იმდენად მინდა, ამატერიალურის კუთვნილება ვიყო, დემონსაც კი ვთანხმდები ან ვიგონებ ჩემში შესახლებულს. მაგრამ გეფიცებით, ყოველ ღამით ის ცხვირიდან გამომდის და თავის ისტორიებს მიჩურჩულებს. მე კი ყოველ ღამე მას ჩემს სულს ვაბარებ და სანაცვლოდ ვითხოვ, რომ დარჩეს. შემდეგ ის ცხვირშივე ბრუნდება და ასე გადის წლები, სანამ ერთხელაც არ ამომადენს და დავმთავრდები. სადმე, მიტოვებული საავადმყოფოს მოხელე ჭირისუფლებს ეტყვის: სული ღმერთს მიაბარაო.”
ვფიქრობ, დღეს ჟანი უნდა დავტოვო, სხვებზე წერას თავი ვანებო, რომელიმე ბარში წავიდე და გენეტიკის გაძლიერებით საკუთარი ისტორია დავიწყო.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s