მიცვალებულმა გულიდან ხელები ჩამოსწია. ჯერ – ერთი, მერე – მეორე. გადაბრუნება ცოტა გაუჭირდა, ხერხემალი ყოველთვის აწუხებდა ბავშვობაში აწეული კარადის გამო, რომ წაიქცა და დაიზიანა. იმ დროის მერე ბევრი რამ მოხდა. კარიერაო, ქორწილიო, შვილები და შვილიშვილებიო. მაინც ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. ქმარს ისე გაუღიმებდა ხოლმე, ვარამს დაავიწყებდა, მაგრამ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ჯერ ქმარი გაისტუმრა, მერე უფროსი შვილიშვილი დაეღუპა, წლისთავს არ დასცალდა და სიკვდილი გადაწყვიტა. ვერ ვიტყვი, რომ მოულოდნელი იყო. შემზადებულნი დახვდნენ მის გასტუმრებას. უფროს ვაჟს ხელფასი აეღო. თითქოს ელოდაო, საბრალო, ჩაწვა ლოგინში და მას მერე აღარ გაუღვიძია. ახლაც ხელებს მოკრძალებით აქანავებს, სხვისი შეწუხება არ უნდა. მუნჯი იყო და მუნჯად მოკვდაო, რძლებმა, სასახლესთან რომ ჩამწკრივებულიყვნენ და მომლოცველებს იღებდნენ. ყველაზე მეტად მაინც ბაბის დასწყდა გული. უმცროსი იყო შვილიშვილებს შორის და შუათანა ქალს გაეჩინა. წლისაც კი არ იყო გამხდარი და თითქოს რაღაცას გრძნობდა, მეამიტური თვალებით რომ უყურებდა მოფუსფუსე ოჯახს. ოდნავ ხმაურს შეეკრთო, მეტ დრამატიზებას რომ მატებდა სიკვდილს. სიკვდილს. ხმაური კი სულაც არ ეპიტნავებოდა მიცვალებულს, ჩამოფარებულ ზეწრებს რომ ადევნებდა თვალებს და სულ ვაი-ვუის გაიძახოდა. მეორედ მოვლინების არასდროს სჯეროდა. მაინცდამაინც არც აპირებდა. გრძნობდა, როგორ დებდნენ სიღრმეში, ჩითის კაბის ქვეშ ეფერებოდნენ ჭიანჭველები. ოქროს ჯვარი ეკეთა, შეაწუხა და მოიხსნა. მორალი: არ დამასაფლავოთ.