ელფრიდეს (მიყვარს, როცა მწერლებს სახელით მივმართავ) არ უყვარს, როცა მის ნაწერებს, ”ქალურ ლიტერატურას” აკუთვნიან. შინაგან ემიგრაციაში გასვლით იმუქრება, თუმცა ეს მაშინ მოხდა, აღიარება რომ მიიღო. ზოგადად კი, ხშირად იმუქრება ელფრიდე. ისევე, როგორც პერსონაჟთა დაბრუნებას ახალ პიესებში, მხოლოდ სახელით რომ ამოიცნობ. როგორც ერთ-ერთ რომანში ომში დაღუპულებს აბრუნებს, მოვლენ, სინდისს გააღვივებენ და წავლენ. ჰოდა, ეს ”მიველ, ვნახე, დავამარცხეს” ელფრიდესეული ვარიანტი იმდენად ფემინურად ჟღერდა, ელფრიდემ ვაგინა დაისერა, ალბათ ისე, პიანისტი ქალი მაჯებს რომ ისერდა, ქალობიდან ანდროგინად იქცა.
პორნოგრაფიაზე წერა უყვარს. მუქარის მიუხედავად რომ ვერ ეშვება, ისე. იმისთვის რომ ვწერო, მჭირდება განუსაზღვრელობა და შეკავებული სასიყვარულო ენერგიებიო, რამდენჯერმე გამოტყდა და ამით დასერვის აქტი გაამართლა. იმასაც ამბობს, რეალობას არარეალურად ვწერო, სიტყვები თავისით წერენ თავებსო. იმდენ რამეს ამბობს, პირად მცველს მოუნდა მისი მოკბეჩა. არ ვიცი, ალბათ შინაური ძაღლი იგულისხმა. თავად ამბობს, საკუთარი თავის გარდა ყველაფერი აღვწერეო. მაგალითად, გერმანია მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნემდე ერთი ადგილობრივი პოეტის თვალით. სხვები ფიქრობენ, რომ მისი ნაწერები ავტობიოგრაფულია. და ხვდები, რომ ძაღლის ნაცვლად თავისივე დაწერილი ასოები იგულისხმა. რემენს აგლეჯილი სიტყვები, საკუთარი გზებით რომ დადიან. ამაზე კი მძაფრსიუჟეტიან ფილმებში საკუთარ სახლებში რომ ემალებიან ქილერებს, ის გამახსენდა. ელფრიდეს უყვარს, როცა მისივე სიტყვები ეწინააღმდეგებიან თავს.
თავთან წინააღმდეგობას კი ”პიანინოს მასწავლებელში” ამჟღავნებს. პირადი წინააღმდეგობები გარე სამყაროს წინაშე დრამას ქმნიან. რომანია ტკენაზე, ტკივილის მიყენების სადისტურ და მაზოხისტურ გამოვლინებებზე. ბარიერის გავლაზე სასიამოვნო ტკივილიდან უსიამოვნო ტკივილამდე. ისე ვწერ, მითები რომ დავარღვიოო, საგნებს ისტორიას და რეალობას ვუბრუნებ.
”საყვარლებში” ის ჩვეულებრივ წყვილებს აღწერს. დასკვნა კი ისაა, ანეგდოტებს რომ ყვებიან, თუნდაც ქალები შტერები არიან, მაინც საყვარლები არიანო. კერავენ და მკერავის სისხლი კი დაიღვაროს უნდა. ეტყობა მუზისთვის ისეთ წყვილებს არჩევს, სასიყვარულო კავშირს რომ შეგაზიზღებს ქალს. თანაც ამას კაცთა ”კარგობით” ან ”ცუდობით” კი არ აკეთებს, კაცი ნეიტრალურია, არც ცუდია არც კარგი. განსხვავება მხოლოდ დამოკიდებულებაშია მათდამი. დამოკიდებულება კი მთელი ცხოვრების მანძილზე რწმუნებაა სხვისი იმაში, რატომ უნდა გიყვარდეს იგივე ფუნქციების მქონე ადამიანი სხვებზე მეტად. ელფრიდემ, სჯობს დროულად მოვიკლათო თავი. ასე ახლობლების სიკვდილს არ ვნახავთ. ეს კი ისეთი უტოპიაა: ერთდროული სუიციდი მთლიან დედამიწაზე, ისე, რომ არავინ გლოვობს.
ჩემი ელფრიდე…მარტო ჩემი. ან ჩვენი – სიგიჟის ზღვარს მყოფი გოგოების. ან უბრალოდ გოგოების.