ჩემი გრავატარის საიდუმლოებანი

თუ მესტუმრებოდი, სავარძელში ჩაგსვამდი.
გვერდით მოგიჯდებოდი და ვისაუბრებდით ინგლისის ნაკრებზე, ასე გამალებით რომ აგებდა და კუში ეზრდებოდა.
სანამ თემა გაიზრდებოდა, მე სამზარეულოში გავიდოდი, ატმის ან ბლის კომპოტის მოსატანად.
შენ კი საოჯახო ალბომს ნახავდი, – მარტოობა ადვილი გადასალახი ჩანს, როცა ხელში გიჭირავს რაღაც.
მაშინ არ იყო ინტერნეტი.
მერე ისევ მოგიჯდებოდი და ფოტოების აღწერას მთხოვდი.
ფოტოზე ჯერ საკუთარ თავს დაგანახებდი, მერე იმ დღის ისტორიას გიამბობდი.
შენ მეტყოდი, რომ ლამაზად გამოვიყურები.
და, სასხვათაშორისოდ, არ მედარდა, ლივერპული აუცილებლად მოიგებს.
ეს ფოტო სამი წლის წინ გადავიღე,
სამსახურის მერე ტრანსპორტში რომ ვჯდებოდი და საათობით უაზროდ დავყვებოდი.
ვიმეორებდი: დრო მეტის ღირსი არაა, უნდა გავიდეს. გადიოდა.
მთლიან ფოტოზე თეთრი კაბა მაცვია, ირგვლივ სანთლებია და სკამი. მერე..
მერე შენ მომიყვებოდი რამე საშიშ ისტორიას, ფირზე მოჩვენება რომ ასახულა.
რომ რელიგია ებრძოდა ფოტოკამერებს, ღვთის ხატი ხარ, შენი სახე სარკეებისგან უნდა დააზღვიო.
შეიძლება ცოტა გეწუწუნა, აიდი ფოტოებზე თავს კომფორტულად ვერ გრძნობ: ჩემს თავს არ ვგავარო.
არა და მისი დანიშნულებაა მაქსიმალურად რომ გვგავდეს.
გავიხსენებდით ბარტის კამერასთან ურთიერთობის თეორიას, რომ გამოსახულება აწყობილია აღქმაზე და ფანტაზიაზე.
წარმოიდგინე, ზის მოდელი თავისთვის, ჩიტის გამოფრენას რომ ელოდება. იძაბება.
დგას ფოტოგრაფი თავისთვის, ჩიტის გაფრენას რომ ამზადებს. იძაბება.
1. მოდელი ფიქრობს, თავად როგორ გამოიყურება.
2. ფოტოგრაფი ფიქრობს, მოდელი როგორ გამოიყურება.
3. მოდელი ფიქრობს, თავად როგორ უნდა გამოიყურებოდეს.
4. ფოტოგრაფი ფიქრობს, მოდელი როგორ უნდა გამოიყურებოდეს.
ჩხრკ!
რა არის ფოტო?
ზოგჯერ თავის იდენტიფიცირება, ზოგჯერ მოგონების აღსაძვრელი ქაღალდი.
მაგრამ ყოველთვის ოთხი ჩამოთვლილი კომპონენტის შეჯვარებით მიღებული შედეგი.
ჩვენ ხომ ისე გამოვიყურებით, როგორადაც აღვიქვამთ ერთმანეთს.
ეს ფოკუზია.

7 responses to “ჩემი გრავატარის საიდუმლოებანი

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s