ღვთის უკეთესი რა იქნებოდა

 /წინასაახალწლო ამბავი/

თუ დაუკვირდით, ძველ სარაინდო რომანებში გმირებს მზეთუნახავები არ უყვართ. ისინი მათ ეთაყვანებიან, გაწეული სამუშაოსთვის თამასუქად თვლიან და ზოგჯერ ვალდებულნიც არიან, შეირთონ.
ზღაპარი კი მაშინ წყდება, როცა გველეშაპთან ჭიდილის მერე ყველაზე რთული წინაღობა ჩნდება: პრინცი და პრინცესა უღლდებიან.
ჩნდება კითხვა: არსებობს სიცოცხლე ქორწილის მერე?
რომელზეც პასუხობენ, რომ ბედნიერი დასასრული არ ნიშნავს ბედნიერ დასასრულს.
ის თაობა ვარ, რომელსაც გვასწავლეს, რომ ყველა პერსონაჟის ამოხოცვა საუკეთესო ფინალია. ასე წერტილი მრავალწერტილად აღარ იქცევა.
დაუსრულებელი გმირები სარკეში ჩამწყვდეულ მოჩვენებებად აღარ დაგდევენ, – მერე რა მელისო.
ჩვენც ვხოცავთ, მაგრამ რაღაც არ გვასვენებს. ანგელოზებისგან ადამიანები ხომ იმით განვსხვავდებით, რომ სინდისი გვაქვს.
სასოწარკვეთილ მწერლებად ვიქცევით და ვამბობთ, პერსონაჟები შვილებივით გვიყვარდა.
მედეას კომპლექსი.
აი, იმის, ცოდვის ნაყოფი რომ ამოძირკვა და თავს ახალი შანსი მისცა მრავალწერტილისთვის.
დედაჩემიც სასოწარკვეთილი დიასახლია.
ჯერ არ იცის რომ მამა ღალატობს.
ცოტა ხანიც და ვეტყვი.
თუმცა მაინც მეფიქრება, უთქმელობისგან დაგროვილი სათქმელი სჯობს თუ ნათქვამისგან დატოვებული სიცარიელე.
მეც დიასახლისი ვარ.
წვრილშვილებთან ერთად წვიმისას გახვრეტილ სახურავს ვუშვერ ხელებს, ხელის გულებში ვაგროვებთ წვიმას და ვღვრით.
თუ არ წვიმს, საბანში მივუწვები მეუღლეს და რეზინის ხელთათმანებით მოვეფერებით ერთმანეთს, კიდევ ერთი შვილი რომ არ გაჩნდეს.
ძირითად დროს დავუთმობთ პრობლემების დაგროვებას და დაკიდებას.
ბოლოს იმდენს დაიკიდებს, ნაძვის ხისა და ჩიჩილაკის შუაში ჩავდგამთ და გარშემო ვურბენთ აპლოდისმენტებით:
“გილოცავთ დამდეგ შობა–დაკიდებას!”
ამ დღეს ყველა იკიდებს თავის პრობლემას, ძველ ცოდვებს, რათა მორიგ საერთაშორისო დაკიდებამდე ახლები აგროვონ.
ვიღებ გოზინაყს და შვილების ტკბილად დაბერება მინდება.
წარმოვიდგენ, ღრძილებში როგორ ეჭედებათ ნიგოზი, კბილები სცვივათ, სახე ეკუჭებათ და მაინც ტკბილად იღიმებიან:
ტიტრები არ იქნება.


2 responses to “ღვთის უკეთესი რა იქნებოდა

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s