იყო და არა იყო რა, ერთ პატარა, მაგრამ შინაურულ სოფელში დევი დავბადე. ჯერ ცალთვალა ურემზე სუფთა ტილო დავაფინე, მზითვებიდან რომ დამრჩა, დედამ სიამაყით რომ ჩააყოლა დედამთილს სერვიზებიან ჩანთაში. მერე კი ისე გავიჭინთე, რომ მთელი ჩემი დიდგულოვნება ერთ ბურთად გამოვუშვი, დამოუკიდებელ საგნად რომ აღმექვა. მაშინვე არც ჩავჩუტულვარ, ისევე გაბერილი დავრჩი, ოღონდ სხეულში ფუღურო ვიგრძენი. მან მე ბასრი კბილებით საშო გამიჭრა და ქუდბედის შერჩენილი ნაწილით გაბზარული ტაშტისკენ გამოექანა, ჭის შეთბობილი წყალი რომ უცდიდა. მე კი ყურთა გამოშვერით დაველოდე, – ”ტყლაპ”, – ხმას რომ გავიგებდი. მშვიდად რომ ჩაცურდა, ჭიპლარის დამოკლებას დავუცადე, ისე გადავჭერი, როგორც ჩემი ქმარი საზეიმო გახსნისას ჭრიდა ახალ შენობებზე გაბმულ წითელ ლენტებს.
ჩემი ქმარი ეგზოტიკური სოფლიდან იყო. მასთან მუდამ ხარობდა ლეღვი, მე კი მის ჩრდილში წამოვწვებოდი და სახარებებს ვკითხულობდი. იესოს დაუბარებია, მაშინ დავბრუნდები, როცა ლეღვი აყვავდებაო. აწ უკვე ქმარმა კი მაშინ ჩამოიარა, კრიალოსნით ხელში ლეღვის ფესვებზე მჯდარი ღმერთს რომ ვუცდიდი და გვირილებს ვანადგურებდი: ”იესოს ვუყვარვარ?! არ ვუყვარვარ?!” იესო არ ვარ, მაგრამ მიყვარხარო, – მითხრა და თქმისას მუცელში ისეთი სიმძიმე ვიგრძენი, მხოლოდ მშობიარობის შემდეგ რომ გავთავისუფლდი. გავთავისუფლდი საკუთარი მესგან და სიყვარულისგან, ორივე ასე ძლიერ რომ მიმძიმებდა საშვილოსნოს.
თავიდანვე მაკვირვებდა, უცხო გარემოში ტირილის ნაცვლად ბაყბაყი რომ დაიწყო. ხოლო როცა წამოიზარდა, სამეზობლო ჭასთან მიდიოდა და ონკანს ხმის აყოლებით კეტავდა: ”ჭრაჭ-ჭრუჭ..ჭრაჭ-ჭრუჭ..” მე კი ჩემს ჩაჩუტულ მუცელს ვუყურებდი და ჭიპის ირგვლივ სხივებივით შემორტყმულ ნაოჭებზე ვამბობდი: ”მზე დამრჩა”. სამზითვო ტილოს კი – წითელი ლაქები, ვერანაირი ფხვნილით რომ ვერ გავაქრე.
სხვა ბავშვებს თუ დედები ხელში აყვანილნი ატარებდნენ და ზღაპრებს უყვებოდნენ, ის შემისვამდა ხოლმე ცერა თითზე და იქიდან ხელის გულზე გადამაგორებდა, პირთან ახლოს მიმიტანდა და ზღაპრებს მიყვებოდა, ამას წინათ როგორ შეებრძოლა გველეშაპებს, ბოსტანში კარტოფილებს რომ ჰქონდა მოხვეული. ხოლო როცა მისი სკოლაში შესვლის ჯერი დადგა, უახლოეს სკოლაში შევიყვანე, მეზობელ სოფელში რომ იყო, რამდენიმე გზის და ტყის გაღმა. ვშიშობდი დევური ბუნების გამო სხვა ბავშვები არ დაეჩაგრა. თან მაკვირვებდა, რომ მშობლებს ჩემი შვილი სულ არ უკვირდათ და ამბობდნენ: ”ჩემი შვილი ყველაზე უკეთესია, ნამდვილი დევია.”