ზოგჯერ მიაგნებ კანს , ისე, სისხლის გარეშე, რომ უბრალოდ აიღო და ჩაიცვა ძვალზე, ყოველგვარ სიმბოლოებს მოკლებული და იცხოვრო, თითქოს გრიმი გეკეთოს. გრიმსაც რა უნდა: რამდენიმე ადგილის ჩამუქება/გაღიავება და ახალ ნაკვთებს ქმნის.
“Charmed”. ასე ერქვა სერიალს, 10 წლის წინ გადიოდა. მაგია. დემონები. ავატარები. პერსონაჟებმა რიტმული შელოცვით გარეგნობა შეიცვალეს. მომინდა მეც. იმის მერე იმ ქალებს დავუწყე თვალიერება, როგორადაც გახდომას ვისურვებდი ელექსირი რომ აღმომეჩინა. სხვანაირად რომ ვთქვა, ჩემს პოტენციურ კანს ვეძებდი სხვაზე.
გავიზარდე, იმდენად, რამდენადაც წლების გასვლა გაზრდად ითვლება. ამასობაში, მკვდრები ცოცხლებს ადგილს უთმობდნენ, თავად სიღრმეში ეფლობოდნენ და იგივეობით შემეცნებული სამყარო ახალ იგივეობას გვპირდებოდა. მეც სამუშაო მემატებოდა. განსხვავება ისევ ცვალებადობის საწყისი ხდებოდა. შევიცვალე. ზოგი გარემოს “მეთი” ხედავდა. ხოგი – მეორე ან მესამე პირით.
არ ვიცი ჩემს მესამე პირს რა ჰქვია. იმ კაფეში დადის ეს თვეა, სადაც მე. სულ სამჯერ ვნახე. გრძელი ქერა თმა აქვს, ოდნავ გახუნებულზე თუ შეატყობთ, რომ შეღებილი აქვს. თმას კისრიდან ხშირად იწევს, წიგნებით დადის. მაგალითად, მეორედ ლექსებს კითხულობდა. იმდენად გამხდარია, ტანსაცმელში ძვრება. თხელი ტუჩები და მკერდი აქვს, მაგრამ დიდი წამწამები. რაღაცით ანიმეს ჰგავს. ეს ტყავი მინდა მეთქი, გავიფიქრე.
– ხედავ იმ გოგოს, იქით რომ ზის? – ვანიშნე იქვე მჯდომ მეგობარს. გაკვირვებული დამტოვა პასუხმა:
– შენ გგავს.
აქამდეც მითქვამს და გავიმეორებ, რომ ამ ბლოგზე საკუთარ თავს ხშირად ვპოულობ, არაჩვეულებრივად გადმოსცემ იმას რაც ჩემთან ძალიან ახლოსაა.
ამიტომაა დაბარებულივით რომ მოვაშურებ ხოლმე აქეთ.
გამოხმაურება: მეო | Merz AnnA Blume