ვიღაცა

პირველად იყო ეჭვი, სიბნელეში სინათლის თუ სინათლეში სიბნელის არსებობის ეჭვი. როცა სული სხეულში შემოვიდა, დედამიწის მდგომარეობა გარე სივრცის მიმართ იმდენად დახრილი იყო, რომ ერთიანობაში პირველად დაინახე ჯოჯოხეთი. ხალხს ცოდვებისთვის აწამებდნენ და ისეთი სახე მიიღე, წამების პროცესში რომ ჰქონდათ დემონებს და ადამიანებს. რაც ზემოთაა, ის ქვემოთაა და მიბაძე. იმის მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, შეგეცვალა შეხედულებები, არც ხასიათით ხარ ტანჯული, მაგრამ პირველი შთაბეჭდილება იმდენად დარჩა, რამდენიც პირველ შეხვედრებზე ჩანს.

იცნობ ახალ ადამიანებს, ღებულობ ახალ ინფორმაციებს, მაგრამ სამყაროს ცოდვილის პოზიციიდან უყურებ. ცალმხრივი რაა ქვეყანაზე და სამყაროც ასე გხედავს: მუქი და ხშირი თმა გაქვს, ბნელი თვალები, სახასიათო ნაკვთები იმდენად, რამდენადაც შეიძლება მათი გამოყენება მცოდველის როლისთვის. გხედავენ ისე, როგორც დაინახე, ხედავ ისე, როგორც გხედავენ, ხასიათი არაფერ შუაშია. ფიქრობ, არ არსებობს უდანაშაულოს დასჯა, ყველა დამნაშავეა. სხვები ფიქრობენ, რა ბოროტი ხარ, მეტიც, საკუთარ თავსაც ჯოჯოხეთში მყოფად მიიჩნევ და უშავებ. უშავებ არა იმიტომ, თავი რომ არ გიყვარს, ადამიანებს გვჩვევია ვინც გვიყვარს, მეტად ვატკინოთ. ტკენდი და განვითარებისას მეტი სირთულე გხვდებოდა. დიდი შანსი იყო, შეპყრობილი ყოფილიყავი და ხიფათს გადაყროდი. ამ ხიფათებით გეზრუნა თვითდამკვირდებისთვის, ჯოჯოხეთი ხომ ისაა, რაც სიცოცხლის მერე რჩება. ხედავ ახალ ფეხსაცმელს და პირველი ფიქრი არის: მომწონს, რადგან დიდხანს დამრჩება. ხედავ, გოგონა გეპრანჭება: ისე უნდა მოვექცე, მასში რომ დავრჩე. ხედავ, რომ კვდები, პირველი ფიქრი არის: ისე უნდა მოვკვდე, რომ დავრჩე სიცოცხლის მერეც, – და მერე სხვა დანარჩენზე. მაგრამ პირველად არის ყოფნა-არ ყოფნის ეჭვი. ეჭვიანობა, როგორც ემოციური ფანატიზმი. ის კი ბევრია სხვა დანარჩენზეც. იმდენი, რამდენიც ყველა შესაძლო ვარიანტი.

”იმდენი ბარგი მაქვს, მგზავრობისას ხელს მიშლის,” – ამბობ და თავს წრიული ინფორმაციებით ისევ იმძიმებ, – ხედვაა ასეთი. ქუჩაში შემხვედრს სიგარეტი სთხოვე, მოგაწოდა და ფიქრობს: ”ეს კაცი ბრძოლისთვის ყოველთვისაა მზად, თითქოს ხანჯლით და ფარით დაიბადა.” შეიძლება ვერც მიხვდეს, რომ გაიფიქრა. ისე, უნებურად. ბრძოლა კი ბავშვობიდანვე არსებობისთვის გიწევს: ღარიბ ოჯახში დაიბადე, რაც აუცილებლად ამჩნევს კვალს. შენი ეშინიათ. და რაც უფრო ეშინიათ, მეტად გეწეპებიან. ვერც კი ხვდებიან მიზიდვა საიდან მოვიდა, ალბათ მართალია, ადამიანები რასაც გაურბიან, მეტად უახლოვდებიან. ვერაფერს იტყვი, შენი იმიჯია. ისაა, ნებისმიერი შემხვედრისთვის, რომ არ გენანება. დანანებით კი იმდენი გენანება, რამდენი ტვირთიც თავად აიკიდე. გაცნობით კი იმდენად რთულია ვინმეს გაეცნო, რამდენადაც ვინმე იგებს ჯოჯოხეთს. ჯოჯოხეთს კი მუდამ დაესმის კითხვა: ”არსებობს?! – არ არსებობს?!” ფოკუზი კი იმაშია: არ უნდა იცოდე, ის უნდა იგრძნო.

პირველ შთაბეჭდილებას, ყოველთვის დაგროვება მოჰყვება. დაგროვებული ნივთებისთვის ღირებულებების მინიჭება. ათვალიერებ და ამბობ: ”სანამ დავაფასებ, სანდო უნდა იყოს, ღირსება გააჩნდეს”. თუ თავში არ ხარ დარწმუნებული, ნერვებს გიშლის, განსაკუთრებული საიდუმლოსავით მალავ. ეს კი პირად პერსპექტივებს განსაზღვრავს და ზოგჯერ – დემორალიზაციას. იმდენს შრომობ, რომ ჩათვალო: ყველაფერი იყიდება, უბრალოდ ყველაფერს თავისი ფასი აქვს. გელანდება, რომ თავადაც საფასურად მიგიჩნევენ და მხოლოდ მაშინ უნდა უყვარდეთ, როცა ღირსი ხარ. არა და მეტად გჭირდება, როცა არ ღირხარ. ფულის შოვნის სამი საშუალება გაქვს. ხშირად კოლექტივთან აკავშირებ და ისეთივე მოულოდნელობით გეცემა, როგორადაც ხარჯავ: თითქოს დროს უსწრებო წინ: ჯერ დახარჯავ, მერე შოულობ, – რაღაცაში მართლა გენიოსი ხარ.

პლიუს საკუთრება ის სფეროა, რაშიც ტყუილსაც იკადრებ, რომ შეინარჩუნო. ატყობ, რომ ხანდახან საიდუმლო ხერხებითაც ქრება, ისევე, როგორც იდუმალი ხერხებით ჩნდება. მწერალი უნდა გამოხვიდე. იქამდე წერო, სანამ არ ამოიწურები. წერო იმიტომ, რომ წაიკითხო და წაიკითხო იმიტომ, რომ წერო. ცხოვრების არამდგრადი სტილი გაქვს და მთელი ცხოვრება თამაშობ სიყვარულს, შინაგანად მაინც.

რა ირონიული ცნებაა ”ჰარმონია ოჯახში”. თითქოს თავის თავს თავადვე უნდა ეწინააღმდეგებოდეს. რას იტყვი? ბავშვი ხარ. ოჯახში ნერვოზული მდგომარეობაა. მეგობრები კი ისინი არიან, ვისაც შეგიძლია დაეყრდნო. თავი იმაზე მშვიდად იგრძნო, ვიდრე სახლში. სახლი შენთვის სასტუმროა: ჭამ და იძინებ. ხედავდი, შენი კლასელები სახლებში დასვენებისთვის რომ მიდიოდნენ, – ოჯახი ჩემი ციხე-სიმაგრეაო, – ამბობდნენ, შენ კი ნერვები მაინცდამაინც სახლში გღალატობდნენ. ”ჩემი მტერი ჩემი მშობელია”, – ფიქრობდი. გაიზარდე. მერეც რამდენჯერმე გამოიცვლი საცხოვრებელ ბინას. მაგრამ სახლი სადარდებელთან მაინც გატოლდება. მეგობრებზეც ხშირად იტყვი: ”ღირს რომ მიყვარდეს?” კომპლიმენტს გეტყვიან და არ დაუჯერებ: ”ვღივარ, რომ გიყვარდე?”

თუ შეყვარებული ხარ, ასკვნი, რომ არ არსებობს არაეგოისტური სიყვარული და თავი კიდევ უფრო გიყვარს. ხანდაზმული ხალხის მოწონებას მარტივად იმსახრურებ. მსხვერპლშეწირვა ის მოქმედებაა, რის დემონსტრირებას აუცილებლად ახდენ. შენში მსხვერპლშეწირვა გაანათებს, ოღონდ გარეგანად. რამდენ შვილზეც ანაწილებ სიყვარულს, იმდენჯერ გიყვარს საკუთარი თავი მათში. ისევ თუ შეყვარებული ხარ, სიყვარულის გაცემა გიჭირს, რამდენადაც ობიექტი არაა სანდო. საიდუმლოებით მოცული კონტაქტები გაქვს. ამბობ: ”გულთან მხოლოდ ჩემი პერანგია ახლოს.” ხანდახან მეძავი გხდის და გეკვრის სანამ მოიშორებდე. მომავალი დაიხატა. მარტოობას დეპრესია მოაქვს. დეპრესიას – ანტიდეპრესანტები. ანტიდეპრესანტებს – დისფუნქცია სექსში. ლიბიდოს დაკარგვის საშიშროება დგება, რადგან წამლების მოხმარებას დაიწყებ მას მერე, რაც საყვარელ ქალს დაკარგავ, თუ საყვარელ ქალს იმიტომ დაკარგავ, რომ დაიწყე. რა მნიშვნელობა აქვს.

იდარდებ შეუმდგარ ქორწინებაზე და შემთხვევითი კავშირებისას არ გექნება ჯანსაღი კონტაქტი. გადაწყვეტ წამლები ორგაზმით ჩაანაცვლო, მაგრამ არა მასთან, ვინც გიყვარს. ისე, მეძავებთან. წარმოსახვითია შენი შეხედულებები სიყვარულთან და სექსთან. მეორე დღისით გკითხავენ: როგორ გრძნობ თავს? უპასუხებ, რომ მშვენივრად ხარ, აშკარად გრძნობ უკეთესობას. სამწუხაროა, სექსის განცდა გჭირდება, კარგად რომ იყო. მერე მამა გახდები. ბევრი შვილი გეყოლება, არ ვიცი ბიოლოგიური თუ სულიერი. იფიქრებ: ”მათთან ურთიერთობა თერაპიაა ერთგვარი. მე განვიკურნე ოჯახის ტრამვისგან”. შვილები კი ისე შემთხვევით გყავს, როგორ შემთხვევითაც დაქორწინდი და როგორ შემთხვევითაც შეიყვარე. თუ შემთხვევითობის სერიას გააგრძელებ, ფულიც ასევე შემთხვევით გექნება. თუ მას მერე რაც ფული შემთხვევით გექნება, შემდეგ შემთხვევითი თანმიმდევრობები.

პირველი ნახვისთანავე შეამჩნევ. დამყოლი სახე ექნება და ლმობიერად დაგიწყებს ყურებას. დაბადებისას შენ თუ სიკვდილი დაინახე, მან დაბადება ნახა: სამოთხეში როგორ მოიზილა ადამიანები, თესლი ჩაიდო განვითარებისთვის. შენ თუ თესლის დაღუპული შედეგი ნახე, მან დათესვა ნახა. ისეთი მიწიერი ჩანს, გაწელილად საუბრობს, პირველ შეხვედრებზე დუმს. მოგინდება დაინახო მისგან ნანახი. ბალანსი მოგინდება. ეტყვი, რომ მასთან ყოფნა გიღირს. მას კი შენი სიბნელე უნდა, – აინტერესებს სიკვდილის მერე რა მოსდით დარგულ თესლებს. ჩხუბის დროს შენ მზად იქნები თქვენი შეხვედრა დაანგრიო, იმიტომ კი არა, რომ დასრულდეს, იმიტომ, რომ ხელახლა ააშენო. ის კი მზად იქნება საძირკველი მეტად გაამყაროს. გეტყვის: ”ყველაფერი დაანგრიე, მხოლოდ ძირი დატოვე”. თავიდან შეიძლება ჯიუტობს, შემდეგ იმდენად დამთმობი ხდება, გგონია, შეჩვეული ჭირი შეუჩველ ლხინს ურჩევნიაო.

შეუღლდებით. ის აგრძელებს შენთვის სათნო სახით ყურებას. მაგრამ ეს მხოლოდ სახეა. სინამდვილეში, საკუთრებად მიგიჩნევს. შენ იცი, რომ არასდროს დაშორდები. არც მაშინ, თუ გადაგიყვარდა, რადგან სიყვარული ყველაფერი არ არის. ის ქალი შენი საკუთრებაცაა, ყულაბაში ჩაგდებული მონეტა. რომ ამოვიდეს, ყულაბა უნდა გატყდეს. ფრთხილობ. სხვასთან წვები. მანამდე კი იქნება ფრაზები: ”მე უბრალოდ თავისუფლება მინდა”, ”ვაკეთო რაც მინდა”, ”არავინ ღირს იმად, რომ ეს დავარღვიო.”

სიკვდილის ნიჭი გაქვს. ისე კვდები, რომ ადგომა შეგიძლია. სინამდვილეში, ეს შენი მეორე მეა, ხანდახან რომ გცვლის. საკუთარ სიკვდილს უკეთებ კრისტალიზებას. ნუ გეშინია, ბოლომდე არ კვდები. მეგობრები გითრევენ სარისკო საქმეებში. სარისკო თამაშებს არ გაეკარებოდი თავის დროზე ისინი რომ არ გყოლოდნენ. მათ კრისტალიზაციას ახდენ და რომლებიც დაგრჩება, მათთვის არაფერს ინანებ. ამბობ: ”ყვავს კლანჭებში დიდი თაგვი უჭირავს.” სხვები ამბობენ: ”ის ან უყვართ ან არ უყვართ. რთულია შუალედი პოზიცია გააჩნდეთ, რადგან დიპლომატიური მიდგომის მიუხედავად, მასაც არ აქვს.” როცა არავის უყვარხარ, შენ მაინც აგრძელებ იგივე მონეტით გადახდას. ამბიციურობ, გარემოზე დამოკიდებული არ ვარო, ამბობ. ხარბობ, ფული არასდროსაა საკმარისიო. თავადაც კრისტალდები ასკეტიზმის გზით. გამოცდას აწყობ არა მხოლოდ მეგობრებისთვის, შენი თავისთვის. თანამედროვე სამყაროს მიერ შექმნილ ხატად იქეცი.

უელბეკის პერსონაჟებს გავხარ. ამბობ: ”ფული ძალაუფლებაა”. შენც პატივს სცემ შენზე ძლიერს. მოვლენათა გენერატორად იქცევი. როცა განმარტოვდები, არავინ იცის შიგნით რა ხდება. საიდუმლოებებს ფულზე და ნივთებზე უკეთ ინახავ. ბოლოს დაინახავ ნერვიულობას. თუ გაინტერესებს ბოლოს შემდეგ რა არის, იხილე ნაწერის დასაწყისი. )) ვხუმრობ

2 responses to “ვიღაცა

  1. ოფფ-ტოპისთვის დიდი ბოდიში, მაგრამ თუ ფბ-ზე ხარ ხოლმე და არ დაიზარებ, იქნებ შემეხმიანო 🙂 მოლი ბლუმი – ასე მქვია მანდ.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s