როგორ იწყებოდა ტანკა:
ძველი ტანკა იაპონელ მიჯნურთა შორის საიდუმლო გზავნილებს წარმოადგენდა. სასიყვარულო ღამის ერთგვარი პროლოგი გახლდათ, მარაოზე დაგროვილი ემოციები სიტყვებით რომ იკვრებოდა.
ჰოდა, ეს მადლობის ტანკა შუამავალს საკეს სანაცვლოდ უნდა წაეღო, ადრესატის ოჯახის წევრთან ფლირტის პერსპექტივით.
ასე ახლოვდებოდნენ ადამიანები ტანკათი.
ადრესატი კი თავის მხრივ ტანკათივე უხდიდა მადლობას საყვარელს და შუამავლის საფლირტაო არეც იზრდებოდა.
თუ ადრესატს არ სურდა ტანკას დაწერა საყვარლისთვის ლექსის ბოლოს ჩიტს ან ჯვარს (”პტიჩკას”, ”კრესტიკს”) სვამდა და ტანკას უკან უბრუნებდა.
ტანკას ეპოქა 700-იანი წლებიდან იწყება.
თავიდან ის ორალური გზით გადაიცემოდა.
ტანკას ტექნიკური მხარე:
ფუჯივარა ტეიკამ 1219 წელს თავის სტუდენტს მისწერა წერილი, სადაც აღწერილი იყო ტანკას წერის 10 მეთოდი. წერილი ტანკას სკოლისთვის ერთგვარ სახელმძღვანელოდ იქცა.
ის შეიძლებოდა ყოფილიყო 1) მისტიკური და ღრმა,
2) ჩვეული განაცხადით,
3) დახვეწილი სილამაზის,
4) გრძნობათა დადანაშაულებით,
5) მოხდენილი სტილით,
6) გარეგნული გამომსახველობით,
7) გონიერი საკითხის დასმით,
8) ახალი საკითხის დასმით,
9) დახვეწილი დეტალებით, ან
10) ბოროტების ჩახშობით.
იგი ეფუძვნება სქემას: 5-7-5-7-7.
თუმცა არის შემთხვევები, ტანკას რომ გრძელი სტრიქონებით იწყებენ.
თარგნის დროს ეს პრინციპი აქტუალური არაა, იაპონური ენის მოკლე სიტყვების გამო.
ტანკა განსხვავდება სხვა პოეზიის ჟანრებისგან, როგორც შინაარსობრივი, ისე ტექნიკური მხარით.
მაგალითად, სედოკას ფორმაა 5-7-7, ჩოკასი – 5-7-5. ამით სედოკა მონდოს უახლოვდება, იმ განსხვავებით, რომ პირველი ავტორის მიერ იწერება და ჩვეულებრივ, შეიცავს კითხვასა და პასუხს. ჩოკა გრძელი პოემაა და 5 სტრიქონს სცდება. ზოგი პოემა ას და მეტ სტრიქონს ითვლის.
თავიდან კატაუტა ყოფილა იაპონიის წამყვანი ჟანრი.
მსგავსებები და განსხვავებები ჰაიკუსა და ტანკას შორის:
ჰაიკუს უფრო მოკლე ისტორია აქვს. იგი ტანკასგან წარმოიშვა. ტანკა ჩინური ღმერთივით ორ ნაწილად გაიპო და პირველი სამი ხაზი ჰაიკუს დაუთმო. ამით განსხვავდება იგი ტანკასგან, მას დამატებული ბოლო ორი სტრიქონი გააჩნია.
2) თანაც, ტანკას ემოციების ვერბალურად გადმოცემისკენ ორიენტირებული ხალხი წერს. ჰაიკუში კი ემოციები ირიბი სახით, ლირიული გადახვევებით დევს.
3) ტანკაში ბოლო ორი ხაზი მესამე სტრიქონში გადმოცემული აზრის გაგებას ემსახურება. სამივე სტრიქონიდან ახალი გზის პოვნის მორიგი შესაძლებლობაა.
4) ჩვეულებრივ არც ტანკაში და არც ჰაიკუში ძალადობა და ომის სურათები არ გვხვდება.
5) ტანკას იანის სქესი აქვს, ფემინურია. ჰაიკუ ინია, მამრობითი.
6) ტანკა ლირიკულია, ჰაიკუ ფრაგმენტული.
7) ტანკა ნატიფი საზოგადოების კუთვნილებაა, ჰაიკუ – მოვაჭრეების და დაბალი კლასის.
8) ტანკა სათქმელს პირდაპირ გადმოსცემს, ჰაიკუ – თამაშით.
9) ტანკა გრძნობებს ანალიზს უკეთებს, უფრო ემოციურია და იყენებს წარმოსახვას. ჰაიკუ წარმოსახვას ამაგრებს, ამყარებს.
10) ტანკა დადგენილ თემებზე იწერება, ჰაიკუ თავად ადგენს საკუთარი ექსპერიმენტით.
11) ტანკა ხუთი ნაწილისგან შედგება და ხუთ სურათს გვთავაზობს, ჰაიკუ – სამს.
12) ტანკა სიმახინჯეს არ აღწერს. საგალობლად ქცევის შანსი აქვს. ჰაიკუ უფრო საერთო სილამაზეზეა კონცენრტირებული და გადაჭრით მოსაუბრეა.
13) ენობრივი სტრუქტურა ტანკასთან მეტად გამართული და ტრადიციულია. ჰაიკუ საუბრობს უშუალო ენით.
14) ტანკა ეფუძვნება სუბიექტისგან დანახულ სურათებს, ჰაიკუ ისე აღწერს, როგორცაა.
ტანკას მაგალითები ნიძიოსა და ისიკავას მიხედვით:
ნიძიოს ”საჩუმათო ამბავს” ისიც კითხულობს, ვინც კლასიკური იაპონური პროზით დაინტერესებული არაა. იგი მცხოვრები ქალის დღიურს წარმოადგენს მე-13 – მე-14 საუკუნეებში, რომელსაც პიროვნების გასამება სჭირს. ერთი მხრივ, ის პოლიტიკურ-სოციალურ წრეს ეკუთვნის, აღწერს, ჯერ კიდევ ბავშვობაში როგორ მიათხოვეს მეფეს და იქცა მის საყვარელ ცოლად; სამონასტრო ცხოვრებას, მთელი შეგნებული ცხოვრება რომ სურს ბუდისტი მონაზონი გახდეს, ხოლო წიგნის მესამე ნაწილში მიაღწევს ამ ოცნებას; საყვარელ ადამიანს, რომელთან ურთიერთობასაც წესით მისი პირველი ორი ცხოვრება უნდა გამორიცხავდეს. ნიძიოს ქალური მხრიდან, ახლებურად აქვს დანახული სამურაების ცხოვრება თუ იაპონური პოლიტიკა. თავის დღიურებში წერს ტანკებსაც და შემონახული აქვს მისადმი მიძღვნილი წერილებიც:
***
შემოდგომის ჟამი
ყოველთვის ცვარის არის
და სახელო ილუმპება, –
მაგრამ დღეს გაცილებით უფროა
სახელოზე დაბნეული ცვრის წვეთები.
***
სახელოები რომ დავილბე,
ეს ტოტი მოვტეხე,
გარიჟრაჟის ცვრით მთლად გალუმპულმა.
დე, ჩემს ოცნებებს ახდენა არ ეწეროთ,
ეს მე შვებას მგვრის.
ტაკუბოკუ იშიკავა მე-19 საუკუნის პოეტია. ამბობდა, ტანკებს საკუთარი თავის სიყვარულს ვუძღვნიო. იგი სოციალიზმში ძირამდე იყო ჩაფლული. მანამდე კი ”ცისკრის ვარსკვლავის” (Myōjō) ლიტერატურულ წრეს ეკუთვნოდა. ტანკას ის თავისუფალი სტილით წერდა. მისი ტანკები მისი დღიურებია:
ერთხელ ხუმრობით დედაჩემი
მხარზე შევისვი,
იგი ისეთი მსუბუქი იყო,
რომ უცბად ცრემლი მომერია
და ვეღარ ვზიდე.
* * *
პატარა ცრემლი დაეცა მიწას,
პატარა,
როგორც ქვიშის მარცვალი…
მაგრამ რა მძიმე
იყო ის ცრემლი!
* * *
ო, ცრემლი, ცრემლი! თუ არის ქვეყნად
ამაზე დიდი საკვირველება…
თუ გულმა დარდი
ცრემლს გაატანა,
დაუბრუნდება ისევ სიცოცხლე!
* * *
“განა ამისთვის
ღირს კი სიკვდილი?”
“განა ამისთვის
ღირს კი სიცოცხლე?”
ო, მიანებე თავი ამ კამათს.
* * *
დიდი ხანია
ოცნებად მქონდა _
წავსულიყავი სადმე რკინიგზით.
აი, ჩამოვხტი მატარებლიდან
და აღარ ვიცი, საით წავიდე.
* * *
ერთხელ შევედი ცარიელ სახლში
და იქ მოვწიე ცოტა თამბაქო…
როგორ მინდოდა
ვყოფილიყავ
მარტო, სულ მარტო!
* * *
იმ ქალიშვილის
დავიწყება არ შემიძლია,
მე რომ ტირილით
ერთი მუჭა
ქვიშა მაჩვენა.
* * *
“ნუთუ არ გინდა შენ სიცოცხლე!”
მკითხა ექიმმა…
გულმა კი რა სთქვა?
ჩემმა გულმა
ხმა არ გაიღო.
* * *
ერთი ქალია,
წყნარი, უენო,
მუდამ თვალებში რომ შემომცქერის
და ყველაფერში მემორჩილება!
ნეტა არ იყოს იგი ასეთი…
* * *
ადრე გავიგე
სიყვარულის
ძალა და სევდა.
ადრეც
მოვხუცდი.
* * *
მეგობარს გული გადავუშალე…
და მომეჩვენა:
ამ საუბარში
რაღაც დავკარგე და გავღარიბდი…
მყისვე დავტოვე მისი ოთახი…
* * *
როცა გვიანღამ სამუშაოდან
მძინარე სახლში
დავბრუნდებოდი,
შვილს ავიყვანდი ხელში უმალვე…
ერთხელ სიკვდილმა მიმასწრო მასთან!
***
სისხლით დაწერილი
სიმღერა დაუტოვე
სამყაროს სამახსოვროდ.
მკვდარ მინდვრებში დავიარები.
ხმაურიანად დგება შემოდგომა!
ტანკა დასავლეთში:
ისევე, როგორც თანამედროვე იაპონელები, დასავლეთის ქვეყნებში ტანკას ტექნიკურ მხარეს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. ძირითადად, ეს გამოწვეულია ევროპული ენების სიგრძით იაპონურ ენასთან შედარებით.
მშვიდობის თქმა
დავდივარ ფრთხილად
მამაცობას უდრეკად ვცდილობ
ისინი ნახულობენ ჩემს შიშებს
მუქი მინებით მალავენ თვალებს,
ისინიც თურმე ჩემნაირად ცრემლების დენას.
ჯერალდ ლითლი: მეტი სინათლე, გრძელი ხედვა
სარკეში დავიჭირე
შენი სურათი,
მიყვარხარ ნიშნავს გფლობდე.
იცი, მე მაგი ვარ
და აქედან თავს ვერ გააღწევ.
ალექს როტელას ტანკა:
საახალწლო ღამე
კიბეზე
მთვარის სახიანი კაცი
საათს სახეს
ურეცხავს.
როგორ მომეწონა ^ ^