პატარა რომ ვიყავი ხოლმე

“იატაკი მრგვალია.
ფეხაკრეფით დავდივარ.
ჩუ! ჩემში ბავშვს არ გაეღვიძოს.”
   მე,2011
****

დავფიქრდი და თურმე ჩემი პირველი მოგონება ტყუილს უკავშირდება. როცა აბაზანაში დედას ჩემთვის ყელი უნდა დაებანა, ჭერში ვერთმფრენებიაო, მითხრა. ავიხედე და დედამ ყელი დამბანა. საკვირველია, მაგრამ მართლა ვხედავდი ვერთმფრენებს.
მე,2011

****
მაშინ უფასო იყო მშობიარობა.
ექიმთან გაბერილი მუცლით მივიდა: გადამიცდა, გამოსვლას არ აპირებსო. ეტყობა თავიდანვე შემგუებელი ბუნება მქონდა. ექიმს შეეშინდა, ბავშვი არ მოკვდესო.

****
დედას მშობიარობა საჩუქრად გადაცემული ასი მანეთი დაჯდა. იმ დროს ეს დიდი ფული იყო. თან წყლის დაღვრა პარადის დღეს დაემთხვა. ვერ მომიზომავს.
„სამშობიაროში წამიყვან?“
მამა შეშფოთებული იყო, იცოდა, რომ სამსახურიდან დაითხოვდნენ პარადს თუ გააცდენდა.
„კი, მაგრამ 70 წლისთავია.“
ითმენდა – ითმენდა და ვერ მომითმენია, გავაჭინთინე და გავჩნდი:
– სულ ეს იყო? ამბობენ, მტკივნეულია, – მალევე ამოუსუნთქავს დედას.
– ღმერთმა ქალს მშობიარობის ტკივილები მიუსაჯა, მაგრამ თანამედროვე მედიცინა სასჯელს გვაცილებს, – გაიფიქრებდა ექთანი.

ჩემს დაბადებას ფეიერვერკები მოჰყვა. მეტიც, 400 000 ალისფერი დროშა მოსკოვის მთავარ მოედანზე ფრიალებდა.
მოდიდა მკერდგამოშვერილი მშრომელი ხალხი. დემონსტრანტების რვა კოლონა წითელ ხალიჩაზე გაშლილიყვნენ და ყოვლისმქმნელი სიტყვების ბუღი ეყენა, – რამდენიმე დღის წინ ვუყურებდი იმ დღის საგანგებო გადაცემას, იუთუბზე რომ ჩავწერე ჩემი თარიღი.

”სოფიო?“–ურჩია დედამ.
მამამ უარი თქვა: არ მეყვარება. ცუდად დამებედება, – ასე მის უფროს ერქვა.
თინათინიო, – ვეფხისტყაოსანს კითხულობდა ბებო.
ბაბუამ, სამება უნდა დავარქვათ, როგორც იმ ღვინოს ერქვა, მისი სადღეგრძელო რითიც დავლიეო.
მეორე დღეს მამა შეწეული მუცლით შევიდა სოფიოსთან. ღელავდა, მაგრამ გაუხარდათ და მიულოცეს. მუცელი გამოწია.
დედა მეუბნებოდა: შენ გქვია სოფო,
შენ გქვია ნინო,
შენ გქვია თიკო.

მეორე მოგონება დამალვას უკავშირდება. სახლში რემონტი იყო, მაგიდის ქვეშ შევძვერი და ოჯახის წევრებს ვემალებოდი.

პატარა რომ ვიყავი, ლაპარაკი არ ვიცოდი კითხვა რომ ვიცოდი. პატარა რომ ვიყავი, დიდი ლოყები მქონდა. პატარა რომ ვიყავი, ვბრაზდებოდი, ვინმეს პატარა რომ ვეგონე. უფრო სწორედ, პატარა არ ვყოფილვარ, პატარა სხვებს ვეგონე.

მახსოვს, მატყუარას დუძის ვეძახდი. სირცხვილი ჩემი მესამე მოგონებაა. მეზობელი შემოვიდა: ამხელა გოგოა და ისევ მატყუარას ატარებსო. შევედი ოთახში და ძველი ჩვევა ასე გადავაგდე.
მახსოვს, დედას ექოზე გავყევი. ექომდე მისასვლელი გზა მახსოვს. ექო არ მახსოვს. ძმა გეყოლებაო, მახსოვს. შავ-თეთრი ეკრანი მახსოვს. ეკრანზე ადგილი მეცნო. ან გამოვიგონე, რომ მეცნო. მერე არაფერი მახსოვს.
მახსოვს, გამეღვიძა. ოთახი ცარიელი იყო. ბიძა შემოვიდა: ამიერიდან და ხარო. ყურები მტკიოდა. სამშობიარომდე გზა მახსოვს. პალატის ფანჯარა მახსოვს. შიგნით არ გვიშვებდნენ და ფანჯრიდან ვიპარებოდით.
მერე საავადმყოფო მახსოვს. თეთრი ზეწრები და სკამი მახსოვს. ნახე, რამხელა გლანდები გქონდაო, მახსოვს. მამამ, ბარბის გიყიდიო. პიურეს ვჭამდი. ფანჯრიდან შემოიპარა მახსოვს.
ძმის მაგივრად ვისჯებოდი, მახსოვს. დედამ, თუ ცუდად მოიქცევი, ფანჯრიდან გადაგაგდებო, მახსოვს. ბევრი რამე მახსოვს. შიმშილი მახსოვს.

ბერლინის კედელი დაინგრა. მშრომელი თაობა მეოცნებეთა თაობამ შეცვალა, რაც ენერგოკრიზისით იყო გამოწვეული. 6 საათზე უკვე ვწვებოდით. ჩემი ძმა რომ დაიბადა, ომი დაიწყო. ომის დაწყება შეწყვეტილი მულტფილმით ვიგრძენი:
– დედა მულტფილმს რატომ არ უჩვენებენ?
– ომი დაიწყო.

მეოთხე მოგონება გეგმებს და ტირილს უკავშირდება. ეტყობა, მას შემდეგ, ჩემთვის გეგმები და ტირილი ერთია. სახლის წინ ნაძვები იდგა და იქ დამალვას ვგეგმავდი, თუ ჯარისკაცები მოვიდოდნენ და ჩემს სახლს გადაწვავდნენ. ოჯახის წევრებს ამომიწყვეტდნენ, ტანსაცმელს მომპარავდნენ, სამალავი უნდა გამეკეთა იმ ორ ნაძვს შორის. კარდონის ყუთებს ვაგროვებდი და ფანქრებს, რომ ახალი სახლი ამეშენა და ხეების ფერებში გამეფერადა. თან ზუსტად არ ვიცოდი რა ფერის იყო ხე, სერ ან რუხ ფანქრებს საბავშვო კოლოფებში არ უშვებდნენ. ტირილში ჩამეძინა, გაღვიძება მახსოვს.

მერე მამამ დარეკა, ჩემი ძმა ომში მძევლების გადმოსაყვანად გაუშვეს და მეც ჩავეწერეო.
ტელეფონის შნური მახსოვს, საძინებლიდან ზალაში რომ გაიტანა დედამ, ზალაში გავედი და საძინებელში შეიტანა. მახსოვს, დედა ტიროდა, მამა ომიდან ვეღარ ჩამოვაო. მე ვფიქრობდი, მამაჩემი გმირი იყო. მაშინ მეგონა, რომ მთავარი გმირები არ კვდებოდნენ. ან რა გასაკვირია ოჯახს სამყაროს ცენტრად რომ ვთვლიდი და გმირების უკვდავების მჯეროდა. პატარა არ ვიყავი, სამყარო იყო დიდი.

მახსოვს, მე და დედა ეკლესიაში ვიყავით, სამებაში წმინდა გიორგის ხატთან ვანთებდით სანთელს. დედა ტიროდა, დავქვრივდიო. ვაწყნარებდი, მამა გმირია მეთქი.
მერე მეძინა მახსოვს. მამას ხმა ჩამესმა, გავიღვიძე და გადავბრუნდი. თავიდან ვერ მივხვდი, რომ დაბრუნდა. მეგონა სულ აქ იყო. დილით ვნახავ მეთქი და დავიძინე.
მახსოვს, მამას აღარ ესმოდა. ბიძა თვეების მანძილზე გაშეშებული იჯდა. მახსოვს, მკურნალობდნენ. მერე სადღეგრძელოები მახსოვს. მამა ყვებოდა ხოლმე, ომში რომ ვიყავი, ჩემს მეუღლეს შვილი აწყნარებდა, სერიოზული ბავშვიაო.
მახსოვს, საჩუქარს რომ მაძლევდნენ, უკვირდათ, მოსწონს, მაგრამ ვერ გამოხატავსო. ისიც მახსოვს, რომ არ მომწონდა.
მახსოვს, მამა ომის ამბებს ყვებოდა: შენობიდან ორი წუთის გამოსული ვიყავი, რომ აფეთქდა, თვითმფრინავმა, რომელმაც გაგვასწრო და დაგვტოვა, აფეთქდაო, მახსოვს, ჩხუბები მახსოვს.
წიწილა მახსოვს, რომელსაც ვუვლიდი და ლოგინში მეწვა. მოკვდა და მითხრეს, უდედობისგანო. სინდისის ქენჯნა მახსოვს.

ჯინსის ქვედაბოლო მახსოვს, მამამ პოლონეთიდან რომ ჩამომიტანა. ყველა ფოტოს ისტორია მახსოვს. ჩემი ძმის თვალები მახსოვს. აკვანს რომ ვაჯანჯღარებდი, იავნანა მეთქი. პატარა რომ ვიყავი, ძალის მოზომვა მიჭირდა. პატარა არ ვიყავი, ძლიერი ვიყავი. აკვანი გადასასვლელზე დავაგორე მახსოვს. ზომის გაკონტროლება მიჭირდა ანუ.
ძმასაც ვასწავლიდი კითხვას. იმას ეზოში უნდოდა, მე კი ეზოში არ მიყვარდა. მეზობელთან ჩავედი ერთხელ. თოჯინებით დედა-შვილობანა მათამაშა. მე კი სახლში გამოვიქეცი და მამას შევჩივლე: მე ჯერ შვილი ვარ და მაიძულებენ რომ შვილი მყავდეს.
იარაღები და მანქანები მიყვარდა, იმიტომ, რომ პატარა ძმა მყავს და მეტ საჩუქარს მას ჩუქნიდნენ.
მამამ პისტოლეტი რომ მომცა, მახსოვს. ჩახმახს ვერ ვერეოდი და ორი ხელით ვწევდი. გამოკვრისას კი სხვისი დახმარება მჭირდებოდა და თან მამას ეჭირა. შენგან შორს უნდა გეჭიროს, პისტოლეტს ინერცია აქვს და უკან გისვრისო. უკან მედგა ხოლმე, რომ დავეჭირე. რამდენიმე თვეში პისტოლეტი არ მომწონს მეთქი, გამოვაცხადე. კალაშნიკოვი მომწონდა, მახსოვს. ვერ ვეშვებოდი. იცი, რა მომწონდა? სუსტი გამოკვრა იყო საჭირო, მარტივი იყო. თან ვერაფრით ვზომავდი მიჭერის ძალას, მე ხომ ნორმაზე ძალას ვერასდროს ვიყენებ. თითებში ის შეგრძნება ახლაც მაქვს.
ბოთლები მახსოვს, რომლებსაც ვესროდი. სანადირო თოფი იყო სოფელში. დიდები მტრედებზე ნადირობდნენ, მე კი გრძელწვერა ბოთლებზე. მე მტრედებს არ ვჭამდი. ოთახებში სათაგურებს ვმალავდი. წრუწუნებიც მშობლებს გმირებად თვლიან მეთქი, ვამბობდი. მსჯიდნენ ხოლმე, მაგრამ ცოტა ხნით.
დედა სულ მეფერებოდა და მისვამდა უხერხულ კითხვას: მე გიყვარვარ თუ მამა? თუ დედაზე ვიტყოდი, მამა ზოპარკში აღარ წამიყვანდა. თუ მამაზე ვიტყოდი, დედა ვაკის პარკში აღარ წამიყვანდა.
ვაკის პარკი მახსოვს. მამას თავბრუ დავახვიე. საბავშვო ბაღში არ შევდიოდი მახსოვს. ერთი სიზმარი მესიზმრებოდა ხშირად. ჩემი ძმა ფეხს ადგამდა. საწოლზე ბოლთის ცემით დადიოდა. ხშირად ტიროდა ხოლმე, მე კი ცისარტყელას სურვილი ჩავუთქვი, აღარ იტიროს მეთქი. დედა ამბობდა, თავისთვის კი არ ჩაუთქვამდა რამესო. არა და ჩემთვის ჩავუთქვი.
ბალავარში უნდა შევეყვანეთ და უარი ვთქვი. სხვა სკოლა მინდა მეთქი. ხშირად მითმობდნენ.
მახსოვს, ჩემი ძმა როგორ ბობღავდა, პირველად მე ვნახე. მერე როგორ აიდგა ფეხი. საბავშვო ბაღზე მანაც უარი თქვა.

ვწერდი ხოლმე. ჩემი პირველი ლექსი იაზე იყო. ბუნებაზე ვწერდი და მაბრაზებდნენ, შეყვარებულს გულისხმობსო. ვბრაზდებოდი და გულში ვამბობდი, არაფერს დავწერდი. მერე მაინც დავწერე: ომი იყო, ბავშვებს ხოცავდნენ და დედამ შვილი გაგუდა, წამებით სიკვდილს, ასე უცებ სიკვდილი აჯობებსო. წაიკითხეს და კამათობდნენ, სკოლანდელ ბავშვს საიდან მომივიდა მსგავსი აზრები, ეტყობა უმცროს ძმაზე ეჭვიანობსო. იმ დღეს ვთქვი, რომ აღარასდროს დავწერ.

”გავიზარდე, მაგრამ გაზრდა დამაგვიანდა. რამდენიმე წელი და თვე.”

One response to “პატარა რომ ვიყავი ხოლმე

  1. გამოხმაურება: როცა ვიბადებოდი « Merz AnnA Blume

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s