ამბავი გერდასა და კეიზე

როგორ მოვედი? იცით, კეი ღვთის უკეთესი ბიჭია. ერთ ენაში მისი სახელი როგორც გასაღები, ისე ითარგმნება. ეს მე მაშინვე შევამჩნიე, როცა გავიცანი. მაშინ დახეული ფეხსაცმელი ეცვა და ავდარში საათობით ელოდა, ფანჯრიდან როდის გავიხედავდი. მე კი ველოდი, ახალი წითელი კაბა ჩამეცვა და ამით თავი მომეწონა. სალამურით მომადგებოდა კართან და იავნანას მიკრავდა, მე კი ვუყვებოდი ღვთის უკეთეს ზღაპრებს. მერე ის მოკვდა მეთქი, – მეგონა, – იმ მდინარეში დაიხრჩო, სკოლასთან ახლოს რომ მოედინება. დილაუთენია მოხუც ბებოს ვაკოცე, რომელსაც ეძინა, ჩემი წითელი კაბა ჩავიცვი და სოფელში დავეშვი. მდინარესთან ხეებს ამყნობდნენ, – წაჭრილ ტოტებს ბინტები შემოხვეოდა და სარებივით ჩარჭობოდა ახლები.

გვამი ვერ ვიპოვნე და ცხრა მთის იქით წავედი. მიწის მეუფეს მივადექი, კლდოვანი შენობებით და აზნექილი ციხე-სიმაგრეებით. კეის ამბავი რომ ავუხსენი, გარიგება შემომთავაზა, რომლის თანახმად, კეის გზაზე დამაყენებდა, მასთან ერთად მძიმედ თუ ვიმარხულებდი. იმდენი ვიშიმშილე, თვალები ჩამივარდა და უპეები ზემოდან ჩამომეკიდა, მუცელი შემეწია და მეტკინა. ყოველ შეწევაზე იმდენად მტკიოდა, რომ სახეზე მიმიკური ნაოჭები გამიჩნდა. მეუფემ ჩემი თავდადება რომ ნახა, გამომიცხადა: სიყვარულში მატერიალური მხარე  ხშირად მნიშვნელოვანი წინაღობაა, შენ კი გადალახეო. პირობა შეასრულა და გზა მიმასწავლა: ამ კლდიდან მორევში გადაეშვი, უჭმელი ხარ, წყალი მაინც დალიეო.

კლდის წვეროდან ტრამპლინზე შევდექი და წყლის მეუფეს მივადექი. მისი სასახლე სურვილებივით ღრმა იყო. თან ფსკერზე ჩაძირული გემები და განძი მოვინახულე. როდესაც მეუფემ ამოიცნო ჩემი ბუნება, ქმრად თავისი შვილი, მგრძნობიარე უფლისწული გამომიგზავნა: ზუსტად ასეთი კაცი შეგეფერება, კეი დაივიწყეო. უფლისწული პირში ჰაერის ჩასაბერად გამოიწია, მე კი ისეთი მკაცრი უარი მივუგე, – დაე, მოვკვდე, კეის გარდა, არავინ შემეხება მეთქი. ამის გაგონებაზე, მეუფემ, – შენ ნამდვილი სიყვარული გქონია, სიყვარულში მთავარიa განსაცდელის დაძლევაო. თან კეის ადგილსამყოფელი ჩუმად მიმასწავლა, მაღლა ცურვა ისწავლე, ცოცხალი გადარჩე და ჰაერში ამოჰყო თავიო.

შევეცადე თევზივით მემოძრავა სხეული და  ცურვით ღრუბლებამდე ავიჭერი. ჰაერის მეუფე ღრუბლების ქაფში ჩაფლულიყო და ცეკვა-სიმღერით მოილხენდა. კეის შესახებ კითხვები დავაყარე. მან კი ცეკვა-სიმღერით მომიგო: პატიობ, რომ დაიკარგა და შეიძლება მასთანაა, ვინც ფეხსაცმელი მისცაო? თავადაც ცეკვა-თამაშით ვუპასუხე: ”პირიქით, მიხარია, თუ არ სცივა”. მეუფე მეგობრულად შემომეხვია და მითხრა: მიმტევებლობა სიყვარულში მთავარია, ამიტომ გზას მიგასწავლიო. ხელი, რომელიც ქარები იყო, მზისაკენ აიშვირა, კეისთან მისვლის ენერგიას იქ მოგცემენო.

ქარებმა მზისკენ გამაქანეს, მე კი ცეცხლის მეუფე ვიხილე, ჩემი კაბის ფერი დალალები რომ ჰქონდა. მეუფემ, როგორც კი თვალი მომკრა, გარს ალი შემომახვია და მე იძულებული გავხდი, მასთან მეჩხუბა. ჩხუბის დროს თან კეის შესახებ ვუყვიროდი: ”მეგობრის ხსნაში უნდა დამხმარებოდი”. ტანსაცმელი დამიტოვე, ამას დავწვავ, შენი სხეული კი გადარჩება ასე და კაისაც ნახავ. სხეულიდან წითელი კაბა გავიძრე და  მზის წინაშე შიშველი დავრჩი. მეუფემ შემაქო: სიყვარულში სიამაყე ხელის შემშლელიაო. მერე კი ჯოჯოხეთში გამიშვა, ყინულის დედოფალი მოიკითხეო.

მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი სამფლობელო ისეთივე დიდებულია, როგორიც თქვენი მანტია, გაფითრებულ სახეს თავმომწონედ თეთრად რომ ანათებს. ამ გარემოში კეი რომ ვნახე, ვერ მიცნო, სითეთრის ბრალია, ეტყობა. მითხრა, რომ შიმშილისგან უპეები ჩამომეწელა და მუცელი შემეზნიქა, მიუკარებლობისგან გამოცდილება სულ არ მაქვს, მიმტევებლობისგან აზარტი დაკარგა, სიამაყის დაკარგვით კი პატივს აღარ მცემს. მე ცხარე ცრემლით ვიქვითინე მის მკერდზე, მან კი, როგორც გაცვეთილი ფეხსაცმელი უგრძნობლად მომიშორა.

ყინულის დედოფალო, ჩემი ტანჯვა მინდა დამთავრდეს, ყინულის ნატეხი, მინდა გთხოვო: თუ კიდევ დაგრჩა, თვალში ჩამიგდე.

პატივისცემით, გერდა!

6 responses to “ამბავი გერდასა და კეიზე

  1. მზის წინ გაშიშვლებული ქალი რა ლამაზია 🙂 აქამდე სულ თოვლში ან მთვარის შუქზე მხვდებოდა :))

  2. სათაურიდანვე მივხვდი რომ რაღაც ძალიან ახლობელი უნდა წამეკითხა ❤
    მოლოდინს გადააჭარბა ^ ^

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s