ქინდლის რომანტიკა


შაბათ–კვირის ამინდია:
ბუხართან რომ ზიხარ, მუხლებში ჩაის ფინჯანი რომ გაგიჩხირავს და წიგნში საინტერესო ადგილებს ნიშნავ: ამას დავუბრუნდებიო.
დაბრუნება კი მომავალ ქარიშხალს, მაგნიტურ დღეს ან მთვარეობას შეგიძლია, – გარემო აქტიურობისთვის რომ გფიტავს და შიგნით იკეტები.
ისეთი ამინდია, მეგობრებთან წასვლას დაგაზარებს, კიდევ უფრო მიუახლოდები გამათბობელს და წერ.
წერა კი შეიძლება სახლშიც და გარეთ.
ამას წინათ გარეთ ძველ ლექტორს შევხვდი:
ჩინეთის სკოლებში შემოქმედებითი წრეაო გახსნილი: მწერლების პირადი დეტალების გავლით, ეპოქის სულიდან დაწყებული სტილისტური წყობით დასრულებული, ასწავლიან სხვადასხვა მწერალს.
საკონტროლო წერისას კი მათნაირად დაწერას სთხოვენ:
“დაწერე ისე, როგორც დაწერდა ჯოისი გლობალურ დათბობაზე”,
“დაწერე ისე, როგორც დაწერდა კაფკა დაბალ პენსიებზე” და სხვ.
პლაგიატი.
შენ დაგიწერია პლაგიატით?
სინამდვილეში, ამაში ცუდი არაფერია: ცდილობ ბოლომდე შეხვიდე მწერალში, გახსნა ის და შენს თავზე განიცადო სხვა.
მერე რა, რომ ჩინურად, მთავარია არ აითქვიფო. ალბათ.

თქვენი არ ვიცი და მე წიგნის წაკითხვამდე ძალიან მხიბლავდა ავტორის პირადის მოძიება.
წიგნის კითხვა ისტორიის გარეშე რიზომული კონტაქტია.
ამასობაში გავიგე, რომ ტერენტი გრანელი ომში ყოფილა, “მემენტო მორი” კი საბჭოთა ხელისუფლებას მიუძღვნა, ცოცხალი ადამიანები მიწაში რომ ჩამარხა:
ამდენი სხეულისგან თურმე მიწა იძროდა. ის კი საფლავებთან საათობით მდგარი, ტიროდა და მერე უთქვამს: სიკვდილი არც თქვენ აგცდებათო.
ტერენტი აუცილებლად იქნებოდა ბლოგერი.
დღიურად გაგვაცნობდა პირად ცხოვრებას. იწუწუნებდა: “აქ სხვები წერენ ქალის ფეხებზე, მე კიდევ ვუწერ უსაზღვროებას”.
მისნაირად რომ მეწერა, შევეცდებოდი გარკვევას, სად მთავრდება უსასრულობა.
სამაგიეროდ, მოთხრობებს ვერ ამთავრებდა ალ. ყაზბეგი.
სულიერად იყო ავად. წერდა და წერტილს ვერ სვამდა.
აი, უბრალოდ ვერ ამთავრებდა.
იმასაც ამბობენ, არავის დარჩენია ამდენი დაუსრულებელი ნაწარმოებიო.
მისნაირად რომ მეწერა, თუთიყუში რომ ყავდა, მოთხრობაში მის დიალოგებსაც ჩავურთავდი. გამოვიდოდა თითქოს ორი პიროვნება წერდა. ახლა მოდაშია ისტერიები.
ისტერიისგან შორს იქნებოდა ვაჟა.
იცი, სტალინისთვის გაურტყამს.
ჰო, ოღონდ სტალინი ჯერ ბავშვი იყო. ვაჟა სკოლაში მუშაობდა.
ისე გაარტყა, კიბიდან გადავარდა.
მერე საბჭოთა კავშირში კაი ხნით ვაჟას სწავლება აკრძალული იყო.
მე რომ მისნაირად მეწერა, აუცილებლად გამოვიდოდი წიგნის, როგორც ქაღალდთა კრებულის, წინააღმდეგ.
მწვანეთა რიგებში ჩავეწერებოდი და დავწერდი ხეებზე, რომლებსაც აჩანაგებენ მორიგი წიგნის ან ჟურნალის შექმნისთვის.
დავწერდი ხეზე, რომელსაც ჩეხავენ, ფართო მკრედიანი ქალი რომ დაახატონ.
ან თუნდაც ხეები დაახატონ და დაწერონ: “ტყე შეუნახე მამულსა”.

რა კარგი გამოგონებაა ქინდლი.
არც ხეს ჭრი, ისე კითხულობ.
რა კარგი გამოგონებაა გაზი.
არც ხეს წვავ, უბრალოდ თბები.
ძველ დროში როცა გაზეთის ან წიგნის რამდენიმე ეგზემპლარი გამოდიოდა, ახლა ათასობით ტირაჟით იბეჭდება.
მალე ხეზე შექმნილი პერიოდიკაც იწყებს გაქრობას.
მეგობრების მოთქმა კი წიგნის ვირტუალური სისტემით ჩანაცვლებაზე, ცაცხვების რომანტიკას გავს, რომ ქინდლს გადაფურცვლისას სუნი არ ასდის, რომ ნამდვილი წიგნი ქაღალდისაა და ა.შ.
როცა მათ ვეკითხები, რატომ ურჩევნიათ ქაღალდის ვარიანტი, პასუხობენ, რომ ხიბლი აქვს. ეს კი ისეთი პასუხია, გოგონებმა მონარქიაზე რომ მიპასუხეს: რომანტიკულია, წარმოიდგინე პრინცი და პრინცესა, როგორც ზღაპრებშია..

9 responses to “ქინდლის რომანტიკა

  1. კაი რა,ძველი წიგნის გაყვითლებულ ფურცლების და მათ სუნს ქინდლი ჯობია? :დ
    “ტერენტი აუცილებლად იქნებოდა ბლოგერი”–ამაზე გემრიელად გამეცინა :დ
    საბოლოო ჯამში მშვენიერი პოსტი იყო :))

  2. მჯობზე არაა,
    ამის დაწერა გადამაწყვეტინა სტატისტიკების ნახვამ.
    ცნობილი ჟურნალების ერთი ციკლის გამოშვებას მთელი ტყის გაჩეხვა უნდა. წარმოიდგინე ახლა წიგნის..
    ქინდლი კი იოლი გამოსავალია არაფერი ზიანდებოდეს..

  3. რა არაჩვეულებრივი პოსტია, ტყუილა კი არ გავატარე დილის 10 საათიდან 4 საათამდე პერიოდი აქ, ნუ გავატარე რა, შემოვედი სამსახურში მოსული და ვერ მოვიცალე წასაკითხად, არც გასვლა მინდოდა და გავხსნიდი ხოლმე (მოკლედ!)…
    იცი რა ნაცნობი იყო მწერალში შესვლა, უაზროდ დიდი სიამოვნებაა ამის კეთება, თან საკუთარი თავი ორმაგად მოგწონს, როდესაც იჩემებ შეუდარებლად ვაკოპირებ მის წერის სტილსო.
    მირზა გელოვანი აუცილებლად იქნებოდა ბლოგერი და თავის დას წერილებს ბლოგიდან მისწერდა ხოლმე. ასე დაიწყებდა დაო როენა! იტყოდა, რომ უკრაინაში ისეთი ქალები ნახა საქართველოს რომ არ დაესიზმრება.
    აქ დატოვებულ ადამიანს მოუხდიდა წინასწარ ბოდიშს ვერ დაბრუნების შესაძლებლობის გამო და მერე მისი მეგობრები დაწერდნენ ბლოგზე მირზა გარდაიცვალაო.
    ლადო ასათიანიც ბლოგერი იქნებოდა, ჭლექზე დაწერდა, აბასთუმანზე.
    ირაკლი ფარჯიანიც იქნებოდა ბლოგერი, ნახატებზე მუშაობისას გაყინულ სახელოსნოში დაჯდებოდა ლეპტოპთან და დაწერდა ვკვდებიო, შემდეგ თავისი ახალი ნამუშევრის სურათს ატვირთავდა და მე დავალაიქებდი.

    ქინდლი არაჩვეულებრივი რამაა, თავი ვერ მოვაბი შეძენას თუმცა იმედიანად ვუყურებ თებერვალს. თუმცა საყვარელი ავტორების წიგნების კოლექციები, რომ მაქვს ეს სხვანაირად მიყვარს, ალბათ ამას კოლექციონერობა ქვია რა ვიცი.

    ჰო ტერენტი, რა არაჩვეულებრივი იქნებოდა ტერენტი ბლოგერი რომ ყოფილიყო, იმ დღეზე დაწერდა “ნიფხვის ამარა” რომ გავიდა ქუჩაში და შალვა დადიანი, რომ შემოხვდა:

    “დღეს შალვა დადიანი შემომხვდა და
    მითხრა: ჩაიცვი, ყმაწვილო, ჩაიცვი!..
    ძვირფასო შალვა, არამცთუ კაცმა, –
    ბავშვმაც კი იცის ჭამა და ჩაცმა.
    შენ სიღატაკეს არ იცნობ ალბათ,
    რომელიც არის პატარა ჯვარცმა.”

    მე ისევ დავალაიქებდი.

    რა მაგარი პოსტი იყო!

  4. ჰომ, “დავალაიქებდით”. კომენტარები წარმოიდგინე. იქვე გალაკტიონიც მოათავსე, ყოველთვის ბევრი მნახველი რომ ყავს. ტოპის ლიდერი იქნებოდა.

    კომენტარი ჩემი პოსტის მშვენიერი გაგრძელება იყო 🙂

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s