არავითარი პლატონი კვერცხით


ეკლესიამ რაც არ უნდა ამტკიცოს, რომ ბევრი შეკითხვა ჯოჯოხეთის გზაზე წაგვიყვანს, ჩემი აზრით, სამოთხეში ცნობისმოყვარეები ხვდებიან. ამას თავგამოდებით ვამტკიცებდი, ისინი კი მიმტკიცებდნენ, რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებდა. არა, დედამიწას ატრიალებს ცდა. ერთი მეგობარი გამოეყო და მითხრა: შენ სიყვარული არ იცი. სუსტი პირველადი რეაქციები მაქვს. უბრალოდ პასუხის გასაცემად გრძელი მონოლოგი მოვამზადე, როგორ შემიძლია მიყვარდეს და დაველოდე მორიგ შეხვედრას.

შვედურ არმიაში ცნობილი მისასალმებელი სიტყვები იყო: სიკვდილის მერე მოხვდებით სამოთხეში, მაგრამ მანამდე ჯოჯოხეთი გაიარეთო. ახსნა, როგორ ყალიბდებოდა ჩემი წიგნი, მარტივია. მეტიც, სულ მაინტერესებდა სირთულეს რატომ მიაწერენ ადამიანებს, ალბათ სირთულის მიმართ მარტივი აღქმის გამო. დარღვეული თანაფარდობა გვაიძულებს, გამოვიგონოთ.

მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინე, რომ ჩემი ფონი იყო, კუნთები დავჭიმე და თვალიერება დავიწყე. გავიცანი. თუ ჩემი ცხოვრება კედელია, ის, მასზე გაკრული ქაღალდი იყო, ვფურცლავდი, ვკითხულობდი. სხვა წიგნებთან ერთად, ფონად. მოჩვენებად გადამექცა. არასდროს ვიცოდი კონტაქტში როდის შემოვიდოდა. სუროგატი სამოთხე ჰქონდა. ასე ამტკიცებდა და ავტოსტოპით მგზავრობდა განზომილებებში, გადაჭარბებით რომ არ შეეფასა ცხოვრებისეული გამოცდილება. მეც თავგადასავლების გამო მიყვარდა, – უხერხული დუმილი რომ იდგა ბევრი სათქმელისგან.

ის იმდენად უარყოფითია, ხანდახან მაშინებს. ცუდი და კარგი თუ ურთიერთშეთანხმებით ფასდება, მას შესახამებელი არაფერი აქვს. ყოველთვის ვეძებდი მასში ღირებულს. ვაჯანჯღარებდი, კარგი რა გაქვს მეთქი. მესმის, ნაკლი ისე გამოიყენო, რომ ხალხი აღფრთოვანებაში მოვიდეს. ესეც არ ჰქონდა. ყველაზე უარყოფით თვისებებს ყველაზე უარყოფითად იყენებდა. თუ რამე დადებითი გამოუჩნდებოდა, მასაც – შემზარავად.

არც ლამაზი იყო, არც – ჭკვიანი, ხასიათიც არ ჰქონდა კარგი. ვერ დავასახელებ მორალს, რომელსაც არ გადაუხვევდა. საკუთარ სიბოროტეში მოსაბეზრებელიც კი იყო. ასეთი სიძულვილის ნაზავი მიყვარდა. მერე და როგორ მიყვარდა, ჩემს ფონად ვაქციე. ნებისმიერ საქციელს თან რომ სდევდა. საქმე ისაა, რომ ნაკლშიც კი არ იყო იდეალური. და ამ არაიდეალურობით, ჩემთვის უნიკალური. მომწონს ის შეგრძნება, რომ ერთადერთ ეგზემპლარს ვფლობ. ვფლობდი.

საქმე ისეც იყო, რომ ეს ცოდვებით აწყობილი მექანიზმი სხვებსაც უყვარდათ. იმიტომ, რომ ხშირად იცვლებოდა. თანაც ისე, რომ მის ცვლილებებში ერთფეროვნებაც არ მაკვირვებდა. უფრო იმიტომ, რომ ასწავლიდა. ერთმანეთიც სწავლის პროცესში გავიცანით. ჩემი სქელტანიანი წიგნი იყო, რომელსაც ფურცლები გამუდმებით ეკლდა და იძულებული გავხდი, მწერლობაც შემეთავსა.

გადავწყვიტე მომეკლა. ვხედავდი მის ეკლისგან დასერილ კანს, ძილისგან რომ გაშეშებოდა. თითქოს სპეციალურად მოთავსდა ჩემს წინ, მე რომ დამეჭრა. ვუყურებდი სარკესთან მდებარე დანას და მინდებოდა არ ეარსება. თითებით ვფხაჭნი მის კისერს ყურის ქვეშ და კბილებით მისი ფილტვების ადგილს. გაეღვიძა და ჩამეხუტა. დავიძინეთ. მუჭებში შემრჩა მისი აფხეკილი კანი. მიყვარდება ის, ვინც ჩემი სისუსტე იცის. იცოდა და იყენებდა. და როცა მივაგენი მისი მოკვლის საშუალებას, ჩამეხუტა და დამაძინა. გაიღვიძა და მითხრა: დავშორდეთ.

მიყვარს ის, ვინც მიცნობს. იცის, როგორ დამიშავოს ან პირიქით. მიყვარს ის, ვისთანაც ვსწავლობ. მივედი მეგობართან და ვუთხარი: ჰო, მე სიყვარული არ ვიცი, სიყვარულის ინტერესი მაქვს. და მერე ვინ თქვა, რომ ცნობისმოყვარეობას მეტი სიმძაფრე არ აქვს. ან წიგნის ბოლომდე ჩაკითხვის შემდეგ, აუცილებელი არაა მოგბეზრდეს. მოჩვენება მთლიანობაში დაგდევს, არა მხოლოდ დაუსრულებული საქმისთვის, თავის წევრად გთვლის. იმისთვის, რომ მეგობარმა დამიჯეროს, რომ აზარტი არაფერ შუაშია, ვამბობ, რომ თუ კულტურა არის ის, რაც გრჩება წიგნის წაკითხვის შემდეგ, სიყვარული არის ის, რაც რჩება ადამიანის წაკითხვის შემდეგ.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s