ძაღლი

ვიღაცამ თქვა, ფუტკარი რომ არ იყოს, დედამიწაზე სიცოცხლე შეწყდებოდაო. სიცოცხლე რომ შეწყდეს.. შევეცადე წარმომედგინა იმაზე უარესი, ვიდრე დღევანდელი დღე იყო და კათარზისი განმეცადა. მთელი ცხოვრების სადარდებელი მაინცდამაინც დღეს მედარდა, დარჩენილი ცხოვრება კი უდარდელად გამეტარა. პრობლემები ა, ბე, ცე პუნქტებად დავყავი და ქვეთავები მივაბი. ფეხსაცმელი მიწის ჭრილში ჩამეჭედა და სანამ უძრავად ვიდექი, უცხო ძაღლი მომელაქუცა. ჯერ ჩემს ფეხებს დასუნა, მერე ჯიბეს წაეტანა. რამე ხომ არ მიდევს მეთქი, ვიფიქრე. ისეთი არაფერი, მხოლოდ ტელეფონი და ქაღალდი მედო. სიას დე პუნქტიც მივაბი და მტერს თვალებში დავაკვირდი: “სულ არ ხარ საყვარელი”. შემიღრინა იმდენად, რამდენადაც ვუღრენდი ცხოვრებას და ბეწვი ისე შეიბერტყა, სუნი დააყენა: კანალიზაციის მაგვარი და მძიმე.

”გშია?” უძრავად ვესაუბრებოდი ჩემს ფეხებზე თათებშემოწყობილ ცხოველს და ისიც მპასუხობდა: ”სნიკერსი არ გაქვს?” სნიკერსი იქით და ქუჩაში ჭამა მომენატრა. უფრო სწორედ, შემთხვევით საცხობში თვეებია არაფერი მიყიდია და ლიმონათი არ დამიყოლებია. ამაზე ათ თეთრიანი ლიმონათი გამახსენდა. გადასარევი ფასები იყო ჩემი მოსწავლეობისას. ჩემს ეზოში იყიდებოდა და იმასაც ცუდი გემო ჰქონდა. ”მეც მშია”. ვუთანაგრძე დაძველებულ რემნიან ძაღლს და დავმეგობრდით იქამდე, სანამ ქარმა ძვლებში არ გაატარა და სისხლი გაყინა. მერე ის თავისი გზით წავიდა, მე კი უცხო მანქანას შევეფარე: ფეხი გავითავისუფლე, მანქანას ხელი დავუქნიე და გააჩერა.

”გამოგყვები.” მეგობრულად მიმიღო და გათბობა ჩამირთო. ან რას იზამდა, გაფითრებული ვიყავი და კანკალს ვერ ვწყვეტდი. ავტოსტოპით სიარულმა შეჩვევა იცისო, – გამახსენდა, ამ დღეებში ვიღაც მეუბნებოდა. ვერ ვიმახსოვრებ ავტორებს. მე კი თანდათან ვთბებოდი. ყოველშემთხვევაში კანკალის რეფლექსი იკლებდა და მძღოლმა სიგარეტი მომაწოდა. ”არ ვეწევი”. ”ჩემი არ გეშინია?” ”არა.” ვისაუბრეთ ამინდსა და პოლიტიკაზე. უფრო სწორედ, ის საუბრობდა, მე კი ზრდილობიანად ვუღიმოდი: ”გმადლობ, რომ მიგყავარ!” საინფორმაციო გადაცემები ყველაფერს ისე ამუქებენ, გეგონება ზამთარში თოვლი პირველად მოვიდა, მალე იმასაც იტყვიან, ახალი სეზონი – ზამთარი – დაგვემატაო. მე მაინც ვუღიმოდი და ვფიქრობდი: როგორ მედარდა. ჯიბეში ხელი ჩავიყავი, გადავუხდი მეთქი, და შემთხვევით ძველი კანფეტი ვნახე.

”ძაღლი!” ”ჰო, ძაღლები არიან პოლიტიკაში”, – ამიბა საუბარი მძღოლმა და ტელეფონი ამოიღო, – ”ნომერს ჩავიწერ”. ეს სერია ზეპირად ვიცი. თუ გინდა კაცის კომპლექსი ნახო, მასთან დაწოლაზე უარი თქვი. ის კი გკითხავს: ”უკეთესი მანქანა რომ მყავდეს, ხომ დაწვებოდი?” ან ”გარეგნობას ნუ უყურებ, კარგი კაცი ვარ” და სხვა.  მე კი წარმოვიდგენდი როგორ კვდებოდა ძაღლი შიმშილისგან,  რემენი გაეწელებოდა, თავზე შარავანდედად დაეფერებოდა და გაქვავდებოდა. კიდევ ოცი წამი გავიდა და მანქანის გაჩერება ვთხოვე. ჩავირბინე დაღმართი ფეხით და ძაღლი ვიპოვნე. აი, ის სუნიანი და ღრენია. რა კარგი სახელია ”ღრენია”. კანფეტი მივეცი: ”გავიყოთ? ” სუნი აღარ მცემდა, – იმ ღამეს მოყინა. ვისკი არ მქონდა.

3 responses to “ძაღლი

  1. არ ვიცი რამეში გჭირდება თუ არა ჩემი კომენტარი იმის თაობაზე თუ რაოდენ აღფრთოვანებული ვარ შენი პოსტებით, მაგრამ მე მჭირდება რომ რამე დავწერო, უხმოდ გასვლა არ შემიძლია.

  2. ვერ ვხვდები ერთს, ამ ბლოგზე რატომ არის კომენტარები ს ნაკლებობა…ხალხო რა მაგრად წერს ეს ადამიანი …. ბრავო ადმინ !

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s