მუნჯი

ვიცნობ ადამიანს, რომელმაც იმდენი ხატა, რომ დამუნჯდა.

ვიცნობ, მაგრამ არასდროს მინახავს, მხოლოდ ფოტოებზე და მის შესახებაც გადმოცემით ვიცი.

შლაპები უყვარდა. გვიან იქორწინა, გარიგებით.

მხატვარი იყო. ცნობილი ტილოების ზედმიწევნით ასლს აკეთებდა და საბჭოთა პლაკატებს აფერადებდა.

შვილი რომ შეეძინა, მთელ თამასუქს ოჯახსა და სამხატვრო წიგნებზე ანაწილებდა.

მთელი დღე საღებავებთან მუშაობდა. საღამოობით კი სუფთა ჰაერისთვის ვაკის პარკში გადიოდა.

ხველა რომ აუტყდა, ექიმთან წავიდა, გავცივდიო. სიმსივნე ჰქონდა. გაიკეთა ოპერაცია. ხორხი ამოაჭრეს. მისი კომუნიკაციის საშუალება ქაღალდი იყო.

ერთხელ, როცა ფანჯრიდან ქრისტე დაინახა, ღრუბლებიდან დაბლა რომ ჩამოდიოდა, ხრიალი ატეხა. ოჯახის წევრებმა მოირბინეს. პირჯვარი გადაიწერეს და ლოცვა დაიწყეს. აქამდე არასდროს ენახათ ქრისტე.

ცოლმა, ასეთ დროს სურვილი უნდა ჩავუთქვათო, ქალიშვილის გათხოვება და შვილიშვილის გაჩენა ჩაუთქვა. მერე სულ ნანობდა, ქმრის გამოჯანმრთელება როგორ არ ვთქვიო. ეს სინანული საფლავში წაიღო.

მანამდე კი ქმარში სიმსივნის მეტასტაზები წავიდა. ტკივილს მორფიც აღარ უყუჩებდა და თავს კედელს ურტყამდა: მოვკვდე! მოვკვდე!

მერე შვილი გაუთხოვდა, არ მინდა მამა ისე მოკვდეს, შვილიშვილს არ ეღირსოსო. ბავშვი მაინც არ უჩნდებოდა. ვიღაც უცნობს ქუჩაში გაუჩერებია, სანამ მამა არ მოგიკვდება, შვილი არ გეყოლებაო.

მოკვდა. შემდეგ თვეს ჩავისახე.

ყველას ეგონა, რომ ბიჭი ვიყავი. გაჩენისას ცისფერი ტანსაცმელი დამხვდა. ნათლობისას სულ ვიცინოდი. მღვდელმა, ბედნიერი გაიზრდებაო.

რომ წამოვიზარდე, ბებია მუხლებში ჩამისვამდა და მეუბნებოდა, რომ საიდუმლო ბლოკნოტი ჰქონდა. ყველა ნათესავის სიკვდილის თარიღი აქ ეწერა. მისი სახელის გასწვრივ კითხვის ნიშანი ესვა. თარიღი მიმიწერეო. ვუყურებდი მის უცნაურ წვრილ და წითელ ხალებს. მინდოდა ასეთები მეც გამჩენოდა.

მერე ჩემი ძმა გაჩნდა. ბებია რომ გარდაიცვალა, მოვნათლეთ. მშობლებს ბლოკნოტზე ვუთხარი. არც კი ვიცი, საიდან გამახსენდა. რიცხვი ჩაწერეს და ჩაატანეს. მინდოდა, მე დამრჩენოდა.

მერე ისე მოხდა, რომ ფული დაგვჭირდა. ჯერ ბაბუის წიგნები გავყიდეთ. უნიკალური ეგზემპლარები ყოფილა. ბოლოს – სარდაფი, სადაც მისი ნახატები ინახებოდა. არ ვიცოდით ნახატებისთვის რა გვექნა და დავწვით. ცეცხლიდან ვიღებდი რჩეულ ნახატებს.

მერე ერთი ქალი მოვიდა, ბაბუის გამოფენის გაკეთება გვთხოვა. დედა ატირდა. თითქმის არაფერი ჰქონდა მამისგან. მხოლოდ ის სურვილი, ქრისტეს რომ ჩაუთქვესო.

ერთი გადაცემა იყო, ტურისტული გიდი საქართველოში. ბაბუის ფოტო აჩვენეს, მისი წინაპრების შესახებ მოყვნენ, ჩვენი ნათესავიაო. არ ვიცი ვინები არიან, გაცნობა მომინდა.

გავიზარდე. ნელ-ნელა წითელმა წინწკლებმა დამაყარა ტანზე ხალებად.

მეგობარმა ერთ-ერთ სოც.ქსელში დამიდო ფოტო, კაცის ყელი რომ გაიხსნა და იქიდანაც მუნჯი თევზი გადმოვიდა. მაშინვე ჩემი სკაიპის ნიკი გამახსენდა (თევზი). და რატომღაც ბაბუას დავუკავშირე. მე და ჩემს ძმას ცუდი მეტყველება გვაქვს. ვბორძიკობ. ხშირად დღეები გადის, არაფერს ვამბობ. მისგან არაფერი დამრჩა. სიჩუმე მხოლოდ. მუნჯებიც მეტყველებენ წერისას.

One response to “მუნჯი

  1. გამოხმაურება: ბებიები « merzannablume

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s